ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან უყვარდა, ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრებისას. იმდროინდელი საუკეთესო მოგონებები გალის რაიონს უკავშირდება. ხელოვნების სიყვარულის მიუხედავად, რატომღაც საქონელმცოდნის პროფესია აირჩია. შემდეგ ომი დაიწყო და მისი ოჯახიც თბილისში ჩამოვიდა.
თოჯინების კეთება წელიწადია, რაც დაიწყო. ამბობს, რომ თოჯინების კეთება მისი საყვარელი საქმეა და პაერსონალური გამოფენის გამართვაზეც ფიქრობს. – მეთოჯინე რიტა შამუგიას პერსონა.
– თოჯინების შექმნა გვიან დაიწყეთ…
– ძალიან მიყვარს ხატვა და ძერწვა… თავისუფალ დროს ხშირად თაბახის ფურცელზე ვაკეთებდი ჩანახატებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოწონებას იმსახურებდა. შარშან, დედის დღეზე, ჩემმა შვილებმა საჩუქრად პროფესიონალური სახატავი კომპლექტი მომართვეს (ფუნჯები, საღებავები, ტილო და მათ შორის, პოლიმერული თიხაც).
ტილოზე ხატვის შემდეგ, პოლიმერული თიხისგან გავაკეთე გოგონას ბიუსტი და რომ მოვხატე, მაშინ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ბიუსტისთვის სხეულიც გამეკეთებინა, ასე შეიქმნა პირველი თოჯინა, რომელსაც შესაფერისი სამოსიც შევუკერე და საბოლოოდ, ისე მომეწონა, რომ ამას მოჰყვა თოჯინებით ჩემი გატაცება.
– რას ხატავდით და ძერწავდით?
– ნახატებიც მაქვს და პლასტილინისგან გაკეთებული ნაძერწებიც, ვინახავ წლების წინ გაკეთებულ გოგონას ორ ბიუსტს.
– ბავშვობა აფხაზეთში გაატარეთ…
– ჩემი ბავშვობა აფხაზეთს უკავშირდება, ძალიან ლამაზი და ბედნიერი ბავშვობის წლები გავატარე ჩემს მშობლიურ კუთხეში, გალში, რომელიც ახლა ოკუპირებულია და დღეს ჩემთვის იმ ბედნიერი წლების გახსენებაც მტკივნეულია.
– მაშინდელი ნახატებიდან რომელს გამოარჩევდით?
– იქაური პეიზაჟი დავხატე. ეს ადგილი ჩემი მეუღლის სოფელშია, ჩხორთოლში. ამ მდინარეს რეყეს ეძახიან.
სხვათა შორის, ძალიან მჭიდროდ დასახლებული სოფელია და იქ დღესაც გვერდიგვერდ მეგობრულად ცხოვრობენ ქართველები და აფხაზები.
– ეს ნახატი როდისაა შესრულებული?
– 3-4 წლის წინ, მაშინ ზაფხულობით ჩავდიოდით აფხაზეთში მეუღლის ოჯახი ცხოვრობდა და ახლაც იქ ცხოვრობს მეუღლის დედა. ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ.
– ხელოვნების ნიჭი გქონდათ და საქონელმცოდნეობა რატომ აირჩიეთ?
– იმ დროს ეს პროფესია უფრო მოთხოვნადი იყო, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს პროფესია არც მაშინ მხიბლავდა, მაგრამ ოჯახის საერთო გადაწყვეტილებით ასე გამოვიდა.
– თოჯინებიდან რომელიმეს შექმნა რაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
– ჩემს ბავშვობაში, როცა აფხაზეთში ვცხოვრობდით, თოჯინების კოლექცია, უამრავი კარგი თოჯინა მქონდა.
სანამ აფხაზეთს და ჩვენს სახლს დავტოვებდით, დედაჩემი საოჯახო ნივთების გადარჩენას ცდილობდა და ყუთებში ჭურჭელს და სხვადასხვა ნივთს ალაგებდა, იმ დროს სამი დიდი ტომარა აუვსია ჩემი თოჯინებით და ავტოფარეხში შეუნახავს (მე და ჩემი ძმა უკვე ზუგდიდის რაიონში, ნათესავთან ვიყავით).
ამის მერე ის თოჯინები თვალით არ მინახავს. იმ დროს არც ისეთი პატარა გოგონა ვიყავი, რომ თოჯინებზე მედარდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა, ეტყობა ბავშვობისდროინდელ იმ თოჯინებზე ნოსტალგიამაც გამოიწვია ჩემი თოჯინების კეთებით გატაცება.
შექმნისთანავე იმდენად ახლობელი ხდება, როცა მეკითხებიან, ხომ არ გაყიდითო, ვერ ვიმეტებ, არ ვიცი, როდისმე თუ შეველევი მათ.
ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს თითოეული თოჯინის შექმნა, სულ ვცდილობ, დადებითი მუხტი ჰქონდეთ ჩემს თოჯინებს და დადებით ემოციებს იწვევდნენ.
– სახელებს თუ არქმევთ თოჯინებს?
– სახელების შერჩევა ცოტა გამიჭირდა… (ბიჭების დედა ვარ და გოგოს სახელებზე არც მიფიქრია).
„არტი და კრაფტის” ჯგუფში რომ დავდე ბოლო ორი თოჯინის ფოტო, დავწერე კიდეც „ჯერჯერობით სახელები ვერ შევურჩიე, თქვენ რას დაარქმევდით-მეთქი“… უამრავი ქართული და უცხოური სახელი შემომთავაზეს, ალბათ უფრო ქართულ სახელზე გავაკეთებდი არჩევანს.
– რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?
– პოლიმერულ თიხას, ფოლგას, მავთულს, სინტიფონს, აკრილის საღებავებს, ტექსტილს…
– რა გჭირდებათ შთაგონებისთვის?
– თოჯინის კეთებისას დროს ჩემთვის პირველ რიგში მთავარია განწყობა, ასევე აუცილებელია სიმშვიდე და სიმყუდროვე.
– გამოფენები…
– აქამდე ვფიქრობდი, რომ ისეთი არაფერი შემიქმნია (თან ირგვლივ არავინ მყავს, ვინც ამ საკითხში რჩევას მომცემდა), მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას თუნდაც ჯგუფურ გამოფენებში.
– გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე, მათაც უყვართ ხელოვნება?
– უფროსმა ვაჟმა: გიორგი თორდუამ 2016 წელს დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, იმავე წელს ჩააბარა თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაში. უმცროსი ვაჟი – თორნიკე მეთერთმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლეა, ოქროს მედლის კანდიდატია (არ მოეწონებათ ჩემს შვილებს, მათი ქება რომ გამომდის, მაგრამ სიმართლეა).
– დაბოლოს, სურვილები, ჰობი და სამომავლო გეგმები…
– თოჯინების კეთება ჩემი საყვარელი საქმეა, მსურს, უფრო დავხვეწო ჩემი ნამუშევრები, რომ შემეძლოს პერსონალური გამოფენის გამართვა და მქონდეს ჩემი სახელოსნო, სადაც მსურველებს შევასწავლი კიდეც ამ საქმეს.
თამარ შაიშმელაშვილი