ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამომრჩევლის აქტივობა ცხადყოფს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმას და არჩევნების გეგმიურ ჩატარებას კორონავირუსის პანდემიის რთულ პირობებში.

ბალტიის ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამომრჩევლის აქტივობა ცხადყოფს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ხალხი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს.

“საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტული, და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები და დემოკრატიული სტანდარტები დაცული იყო, თუმცა იყო ზოგიერთი დარღვევები და ინციდენტები, რომლის გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება, ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გაითვალისწინონ საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებები, უზრუნველყონ მეორე ტურის ორგანიზება, რომ მომავალი შედეგები არანაირი ეჭვს არ იწვევდეს“,- აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

„ახალმა საარჩევნო სისტემამ დემოკრატიული პროცესის მიმართ მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების ნდობა გაზარდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო სისტემის სამომავლო გაუმჯობესება საშუალებას მისცემს პოლიტიკურ მოთამაშეთა უფრო ფართო წრეს, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები.

ვიმედოვნებთ, რომ მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული უმრავლესობა დაუყოვნებლივ გაატარებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კერძოდ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გზით. ლიეტუვა მზადაა, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ადვოკატირებას“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები