„ისევ ჩემმა თოჯინებმა მიშველეს“ – პიერო, პანდემია და… გამოუსწორებელი ოპტიმისტის სურვილები

დამთავრ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ახელმწიფო ნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. თუმცა ბავშვობიდან უყვარდა ხატვა და ძერწვა.
25 ელი მუშაობდ ნახევარგამტარების ფიზიკის ინსტიტუტში. პარალელურად კი თოჯინებს ამზადებდა და რუსთაველზე, მთავარ სალონში, აბარებდ. შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი ხნის წყვეტა გამოვიდა და 4-5 წლის წინ თავიდან დაიწყო ყველაფერი. ამ პერიოდში თბილისის ორ გამოფენაში მიიღმონაწილეობა
თვითნასწავლი  მხატვრისა და მეთოჯინის, იზო ჩიკვაიძის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მამა ფინანსისტი იყო, დედა – დიასახლისი. ოჯახში ყველაზე უმცროსი ვიყავი. მთელი ბავშვობა სკოლის დამთავრებამდე ვცხოვრობდით წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში.
ამ ულამაზეს კიბეებზე დავრბოდით და ვთამაშობდით შტაბობანას და დეტექტივობანას. მახსოვს, როგორ ვამაყობდი ამ კიბეზე დაგორების შედეგად ნაღრძობი თაბაშირიანი ხელით.
მაშინდელი ჩვენი თამაშები იყო: კლასობანა, გაშეშობანა, დაჭერობანა, წრეში ბურთი, ვისი სული გსურს…
ისე მოხდა, რომ ეზოში ჩემი ტოლებიდან მხოლოდ ბიჭები იყვნენ, ერთადერთი გოგო – ანჟელა, მუდამ შაქარმოყრილი, კარაქიანი პურით გამოდიოდა და, შესაბამისად, მასთან თამაში არ გამომდიოდა…მახსოვს დიდი თუთის ხე, რომელზე აძრომაში ბიჭებს ვჯობნიდი და კიდევ ველოსიპედებით შუა ქუჩაში ჩატარებული შეჯიბრები (იმ დროს თითოოროლა მანქანა თუ გაივლიდა ქუჩაში).
ეს ყველაფერი, ძირითადად, სკოლამდელ პერიოდში ხდებოდა.
მერე დაიწყო სკოლა, გაკვეთილები, მუსიკა, 7 წელი ვიოლინოს კლასი, ჭადრაკის წრე…
– ხელსაქმე ბავშვობიდან გიყვარდათ?
– მახსოვს, არდადეგებზე, მანგლისში დასვენებისას, ვაგროვებდი ფიჭვის და ნაძვის ქერქებს და მთელი დღე დანით ვთლიდი სხვადასხვა ფიგურას. 10 წლისას მამიდამ ქსოვა მასწავლა და დღემდე ვქსოვ. კერვა შემიძლია, მაგრამ არ მიყვარს.
ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ახალი, დიდი, ბაფთიანი სახატავი ალბომი  (ასეთივე პატარა ალბომებიც იყო!) და ასფანქრიანი ფერადი ფანქრების კოლოფი მქონდა. საკმაოდ კარგად ვძერწავდი პლასტილინით.
– ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ. რატომ აირჩიეთ ფიზიკა?
– მახსოვს, ბიძაჩემი – არქიტექტორი მ. ჩხიკვაძე მეუბნებოდა, ყოჩაღ, შენ ისე ხატავ, აკადემიაში, არქიტექტურულზე თავისუფლად ჩააბარებო. რატომღაც ისე მოხდა, რომ სამწუხაროდ, ოჯახმა მნიშვნელოვნად არ ჩათვალა ჩემი გატაცება და შესაბამისად, მე ამ გზას არ გავყევი. ეს ალბათ ჩემი პასიურობის ბრალიცაა. დღესაც ვერ ვხვდები, რატომ ჩავაბარე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი უფროსი და-ძმა ფიზიკურზე სწავლობდნენ და მეც მივყევი დინებას, თან  სკოლაში კარგად ვსწავლობდი და უპრობლემოდ ჩავაბარე ყველა გამოცდა. თუმცა არ ვნანობ, სტუდენტობისას და ნ/გ ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობისას უამრავი საუკეთესო მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
– 25 წელი ნახევარგამტარების ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდით, ამ პერიოდში თუ აკეთებდით თოჯინებს?
– ამ პერიოდშიც ვაკეთებდი თოჯინებს, მეტწილად – ეთნოგრაფიულს. მქონდა ბევრი შეკვეთა. ვაბარებდი რუსთაველზე არსებულ მთავარ სალონში. თუ არ ვცდები, ეს სალონი თემურ ხუციშვილს ეკუთვნოდა. იქვე ვაბარებდი ნაქსოვ წინდებს და პაჭიჭებს ხევსურული და თუშური ორნამენტით. ამ კუთხით, ეს პერიოდი საკმაოდ წარმატებული იყო ჩემთვის. შემდეგ, სამწუხაროდ, ეს სალონი  დაიხურა.
ორ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა. რა თოჯინები დაამზადეთ გამოფენისთვის?
2018 წლის 21 მარტს, მეთოჯინეების საერთაშორისო დღეს, თბილისის თოჯინების თეატრში გაიმართა ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა. რამდენადაც მახსოვს, გამოფენაზე ოცდაათამდე მეთოჯინემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მეც წარმოვადგინე ჩემი სამი ხელნაკეთი თოჯინა. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა.
2019 წლის 2 ნოემბერს კი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, გაიხსნა ხელნაკეთი თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი – Art-Doll Tbilisi, სადაც გამოიფინა ქართველი და უცხოელი მეთოჯინეების საავტორო თოჯინები. ფესტივალზე საქართველოს მიერ წარმოდგენილ ოც მეთოჯინესთან ერთად ჩემი სამი სააავტორო თოჯინაც იყო.
– როგორ ამზადებთ თოჯინებს, შთაგონებით, თუ რომელიმე პერსონაჟის მიხედვით? სახელებსაც არქმევთ?
– თუ შევადარებ ჩემ მიერ წლების წინანდელ და ბოლო 4-5 წელში შექმნილ თოჯინებს, კეკლუცობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ აშკარად უკეთესი შედეგები მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ პროფესიონალ მეთოჯინემდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. ალბათ, ასეთი მიდგომა საქმისადმი კარგია.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოფენა

თოჯინის კეთების დაწყებამდე დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს, რა მინდა გავაკეთო. თითქმის ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც ჩავიფიქრე, მაგრამ ყოფილა ისიც, რომ დიამეტრალურად შემიცვლია თითქმის მზა თოჯინა.
მე ვარ თვითნასწავლი მეთოჯინე და დღევანდელ, თუნდაც მოკრძალებულ შედეგს მივაღწიე მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული რესურსებით და შემდგომი ცდებით. მასალის და ტექნოლოგიის ძიებით და, შესაბამისად, მრავალი ღამისთევით.

პიერო

თოჯინაზე მუშაობისას ჩემთვის ყველაზე საყვარელი პროცესია მისი შემოსვა, მორთვა და მოპრანჭვა. ძალიან ვნანობ, რომ სხვადასხვა გარემოების გამო მქონდა ამ საქმეში დიდი წყვეტა. სახელს თოჯინებს არ ვარქმევ.
მიუხედავად იმისა, რომ  გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, პანდემიამ და ქვეყანაში დაგროვილმა ნეგატივმა მაინც მოახერხა და საგრძნობლად გამიუარესა განწყობა. აქაც ისევ ჩემმა თოჯინებმა მიშველეს.  დიდ ძალას მაძლევენ ჩემი პატარა შვილიშვილებიც. დავაკვირდი, რომ თუ ჩემმა უფროსმა, 6 წლის შვილიშვილმა მომიწონა თოჯინა და ცერა თითითაც დამიდასტურა ეს, ის თოჯინა აუცილებლად მოწონებას იწვევს მნახველში. ამიტომ ვრჩები ოპტიმისტად და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება და რა თქმა უნდა,  „ესეც გაივლის“.
–  რომელ პერსონაჟს გამოარჩევდით?
– არცერთი თოჯინა არ დამიმზადებია რაიმე კონკრეტული ზღაპრის ან ნაწარმოების მიხედვით, თუ არ ჩავთვლით პიეროს ან არლეკინს, ზოგადად. მოწყენილი და სევდიანი პიერო არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი.
– მეუღლე მხატვარი იყო,  ხელოვანების ოჯახი ალბათ ურთიერთგაგებით ცხოვრობდით. შვილიც მხატვარია, გაგვაცანით…

ავტორი: გურამ ნავროზაშვილი

– ვერ ვიტყვი, რომ ძნელი იყო ჩემთვის ხელოვან ადამიანთან თანაცხოვრება.  ერთად გატარებული თითქმის 3 ათეული წელია ამის მაგალითი. სხვადასხვა ეტაპზე სირთულეები ყველანაირი ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, მთავარია ალბათ ურთიერთდათმობა და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.
ეს არის ჩემი მეუღლის, გურამ ნავროზაშვილის ფერწერული ტილო, რომელიც რომელიღაც გალერეამ შეისყიდა, სამწუხაროდ, ფერადი ფოტო არ ჩემოგვრჩა. ნატურა მე ვარ.
შვილი – გურამ ნავროზაშვილი (უმცროსი) არის კინომხატვარი, პედაგოგი სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე სახელოსნოში, ფოტოხელოვანი. მუშაობდა და დღესაც აგრძელებს მუშაობას როგორც სრულმეტრაჟიან, ისე მოკლემეტრაჟიან ფილმებში, დამდგმელ მხატვრად. მონაწილეობდა გამოფენებში, საქართველოში და საზღვარგარეთ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ჰობი…
– თოჯინები! მერე მუსიკა და ქსოვა….
– სამომავლო გეგმები…
– ახლო მომავალში მინდა დავამთავრო თოჯინა საშობაო თემატიკით. ვნახოთ, რა გამომივა. ჯერჯერობით, კოვიდვითარების გამო, გამოფენები თბილისში კარგა ხანს არ ჩატარდება, სავარაუდოდ, არც ტურისტები გამოჩნდებიან, ამიტომ ვეცდები, ის დავამთავრო, რაც დასამთავრებელი მაქვს და  მერე დრო გვაჩვენებს.
არ მინდა პესიმისტურ ნოტზე დავამთავრო. მინდა ისევ გავიმეორო, რომ ყველაფერი გაივლის, აუცილებლად გაივლის!

თამარ შაიშმელაშვილი

ფოტო: ნინო ჯაჯანიძე, ანი ნიქაბაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები