„მამულკა! ხომ იცი, რომ დღეს უდანაშაულო კაცს არასოდეს არ დასჯიან“ – მამა მაინც დახვრიტეს
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გიორგი კონსტანტინეს ძე ახვლედიანია.
დაბადების თარიღი: 1888 წელი.
პარტიულობა: წარსულში მენშევიკების პარტიის წევრი
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე – თბილისის პურვაჭრობის სამმართველოს საქმეთა მმართველი.
ბრალად დასდეს, რომ იყო აქტიური წევრი მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა 1935 წელს ტერორისტმა კიღურაძემ საქართველოს კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ცენტრის დავალებით, მოსალოდნელი ომის დროს უნდა მოეწამლა წყალი ნატახტარის წყალგაყვანილობაში. ამისთვის ემზადებოდა და გადაიბირა ორი ადამიანი.
ციხიდან გიორგი ახვლედიანმა შვილს მისწერა 2 წერილი:
მამულკა! ხომ იცი, რომ დღეს უდანაშაულო კაცს არასოდეს არ დასჯიან, მაშასადამე შენ დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ როგორც კი გაირჩევა ჩემი საქმე – სიმართლეც გამოჩნდება და განმათავისუფლებენ. შენთვის 14 წლის განმავლობაში ტყუილი არასოდეს არ მითქვამს, და მაშასადამე სიმართლეს გელაპარაკები: არავითარი, ერთი გრამი დანაშაული არ მიმიძღვის პარტიისა და ხელისუფლების წინაშე. ყოჩაღად იყ…”
“ზურიკ! შენი ჭირიმე, სულ ჯანმრთელად იყავი და სულ ფრიადზე ისწავლე. გაკოცეთ ბევრი შენც და დედასაც. შენი მამულკა!”
გიორგი ახვლედიანის სასამართლო გაიმართა 1937 წლის 11 ნოემბერს. იგი დახვრიტეს 25 დეკემბერს.
განაჩენის სისრულეში მოყვანის აქტს ხელს აწერენ: შინსახკომის შიდა ციხის ხელმძღვანელი – შაშურკინი; შინსახკომის შიდა ციხის უფროსის დამხმარე – ნადარაია; შინსახკომის შიდა ციხის უფროსის მორიგე დამხმარე – ტესტოვი. დოკუმენტში ასევე ფიქსირდება, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანაში მონაწილეობდა შინსახკომის მე-8 განყოფილების უფროსის მოადგილე – ქათამიძე, თუმცა მისი ხელმოწერა ფურცელზე არ გვხვდება.
დოკუმენტები დაცულია ახვლედიანების ოჯახში და საქართველოს შსს არქივში.