“საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ, ამ შოუში ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით” – თინათინ რუხაძე

საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა.

კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა, 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.

საბავშვო ევროვიზიის დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნიდან 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

კონკურსს, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

2025 წლის საბავშვო ევროვიზია კულტურის სამინისტროს, “Starring Georgia-სა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით განხორციელდა.

“საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ. დღეს 70- მილიონიანი აუდიტორია გვყავდა. ამ შოუში ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით.

ამ ღონისძიების მომზადებაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფიც ქართული იყო. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ბასა ფოცხიშვილსა და მის გუნდს, რომელმაც ეს შოუ ქართული ელემენტებით მოქარგა. მადლობა “Starring Georgia-ს” უმაღლეს დონეზე ჩატარებული სამუშაოსთვის. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით იყო შექმნილი. ძალიან ბევრი უწყება იყო ჩართული, რათა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა.

დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები