გეკა გელაძემ მცხეთა-მთიანეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები თანამშრომლებს წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული ხელმძღვანელი პირები – არჩილ მახარაძე და გურამ ზესაშვილი წარუდგინა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა მათ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გეკა გელაძემ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, სამუშაო შეხვედრებზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დანაყოფების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. გეკა გელაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.