„ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი“ ბაბუის, ილია ვეკუას  ნააზრევის კვალდაკვალ… ანუ რა აკლია ქართულ ჟურნალისტიკას?

მუსიკოსების ოჯახში  დაბადებულს მშობლებისგან დაჰყვა მისი სიყვარული, თავადაც „ნიჭიერთა ათწლედი“ დაამთავრა, მათემატიკამ კი ბაბუას გავლენით მიიზიდა… მაგრამ ბოლოს, მაინც ჟურნალისტობამ გადასძალა ორივე სიყვარულს. ბევრი დასამახსოვრებელი წუთი გამოჰყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტობიდან.

გთუნი, 2017, სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალის ZOOM-Tbilisi დაჯილდოება

1979  წლიდან უკვე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მუშაობდა. 2004 – 2005  წლებში იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.
ამბობს, რომ მთელს უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროს 22 ფაკულტეტს  ითვლიდა, მათი ფაკულტეტი იყო ნოვატორი, პროგრესული, თამამი…
დღეს კი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე და პროფესორია, მანამდე ამავე უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იყო.
უამრავი კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილე, სახელმძღვანელობის ავტორია ჟურნალისტიკაში.  დაკვირვებამ და გამოცდილებამ პროფესიონალიზმის საკუთარი ფორმულაც კი შეაქმნევინა.
ერთხანს იყო საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს  წევრი, მაგრამ როცა იქ ყოფნამ ფორმალური ხასიათი შეიძინა, დემონსტრაციულად დატოვა  თანამდებობა.
მეუღლის, პროფესორ რამაზ ლომინაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელობის ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა. – გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგის, პროფესორ მარინა ვეკუას პერსონა.

– ბავშვობა, მშობლები. ოჯახი…
– ამას წინათ, ჩემი შვილიშვილის ძიძამ მკითხა: „მარინა, სოფელი სად გაქვს?“ ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ არ მაქვს. მე მოვესწარი ჩემს ორ დიდ ბებიას – ერთი გოგონების გიმნაზიაში ხელსაქმეს ასწავლიდა, მეორე კი – მუსიკის პედაგოგი იყო, თბილისში. მოვესწარი ერთ დიდ ბაბუას – ის მთელი ცხოვრება თბილისის რკინიგზაში მუშაობდა. მათგან მათი მშობლების ამბებიც მსმენია, და ყველა თხრობა თბილისს უკავშირდება.
დედა, დალი პარკაძე – პიანისტი იყო და ახლაც არ გამოტოვებს არცერთ მუსიკალურ ფესტივალს (რა თქმა უნდა, ვირტუალურად). მამა, თამაზ ლაფერაშვილი, სახალხო არტისტი გახლდათ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბანი იყო. მე თავად „ნიჭიერთა ათწლედი“ დავამთავრე და ხომ წარმოგიდგენიათ, ბოლო კლასში რომ გამოვუცხადე, ჩემი არჩევანი „დაშორდა“ კონსერვატორიას და ჟურნალისტიკას უკავშირდება-მეთქი, როგორ დაწყდათ გული, განსაკუთრებით მამას.
– ილია ვეკუას შვილიშვილი ხართ. ბაბუასგან მათემატიკის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო… მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძეთ სწავლა… რატომ ჟურნალისტიკა და არა მათემატიკა?

გთუნი, 2017, ფოტოგამოფენა, სტუდენტის პირველი ინტერვიუ

– კი, ნამდვილად, მამზადებდნენ კონსერვატორიისთვის, მესმოდა და კარგად ვიცოდი მათემატიკა (ბოლო კლასის ჩათვლით!), თუმცა, ავირჩიე ჟურნალისტიკა, და ყველამ პატივი სცა ჩემს გადაწყვეტილებას.
ყველა შვილიშვილს შეუძლია, დაუსრულებლად ისაუბროს საკუთარ ბაბუაზე, თუ როგორი მოსიყვარულე, თბილი, გულისხმიერი… იყო ის. და არც მე ვიქნები გამონაკლისი, მაგრამ… ის თავად გამონაკლისი იყო. საოცრად ლამაზი, ახოვანი, ყოველთვის კეთილად მომღიმარე, ოდნავ მოჭუტული მარჯვენა თვალით…დიდი გაქანების, ოდნავ ბავშვურად გულუბყვრილო, კეთილშობილი და ძალიან, ძალიან დიდი ნებისყოფის მქონე…ერთნაირად გატაცებული ნიკო მარითა და ლევ ტოლსტოით, ფოტოგრაფიითა და შალაპინით, ნადირობითა და …მათემატიკით. ბოლო ჭეშმარიტ სიყვარულში გადაიზარდა.
ილია ვეკუა-ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის დამაარსებელი და პირველი რექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, არაერთი სახელმწიფო უმაღლესი ჯილდოს, ორდენისა თუ დამსახურებული წოდების მფლობელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გარსთა თეორიაში მისი ნაშრომების შედეგები დღესაც გამოიყენება კაშხლების, თაღოვანი ნაგებობების, ხიდების, საზღვაო, წყალქვეშა და საჰაერო ხომალდების მშენებლობისას.
თუმცა ჩვენი ცხოვრება მოგონებების აკიდოს წააგავს. მეც მინდა ჩემი „განებივრებული“  ბავშვობიდან ორი ეპიზოდი მოვიგონო იმიტომ, რომ ილია ვეკუა იყო  ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი ბაბუა.
1965 წელი, ციმბირი, აკადემქალაქი… ლამაზი კოტეჯი, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი… ველოდები ინგლისური ენის მასწავლებელს. პირველი გაკვეთილი უნდა დაიწყოს. მასწავლებელს არ ვიცნობ, არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მამაკაცია, დედა ინგლისელი ჰყავს, სახელად ჰქვია ტანკრეტი. მოულოდნელად ოთახში შემოდის ბაბუა, ხელში უკავია ინგლისური წიგნები. ვხვდები, რომ ჩემთვის არ არის განკუთვნილი. მე შემპირდნენ, თამაშით ისწავლიო. დიახ, მართლაც, თამაშით დავიწყე სწავლა, აი, ბაბუამ კი ინგლისელ ტანკრეტთან ყოველდღიური მეცადინეობა დაიწყო, როგორც ბეჯითმა მოსწავლემ და ეს სწავლა გაგრძელდა დიდხანს. მოგვიანებით ბევრჯერ მინახავს, როგორ სწავლობდა უცხო სიტყვებს ბაბუა მოხსენების თუ სტატიის ინგლისურად მომზადების
დროს, როგორ თარგმნიდა და ვარჯიშობდა გამოთქმაში. მან შესანიშნავად ისწავლა ინგლისური (სრულყოფილად იცოდა რუსული). ეს იყო იმის მაგალითი, თუ რას ნიშნავს მიზანდასახულობა, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება, სირთულეების დაძლევა. სხვათა შორის, მან მანქანის ტარება ისწავლა ყინულზე, დიახ, ნაღდ ყინულზე – მაშინ ციმბირში ვცხოვრობდით.
1972 წელი, თბილისი… ჩვენს ლამაზ მისაღებ ოთახში როიალთან ვზივარ და ვმეცადინეობ – ბახის კონცერტს ვსწავლობ. რომ დავასრულე, აპლოდისმენტები გავიგონე. თურმე, ბაბუა ზურგს უკან იდგა, მისმენდა და, ალბათ, მოეწონა კიდეც ჩემი დაკრული. მახსოვს მისი რეპლიკა: „თამარ (ბებიას მიმართა), ვერ გამიგია, რითი უკრავს ეს ბავშვი რიხტერზე უარესად”.  მანაც და მეც ძალიან კარგად ვიცოდით, რით უკრავდა რიხტერი ჩემზე კარგად, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მალე კონცერტი მქონდა და ასე წამახალისა. საერთოდ, სხვის შრომას ძალიან დიდ პატივს სცემდა, რითაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საქმის კეთების დიდ სტიმულს აძლევდა.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდით. რით იყო გამორჩეული თქვენი სტუდენტობა?

გთუნი, 2019, სტუდენტებთან და კოლეგასთან (ლაურა კუტუბიძე) ერთად

– პირველ რიგში – არაჩვეულებრივი პროფესურით – ცოდნით მდიდარი  და ცოდნითვე თავისუფალი, ყველა სტუდენტის  გულწრფელი გულშემატკივარი. მახსოვს, ბოლო კურსზე რომ გადავედით, ორი თვით მე და ჩემი მეგობარი ნანა ჯორჯაძე პრაქტიკაზე გაგვანაწილეს გაზეთ „იზვესტიაში“, მოსკოვში (რაც იმ დროისთვის დიდი ამბავი იყო, აკადემიური მოსწრება  უმაღლესი უნდა გქონოდა). როგორც კი დავბრუნდით, საჩქაროდ მივედით უნივერსიტეტში, ჩვენს მშობლიურ მე-6 კორპუსში დეკანისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად. ხელში გვეჭირა „იზვესტიის“ ოთხი სხვადასხვა ნომერი, სადაც დაიბეჭდა ჩვენი მოკრძალებული მასალები – როგორც ახლა მახსოვს: რეპორტაჟები პლაკატის ფესტივალიდან, წიგნის გამოფენიდან და სხვა მსგავსი. მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, თანაც პირველი, გახლდათ დავით გამეზარდაშვილი – ნიჭიერი, გონებამახვილი, შესაშური იუმორით და ახლა, ამ გადასახედიდან, თამამად ვიტყოდი – პროგრესული ადამიანი. ყურებიანად აწითლებულებმა (საშინლად ვღელავდით!), აკანკალებული ხელით ჩუმად დავაკაკუნეთ, ფრთხილად შევაღეთ კარი და… მივიღეთ მიპატიჟება.  ცოტა გავიმართეთ წელში – ჩვენ ხომ სავიზიტო ბარათივით „ჩვენი“ გაზეთები გვქონდა აღმართული ფარად.
კაბინეტში იმყოფებოდა ბატონი დავითის მეგობარი და კოლეგა, ჩვენი შესანიშნავი პროფესორი სოლიკო ხუციშვილი. პირის გაღება რომ დავაპირე (ნანა სულ დამუნჯდა) და გაზეთის მიწოდების მოძრაობაც კი დავიწყე, არ დამცალდა – თვალით დავიჭირე ბატონი დავითის მაგიდაზე ზუსტად ის ნომრები, რაც ხელში მეჭირა. ბატონმა დავითმა აიღო „თავისი“ ნომრები, გადააწოდა ბატონ სოლიკოს და სიამაყით დააყოლა: „ნახე, ჩემი სტუდენტები სად იბეჭდებიან!“ ეს იყო ჟურნალისტიკაში ჩვენი პირველი ნაბიჯების აღიარება – რა თქმა უნდა, გაზვიადებულად, მაგრამ სამაგიეროდ, სამომავლო მოტივაციის გასაზრდელად.
– 1979  წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მუშაობდით. როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი (2004 – 2005  წლებში), რას გაიხსენებთ მაშინდელი უნივერსიტეტის თქვენეული პერიოდიდან?
– წამიკითხავს, რომ იმისთვის, რათა სასტუმროს მართვაში კარგი  პირველი პირი გახდე, უნდა „room service”-ით დაიწყოო და ყველა საფეხური გაიარო. მეც რაღაც მსგავსი გზა გავიარე: ლაბორანტიდან (სტუდენტობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ)  დეკანამდე (სხვათა შორის, არცერთი საფეხური არ გამომიტოვებია).
2000 წლიდან (დეკანობამდე, დეკანის მოადგილე გახლდით სასწავლო დარგში, დეკანი კი – ნუგზარ ფოფხაძე, სიახლისა და ახალგაზრდობის  მოყვარული) და ვიდრე ფაკულტეტი არსებობდა ავტონომიურად – 2005 წლამდე, შემიძლია დაბეჯითებით და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მთელს უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროს 22 ფაკულტეტს ითვლიდა, ჩვენი იყო ნოვატორი, პროგრესული, თამამი; სიცოცხლე დუღდა, ყველა სტუდენტის პრობლემა და ამურულიც კი (ჩვენთან რამდენიმე წყვილიც კი დაქორწინდა) არ გვტოვებდა გულგრილს. 2000 წელს აშშ-ს კონგრესის დაფინანსებით ერთი სემესტრით გავემგზავრე ვაშინგტონში, ძალიან კარგ უნივერსიტეტში (“American University”), საიდანაც ბევრი სიახლე ჩამოვიტანე.
აქ ერთი კურიოზიც კი მინდა გავიხსენო: ჩამოვიტანე რამდენიმე განსხვავებული სილაბუსისა და CV-ს ფორმა (ადრე ავტობიოგრაფია ერქვა და იწერებოდა სრულიად თავისუფალ ფორმაში) და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ნებართვით გადავწყვიტე ფაკულტეტზე დამენერგა, როგორც საცდელი. შევავსე ჩემი პირადი CVდა გრაფაში „ჰობი“ მივუწერე ჩემი გატაცებები, მათ შორის სამთო-სათხილამური სპორტი.
შევსებული ფორმა დავტოვე დეკანატში ნიმუშისთვის. ოი, საოცრებავ! მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ  უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესურას თუ პროფესიული არა, სამოყვარულო სამთ-სათხილამური გუნდის დაკომპლექტება შესძლებია. ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად, თუმცა გუნდი ვერ შევკარით.
მაშინ იყო, რომ სასწავლო პროგრამები დავაყენეთ თავდაყირა (ვცდილობდით, დასავლურ ყაიდასთან დაახლოვებას), ფაკულტეტთან თანამშრომლობდნენ გამორჩეული და წამყვანი ჟურნალისტები (და არა მხოლოდ „face“-ები), აქტიურად ფუნქციონირებდა სტუდენტური კლუბი „რეპორტიორი“ (რომელსაც დავესესხე ჩემი სტუდენტობიდან), ტარდებოდა მასტერკლასები,  იმართებოდა მეჯლისები,  მასშტაბური საქველმოქმედო აქციები.
პირველი კოსტიუმირებული გამოსაშვები ცერემონიალი გამართა ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა (მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ GIPA-მ დაგვასწრო 2 წლით), აშშ-ს საელჩოს სპეციალური პროგრამით ორი წელი ვმასპინძლობდით უცხოელ პროფესორებს სხვადასხვა საგანში. მახსოვს, სტუდენტები წავიყვანეთ ილია ჭავჭავაძის  სახლ-მუზეუმში ექსკურსიაზე და რაც იქ ვნახეთ, იმ სავალალო მდგომარეობის აღწერა წარმოუდგენელია. დაბრუნებისას, ძალიან სწრაფად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ფილარმონიაში გავმართეთ 24-საათიანი ტელემარათონი და შევაგროვეთ იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის დასაწყებად.
და ეს ყველაფერი ხდებოდა ფაკულტეტზე 20 წლის წინ! რა თქმა უნდა, ბევრს შიგნით და ბევრს გარეთაც ყელში გავეჩხირეთ. თუმცა ეგ უკვე სხვა ისტორიაა.
– გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი იყავით, დღემდე  ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე და პროფესორი ხართ.  როგორ ფიქრობთ, ისევ არის ჟურნალისტიკისადმი უწინდელი სწრაფვა ახალგაზრდებში?  გაავლეთ პარალელები თქვენს დროსა და ახლანდელს შორის – როგორი თაობები მოდიან?

გთუნი, 2020, სტუდენტებთან ერთად

– ვფიქრობ, როგორც ადრე, ასევე ახლაც, ჟურნალისტიკაზე, მცდარი წარმოდგენა აქვთ სკოლის მოსწავლეებს, როდესაც მომავალ პროფესიაზე ფიქრს იწყებენ.  პირველი კურსის სტუდენტები კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს ეს სპეციალობა, მპასუხობენ – ბავშვობიდან ვოცნებობდიო. რომ ჩავეკითხები, როგორი იყო მათ „ოცნებებში“ ჟურნალისტის პროფესია, ირკვევა, რომ „მიკროფონით“ (მაგალითად, სავარცხლით) ხელში სარკის წინ ბზრიალი, რაც „პრინცესობანას“ უფრო წააგავს. გაოცებულები მისმენენ, რომ ჟურნალისტიკა არის კითხვა, კითხვა, კითხვა და მერე წერა, წერა, წერა. და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა დანარჩენი.
გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი მომდევნო თაობა ერუდიციას და ზოგად წარმოდგენებს სულ უფრო და უფრო მოკლებულია, თუმცა გაცილებით მეტად ინფორმირებული, მოტივირებული და დამოუკიდებელიც კი. ძალიან ვცდილობ, შევაგნებინო, რომ მხოლოდ განათლებული ადამიანია თავისუფალი, ლაღი. ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში, გამომდის. ერთს კი დავძენ, რომ ყველა ახალი ნაკადი (თაობას ვერ ვიტყვი) ჩემთვის  არის უნიკალური, ძალზედ საინტერესო და ძვირფასი.
– უამრავი კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილე რას იტყოდით თანამედროვე მედიის განვითარების ტენდენციებზე?

ქართული უნივერსიტეტი, 2019, რამაზ ლომინაძის სახ. ფონდის დაფუძნება

– დღეს მედია, როგორც არასდროს, ძალზედ სწრაფი და მოქნილია. სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს პროფესიონალიზმი, რომლის საფუძვლიანად შესასწავლად სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება. გზადაგზა იწვრთნებიან ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტის მიმართ (განსაკუთრებით  ტელევიზიაში იგრძნობა ეს მოვლენა) უნიკალური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. თქვენ იცით, რომ ბალერინას საპენსიო ასაკი 34 წელია? ჰოდა, ჩვენთანაც, თითქმის ასეა. სასურველია ჟურნალისტი იყოს ახლგაზრდა, კენიის ფოსტალიონივით „მორბენალი“, რომელიც ნაკლებ კითხვას დასვამს, საკუთარი აზრი ნაკლებად შეაწუხებს, წინააღმდეგობას თითქმის არ გაუწევს…
ჩაივლის გარკვეული პოლიტიკური/საარჩევნო ციკლი, შეიცვლება ხელისუფლება, „კორექტირებას“ განიცდის ტელევიზიებიც, მათი მფლობელებიც, გენერალური დირექტორებიც… და ისევ ახალბედა ჟურნალისტები სიხარულით დაიკავებენ წინამორბედების ადგილებს – დავალებების „პირნათლად“ შესასრულებლად. „საპენსიო“ ასაკს მიღწეული ჟურნალისტები მიდიან აქტიური ჟურნალისტიკიდან – საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურებში, ორგანიზაციების პრესსამსახურებში, სულაც პოლიტიკაში. ხომ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ რომ შეიქმნა ე.წ. „ჟურნალისტების“ პარტია გიორგი თარგამაძის თაოსნობით. სხვათა შორის, მაშინ ჟურნალისტიკამ ბევრი კარგი ჟურნალისტი დაკარგა. შედარებით სტაბილური და თავისუფალია ბეჭდური და სოციალური მედია. როგორც მძღოლი კი გეტყვით, რომ რადიომ იპოვა მშვიდი ნიშა და აუღელვებლად აკეთებს თავის საქმეს. ზოგადად, ჟურნალისტიკა მთელს მსოფლიოში გახდა აგრესიული, მე ვიტყოდი, დაუნდობელი და არც ქართული მედიაა გამონაკლისი. ეს უკვე დრომ მოიტანა.

თსუ, 2020, საერთ. სტუდ. კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტი ნიკა კრაწაშვილი, გადაეცემა რამაზ ლომინაძის სახ. ფონდის საჩუქარი და სერტიფიკატი

მინდა კვლავ ჩემი „ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი“ ბაბუის, ილია ვეკუას პროფესიასთან დაკავშირებული მოსაზრებები გაგიზიაროთ, რაც ჩემთვის ერთგვარი კრედო გახდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ილია ვეკუამ დაწერა „მიმართვა ახალგაზრდობისადმი“ (1970), რომელიც დღეს ჟღერს როგორც ანდერძი და მანიფესტი – ძალიან თანამედროვედ, მნიშვნელოვნად, აქტუალურად და დამაფიქრებლად. მოკლე ნაწყვეტს მოვიყვან: „რა არის საჭირო… წარმატების უზრუნველსაყოფად. ერთი შეხედვით, პასუხი სავსებით ნათელია: ესაა სათანადო ბუნებრივი მონაცემები, მოწოდება და მუშაობის უნარი“.  თუმცა გარკვეული დროის გავლის შემდეგ, მან დააზუსტა: „მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული და ამ სამი ნიშნიდან მესამე – საქმისადმი სიყვარული – გადამწყვეტია“.
ამაზე ზუსტად და უკეთესად ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, რომ ქართულ ჟურნალისტიკას სამივე აკლია.
როგორც საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, ან საერთოდ, უნდა აფინანსებდეს თუ არა მას ხალხი? რას შეცვლიდით ზოგადად საზოგადოებრივ  მაუწყებელთან მიმართებაში, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– თანამედროვე საზოგადოებრივი სამაუწყებლო სტრატეგია სამი ძირითადი პრიორიტეტით განისაზღვრება: ინფორმირება, გართობა, განათლება. უდავოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო მოდელი დიდმა ბრიტანეთმა შექმნა ჯერ კიდევ 1922 წელს – „ბი-ბი-სი“ (BBC). „ბი-ბი-სის“ ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ლორდ ჯონრეიტი (1889-1971) აღნიშნავდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი მორალური წესრიგის მნიშვნელოვანი აქტივი და ფაქტორია,  რომელიც ბედნიერი ოჯახის, განვითარებულიკულტურის და ჭეშმარიტი მოქალაქეობის საფუძველს ქმნის“.
ამაზე ზუსტად შეუძლებელია განსაზღვრო საზოგადოებრივი მაუწყებლობის მისია.
თუმცა  როდესაც ამ მიზნებს ვერ აღწევ, ან შეგნებულად უარყოფ, საზოგადოებრივი მაუწყებლობაც კარგავს მის ძირითად დანიშნულებას. დაფინანსების წესიც არ არის მთავარი. მაგალითად, „ბი-ბი-სი“ დაფინანსების შვიდ წყაროს იყენებს – კომერციულსაც, მათ შორის. მთავარია – ტელეპროდუქტის ხარისხი და აპოლიტიკურობა. როდესაც მე მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვცვლიდი არხზე და ჩემი სამეურვეო საბჭოს წევრობამ ფორმალური ხასიათი შეიძინა, მე დემონსტრაციულად დავტოვე თანამდებობა.
– ხართ სახელმძღვანელობის ავტორი ჟურნალისტიკაში. თქვენეული დაკვირვებით, რამდენად დამოუკიდებელია მედია საქართველოში და  რამდენად  თავსდება ერთმანეთთან სიტყვის თავისუფლება და  პროფესიონალიზმი, მორალური და ეთიკური ნორმები…
– კითხვას შეგიბრუნებთ – არის კი სადმე „დამოუკიდებელი“ მედია? გპასუხობთ – არა. ანგარიშვალდებული – დიახ, საზოგადოების წინაშე. არაფერს ახალს არ ვიტყვი, რომ საავტორო ჟურნალისტიკა სცნობს ჟურნალისტის სუბიექტური პოზიციის გამჟღავნებას, თუმცა ერთი დათქმით: ყველა სხვა პოზიციაც უნდა იყოს წარმოჩენილი. რაც შეეხება ახალ ამბებს, ჟურნალისტის როლი, თითქოსდა მინიმუმამდეა დაყვანილი – უნდა მუშაობდეს მხოლოდ მისი უმაღლესი პროფესიონალიზმი: მოძებნო სწორი რესპონდენტი და სწორად ჩამოუყალიბო  შეკითხვა. აი მერე კი იწყება ყველაზე აზარტული პროცესი – შეფუთვა. აქ კი  ერთვება ბევრი კომპონენტი – როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური. თუმცა „პატიოსანი“ ჟურნალისტიკა ჯერ არავის გაუუქმებია.
რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ჩემმა გამოცდილებამ მიმიყვანა ერთ მტკიცე პოზიციამდე, რომელსაც დავარქვი „2 ს“-ს ფორმულა. პირველი „“ ნიშნავს, რომ  ჟურნალისტი უნდა იყოს მისი აუდიტორიისთვის აინტერესო და ამას განსაზღვრავს მხოლოდ მისი ინტელექტი. მეორე „ს“ კი ნიშნავს ანდოობას. მედიააუდიტორია ენდობა ჟურნალისტს, თუკი ის „პატიოსანი“ პროფესიონალია – ობიექტური და პრონციპული.
– რამაზ ლომინაძის ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ხართ. იგი თქვენი მეუღლე იყო. რას გაიხსენებთ თქვენი თანაცხოვრებიდან და რამ განაპირობა ფონდის დაარსება?

რამაზ ლომინაძის ფონდისა და სანგუ-ს მემორანდუმის ხელმოწერა, 2019, ქართული უნივერსიტეტ-ს რექტორი სერგო ვარდოსანიძე

– სევდიანი მოგონებების საღამოებს ვარჩიეთ, რამაზ ლომინაძის სახელი საქმეებში გაგრძელებულიყო. 2019 წელს მისმა ოჯახმა დააარსა „რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდი“, რომლის ძირითდი მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის აკადემიური წარმომადგენლობისა და სტუდენტობისთვის საგანმანათლებლო წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
ამ ორ წელიწადში ფონდმა რამდენიმე მიმართულებით წამოიწყო საქმიანობა: 8 სტუდენტს მიენიჭა რამაზ ლომინაძის სახელობითი სტიპენდია, რამდენიმე საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცათ ფონდის საჩუქარი და სერტიფიკატი; ფართოვდება ფონდის პარტნიორთა წრე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვა, რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია.
გაიმართა საქველმოქმედო საახალწლო აქცია; დაფინანსდა ერთი სტუდენტის სწავლა; ჩამოაყალიბდა ფონდის „მეგობართა კლუბი“ და დაიწყო შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“; მოხერხდა ერთი მონოგრაფიის გამოქვეყნების დაფინანსება. ახლა ვფიქრობთ, პანდემიის პირობებში, რა ფორმებით გავაგრძელოთ საქმიანობა. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ.
– ოჯახი, შვილები…
– ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და რამაზიც ამაყები ვართ ჩვენი შვილებით და მინდა, რომ წლების შემდეგ მათაც იგივე გრძნობა დაეუფლოთ.
– სამომავლო გეგმები… თუნდაც უნივერსიტეტში, თუნდაც ზოგადად… რა სიახლე გექნებათ?
– ამჟამად ვხელმძღვანელობ ჩემს ორ საგანმანათლებლო პრაგრამას („ჟურნალისტიკა“ და „მასობრივი კომუნიკაცია“), რომლებმაც მიიღეს შვიდწლიანი უპირობო აკრედიტაცია და ამით ვარ სიამოვნებით დაკავებული. ვასრულებ ერთ წიგნზე მუშაობას. ეს – რაც დაგეგმილია. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა გაუთვალისწინებული გეგმების დასახვა და შესრულება. ამ მეორესაც სიამოვნებით ვაკეთებ. ცხოვრება რთულიცაა, და საინტერესოც…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები