„ჩვენი ოცნებაა, გვყავდეს მოხატული ფურგონი, რომლითაც ბევრს ვიმოგზაურებთ და იქვე დავხატავთ კიდეც“

ეს პერსონა ხელოვანების ახალგაზრდა ოჯახზეა, რომელიც რვა თვის წინ შეიქმნა და უკვე საინტერესო იდეებითა და საქმიანობით მიიპყრო ყურადღება.
ნინო აბულაძე წარმოშობით ქობულეთიდანაა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდიდან შექმნა გვერდი და  პორტრეტებს და პეიზაჟებს ხატავდა. დაოჯახების შემდეგ, ახალი იდეები გაჩნდა.
მეუღლე – თორნიკე ელიზბარაშვილიც ხელოვანია, მუშაობს ხეზე  და.  როგორც ნინო ამბობს, ასე
გააერთიანე გვერდიც და საქმიანობაც. მათ სახელოსნოს და ფეისბუქის გვერდს „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“ ჰქვია.
თორნიკე და ნინო სამომავლოდ
 აპირებენ ბავშვებისთვის სამხატვრო სტუდიის დაარსებას, ერთობლივ გამოფენის გამართვას, და კიდევ ერთი ოცნება აქვთ – ჰყავდეთ მოხატული ფურგონი, ავტობუსი, რომლითაც ბევრს იმოგზაურებენ სხვადასხვა თხეკუნჭულში, იქვე დახატავენ და გაყიდიან სუვენირებს
რუბრიკა „პერსონას“ ესაუბრა ნინო აბულაძე.

 – მართალია სულ პატარა, დაახლოებით 4 წლის ვიყავი,  მაგრამ მახსოვს პირველი ნახატები. მამაჩემმა მიყიდა ფლომასტერები და ძალიან მიხაროდა, მაშინ პირველად დავხატე პერსონაჟები წიგნიდან – „წუნა და წრუწუნა“…   ეს ნახატები დღემდე მაქვს შემონახული.
ქობულეთის სამხატვრო სკოლა და შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– სამხატვრო სკოლა ძალიან კარგი პერიოდი იყო ჩემთვის… ბევრი ახალი რამ გავიგე ხატვის შესახებ, გავიცანი ჩემი ტოლი ნიჭიერი ბავშვები, ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენასა და კონკურსში, სადაც რამოდენჯერმე გავიმარჯვე კიდეც. კარგი მასწავლებელი მყავდა, მან ძალიან შემაყვარა ფერწერა და ხელოვნების უნივერსიტეტში მისი რეკომენდაციით ჩავაბარე.
2015 წელს ჩავირიცხე გრანტით, მთლიანი დაფინანსებით, ასევე შესანიშნავი პერიოდი იყო შესანიშნავი ლექტორებით, დავდიოდით მუზეუმებში გამოფენებზე, სადაც ვეზიარე ნამდვილ ხელოვნებას და უფრო მეტად შემიყვარდა ხატვა.
ყოველდღიურად ვმუშაობდი ჩემს თავზე  ფერწერაში, გრაფიკაში. პარალელურად შეკვეთებით ხატვა პირველივე კურსიდანვე დავიწყე და  შემოსავლის წყაროდ ვაქციე.
– შთაგონება…

ნინო აბულაძის ნამუშევარი

– შთაგონებისთვის ალბათ შესაბამისი გარემო მჭირდება,  არ მიყვარს ერთფეროვნება. ძალიან დიდ დროს ვერ ვუთმობ ერთ ნახატს ან რაიმე ხელნაკეთობას, ვცდილობ, იმ დღესვე მოვრჩე ან მაქსიმუმ 3 დღე მოვანდომო, მერე უკვე მბეზრდება…
მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს მოგზაურობა, ბუნებაში ხეტიალი  და იქვე ხშირად ვხატავთ პატარა ჩანახატებს, ეტიუდებს, შემდეგ კი ახალი იდეებით ვბრუნდებით სახლში…
სტუდენტობის პერიოდიდან იღებ შეკვეთებს ონლაინგვერზე, ხატავთ პორტრეტებს,  – მაინც რაზეა უმრავლესი შეკვეთა?
– სტუდენტობის პერიოდში  მარტო ჩემი გვერდი მქონდა შექმნილი, სადაც მარტო პორტრეტებს და პეიზაჟებს მიკვეთავდნენ.  ახლა კი მე და ჩემს მეუღლეს საერთო გვერდი გვაქვს სახელად „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“,  სადაც სხვადასხვა სახის შეკვეთებს ვიღებთ.
8 თვეა, ოჯახი შექმენით. მეუღლე – თორნიკე ელიზბარაშვილი ხელოვანია, მუშაობს ხეზე. საერთო ინტერესები გაქვთ…
–  ჩემი მეუღლეც ხელოვანია და ერთობლივად ვამზადებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, სუვენირებს, სხვადასხვა დეკორაციას. ასე რომ, გავაერთიანეთ გვერდიც და საქმიანობაც, რაც უფრო საინტერესო გახდა ჩვენთვისაც და მომხმარებელსაც უფრო კრეატიულ და ორიგინალურ პროდუქტს ვთავაზობთ.
რა თქმა უნდა, საერთო სფერომ – ხატვამ, ხელოვნებამ დაგვაკავშირა. ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ბუნებაში ხეტიალი, საინტერესო ადამიანების გაცნობა. დავდიოდით სხვადასხვა ტურით საქართველოს კუთხეებში. მოკლედ, ასე გავვერთიანდით და შემდეგ ერთიანი ძალებით შევუდექით ხელოვნების ლაბორატორიაში საქმეს.ორი ხელოვანი ადამიანის თანაცხოვრება რთული ნამდვილად არაა, პირიქით – ძალიან კარგია, როცა ცოლ-ქმარი ერთ სფეროშია და ერთ საქმეს ემსახურება.
რა თქმა უნდა, ვკამათობთ ხოლმე სფეროს ირგვლივ სხვადასხვა ნივთის დიზაინზე, ფერზე – არა ეს ფერი მოუხდება, არა ის, მაგრამ, საერთო ჯამში, ვფიქრობ, ერთმანეთს რომ არ ვუგებდეთ, და ეს ყველაფერი ასეთი კავშირით არ იქმნებოდეს, არანაირი ფასი არ ექნებოდა ჩვენს ნამუ
შევრებს. ის  უბრალოდ არ იარსებებდა, რადგან ჩვენ ამას ერთობლივად ვქმნით.
– ბორჯომში აპირებთ სტუდიის გახსნას, სადაც ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ძერწვას… როგორ წარმოგიდგენიათ ამ სტუდიის მომავალი?
– ძალიან გვინდა ბავშვებისთვის სამხატვრო სტუდიის დაარსება, ოღონდ, ასე ვთქვათ, არასტანდარტული, სადაც ბავშვები შეისწავლიან ხატვას, ძერწვას,ნატურის და პეიზაჟის ტილოზე გადატანას. გვექნება ხელოვნების ისტორიის მცირე კურსი, სადაც ხელოვნების ისტორიას წავუკითხავთ და დავაინტერესებთ ამ სფეროთი. გარდა ამისა, გვექნება გასვლითი გაკვეთილები ბუნებაში. იქნება გამოფენა-გაყიდვები, მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაფიქრს მალე აუცილებლად განვახორციელებთ .
– მეუღლესთან ერთად ინტერნეტით მუშაობთ შეკვეთებზე… საერთო გვერდს „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“ ჰქვია. რატომ თორელის?
– „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“ ჩემმა მეუღლემ შეარქვა, სანამ გავიცნობდი. თორიდანაა წარმოშობით, თორის ქუჩაზე ცხოვრობს, მისი სახელის წინა 3 ასო „თორ” და გვარის დასაწყისი „ელი“ რომ შეართოთ. გამოვა „თორელი”. მისი ფსევდონიმია. ჩვენს სახელოსნოსაც, სადაც ვმუშაობთ და ფეისბუქგვერდსაც – შევარქვით „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“:
https://www.facebook.com/torelitoko/
– გამოფენები…

თორნიკეს ელიზბარაშვილის ნამუშევარი

–  გამოფენები  უფრო მეტად სკოლის და სტუდენტობის დროს მქონდა, მაგრამ პერსონალური გამოფენა ჯერჯერობით არ გამართულა.  სამომავლოდ  მე და ჩემს მეუღლეს გვინდა ერთობლივი გამოფენის გამართვა, რატომაც არა …
ხელოვანების ოჯახი როგორ მუშაობთ? ალბათ ცალ-ცალკე?
– გვაქვს საერთო სახელოსნო, სადაც დიდ დროს ვატარებთ, სხვადასხვა ესკიზზე, ნივთებზე ვღებავთ, ვჭრით, ვძერწავთ … მაგრამ რაც შეეხება ტილოზე ხატვას, ცალკე ოთახი არ მაქვს. სადაც კომფორტულად მოვეწყობი, იქ ვხატავ ხოლმე. ზაფხულში ძირითადად აივანზე ვხატავ.
– ჰობი..
– ალბათ ძერწვაა, ძალიან მომწონს ამის კეთება, ერთგვარი განტვირთვაა, ასევე რაღაც ახალის ძიება, მაგალითად, ახლახან ძალიან გამიტაცა – ძველი მუყაოებისგან ვჭრი და ვაწყობ პატარა სახლებს, ეტლებს…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ  დიდი გეგმები გვაქვს, ზემოთ მოგიყევით სტუდიაზე. ძალიან გვინდა სტუდიის გახსნა… ასევე გიამბეთ, თუ როგორ გვიყვარს ბუნება და მოგზაურობა.  ამიტომ ჩვენი ოცნებაა, გვყავდეს მოხატული ფურგონი, ავტობუსი, რომლითაც ბევრს ვიმოგზაურებთ სხვადასხვა კუთხე- კუნჭულში, იქვე დავხატავთ, გავყიდით სუვენირებს და სხვადასხვა ფერად ფერადობებს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

ავტორი – თორნიკე ელიზბარაშვილი
ავტორი – თორნიკე ელიზაბარაშვილი
ავტორი – თორნიკე ელიზაბარაშვილი
ავტორი – თორნიკე ელიზაბარაშვილი
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე
ავტორი – ნინო აბულაძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები