ნიკიტა კრიმიანი – კაცი, რომელიც პატიმარს ცეკვასა და იატაკიდან სისხლის ალოკვას აიძულებდა
სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ერთ-ერთი ასეთი საბჭოთა მაღალჩინოსანი ნიკიტა კრიმიანია – კაცი, რომელიც, სასურველი ჩვენების მისაღებად, დასახვრეტად გამზადებულ პატიმრებს სცემდა, ზოგს ცემაში კლავდა, ზოგს კი ცეკვასა და იატაკიდან საკუთარი სისხლის ალოკვას აიძულებდა.
ამონარიდი თბილისის №1 ციხის უფროსის, ოყროშიძის ჩვენებიდან:
„…1937 წელს №1 ციხეში სხვა დაკავებულებთან ერთად მოიყვანეს დვალი, რომელიც იყო მილიციის უფროს ხმალაძის (ასევე დაკავებული) მძღოლი… დვალს მისჯილი ჰქონდა დახვრეტა და სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად ის მიყავდათ პოლიგონზე, ხელები შეკრული ქონდა და ავტომობილის ძარაზე იჯდა. ამ დროს ციხეში მოვიდა კრიმიანი და მოითხოვა, დვალი ჩემს კაბინეტში შეეყვანათ, სადაც თვითონაც შემოვიდა. მან დვალს ჰკითხა – სურდა თუ არა დანაშაულების შესახებ მოეთხრო, რაზეც დვალმა უპასუხა, რომ არაფერი იცის და დამნაშავე არ არის. ამ დროს კრიმიანმა ხელებშეკრულ დვალს დაარტყა, ის იატაკზე დაეცა. კრიმიანი მას ფეხებით შესდგა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ურტყამდა, მოითხოვდა ჩვენების მიცემას. დვალი იმეორებდა, რომ არაფერი იცის და არ არის დამნაშავე. ამის შემდეგ მეთვალყურეებმა ნაცემი დვალი გაიყვანეს, მანქანის ძარაზე დასვეს და დასახვრეტად წაიყვანეს.“
ნიკიტა არკადის ძე კრიმიანმა საქართველოს სსრ შინსახკომის ორგანოში მუშაობა 1932 წელს დაიწყო. იქამდე მუშაობდა ვლადიკავკაზში სამხერხაოში, ელექტრომემონტაჟედ, ბამბის საბჭოთა მეურნეობის მმართველად და ტრესტ „ზაკენერგოს“ (ამიერკავკასიის ენერგომრეწველობა) პასუხისმგებელ მუშაკად. მეგობრობდა ბოგდან ქობულოვთან და მისი პირადი მფარველობით სწრაფად დაწინაურდა კარიერულ კიბეზე საქართველოს სსრ შინსახკომში. 1940-1945 წლებში ლვოვის და იაროსლავლის ოლქებში მუშაობის შემდეგ იგი გახდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების სახალხო კომისარი, თუმცა 1947 წელს დააქვეითეს „არაპარტიული ქცევის“ გამო. 1951 წელს კი გათავისუფლდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან. იმავე წელს დაინიშნა სომხეთის სსრ კვების მრეწველობის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსად.
ამონარიდები: კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1954 წლის დადგენილება – კ.ს. სავიცკის, ნ.ა კრიმიანის, ა.ს. ხაზანისა და გ.ი. პარამონოვის საბრალდებო დასკვნის პროექტიდან.
„მათიკაშვილის საქმეში ჩვენებების მისაღებად დაკავებული იქნა საქართველოს თამბაქოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზ.ს. მიქელოვი. მიქელოვისგან ტროცკისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, სავიცკიმ და კრიმიანმა მას სიკვდილამდე სცემეს და მიქელოვის დაკითხვის ოქმი ხელმოწერის გარეშე დატოვეს.
სავიცკიმ, კრიმიანმა და ხაზანმა შეადგინეს ფიქტიური აქტი, მიქელოვის მიერ 25.08.1937 წლის დაკითხვის ოქმის ხელმოწერის გარეშე დატოვების შესახებ, თითქოს დაკითხვის შემდეგ მიქელოვს ოქმი მიაწოდეს, თუმცა, მისი გაცნობის დროს ის ცუდად გახდა და, ამიტომ, ოქმი დარჩა ხელმოუწერელი“
მოწმე ა.ე. პეტროსიანმა 1954 წლის 21 იანვრის დაკითხვაზე განაცხადა:
„1938 წლის აგვისტოში თბილისში დამაკავეს НКВД-ს თანამშრომლებმა ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების ბრალდებით. ჩემს საქმეს იძიებდნენ კრიმიანი, სავიცკი, პოვსესოვი და ფაჩულია. გამოძიების დროს სისტემატიურად მცემდნენ კრიმიანი და სავიცკი მუშტებით, ფეხებით, ქამრებით, მაიძულებდნენ ცეკვას და აბუჩად მიგდებდნენ, დაახლოებით, 30-35-ჯერ დავკარგე გონება. პირადად კრიმიანმა მუშტით ჩამომიგდო ოთხი კბილი, შემდეგ კი იატაკზე მაიძულებდა, სისხლი ამელოკა. კრიმიანი და სავიცკი მოიხოვდნენ, ხელი მომწერა პროტოკოლისთვის, რომ მე ვამზადებდი ტერაქტს ბერიას წინააღმდეგ.“
ბერიას დაკავებიდან მცირე ხანში, 1953 წლის 25 სექტემბერს დააკავეს რეპრესიებში მონაწილე საქართველოს სსრ შინსახკომისის თანამშრომლები, რომლებიც მხილებული იქნენ საქმეების ფაბრიკაციაში, წამებასა და ცემაში და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში. ხანგრძლივი პროცესის შემედეგ, 1955 წლის 19 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს გამსვლელი სესიის მიერ მას დახვრეტა მიუსაჯეს. კრიმიანი 1955 წლის 15 ნოემბერს დახვრიტეს.