ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე გახარია პოლიტიკაში მოდის

ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე გახარია „პრაიმტაიმთან“ იმ მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, რამაც პოლიტიკაში მოსვლა გადააწყვეტინა. ერთ-ერთ მიზეზად ალექსანდრე გახარია პოლიტიკაში ახალი ძალის მოსვლის აუცილებლობას ასახელებს. რა გამოცდილება აქვს, ვისთან ერთად აპირებს ცვლილებების განხორციელებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

არ დავიწყებ იმის ლაპარაკს, თუ როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა, როგორი პატრიოტი ვარ და ასე შემდეგ, ზოგიერთი ეგრეთწოდებული ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელივით, რომლებიც მრავალი წელია ხმარობენ ამ სიტყვებს შაბლონივით. ქვეყანა უნდა გიყვარდეს, პატრიოტიც უნდა იყო და არც მე ვარ გამონაკლისი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. არსებობს ბევრი მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა და ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის მარტივი. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო სამი ძირითადი:

პირველი გახლავთ ის, რომ ხალხი დაიღალა ერთი და იმავე პოლიტიკური სახეების ყურებით, ერთი და იმავეს მოსმენით, აღარ აქვთ მომავლის იმედი ამათ შემყურეებს. პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ, დაჭამეს ერთმანეთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეტიც, ხალხს აღარ სჯერა იმ ლამაზად შეფუთული დაპირებების, რომელიც არასდროს იცვლება და ყოველი არჩევნების წინ ხმამაღლა გაისმის ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან. მეც ხალხის რიგებში აღმოვჩნდი მას მერე, რაც წამოვედი სამსახურიდან და უკვე, როგორც არა სახელმწიფო მოღვაწე, სულ სხვა თვალით დავაკვირდი მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას და აღარც მე მჯერა უკვე მათი. თავიდან ყველანი კარგები არიან და საინტერესო, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მადა ეხსნებათ, ვერ ელევიან თანამდებობებს და გონებადაბინდულნი ვერ ხვდებიან, რომ ამოწურეს თავიანთი თავი პოლიტიკაში.

მეორე გახლავთ ის, რომ ცოტა შემეშინდა. წარმოიდგინეთ გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც გაერთიანდა პრაქტიკულად ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლებიც ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა. არაფერს პატიობენ ერთმანეთს და არამცთუ დღემდე, არამედ დარწმუნებული ვარ, ვერც გამარჯვების შემთხვევაში შეძლებენ დაინაწილონ სკამები, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. ისინი მოსვლისთანავე დაერევიან ერთმანეთს და კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება ქვეყანა. ანდა ავიღოთ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც კლანებად არის დაყოფილი და შიდა დაპირისპირების ფონზე, ვეღარ შეძლო შეენარჩუნებინა პირვანდელი პოზიცია. ვის უნდა ენდოს ხალხი ? რომელი პარტია უნდა არჩიოს ? მხოლოდ ორ ძალას შორის უწევს არჩევანის გაკეთება მუდმივად.

მესამე გახლავთ ის, რომ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა და ახალი სახეები. როგორც იტყვიან სისხლი უნდა გადაისხას, სხვა გზა არ არის. დღევანდელი კონსტიტუცია და მასში შეტანილი გარდამავალი ცვლილებები საარჩევნო სისტემის სახით (იგულისხმევა 1%-ანი ბარიერი) უკვე იძლევა ამის საშუალებას. ნამდვილად სასიხარულოა და ამავდროულად ნიშანდობლივიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და აწარმოებდნენ მოლაპარაკებებებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. მხოლოდ მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ცვლილებების განხორციელება და მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება. როგორც ჩანს, ისინიც დაიღალენ

საქართველოში მიმდინარე დღემდე დაუბალანსებელი, არასტაბილური შიდა პოლიტიკური პროცესებისგან, რაც ნამდვილად არ ასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს და კიდევ უფრო აფერხებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულად განვითარებადი ქვეყნის, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების საკითხს და არა მარტო.

– როდის და რატომ დატოვეთ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა?

2013 წლის შემოდგომაზე დავტოვე ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო თუ რატომ, ამაზე ლაპარაკისგან ამ ეტაპზე თავს შევიკაბ, და მოგახსენებთ მხოლოდ შემდეგს. დიახ მე გახლდით მაშინ, იმ ახლადშექმნილი ანტიკორუფციული სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი, რომლის მოღვაწეობის პერიოდსაც უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები როგორიცაა, რეგიონებში გამგებლებისა და მათი მოადგილეების მიერ სატენდერო – ფინანსურ სფეროში ჩადენილი მრავალი დანაშაულის აღკვეთა, მხილება და დაკავება, აჭარის ა/რ შემოსავლების სამსახურის უფროსის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება, ეგრეთ წოდებული „ტრაქტორების საქმე“-ზე სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე დაკავება, რამაც მინისტრის თანამდებობიდან წასვლაც კი განაპირობა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი საამაყო საქმეა, მაგრამ მე უკვე აღარ ვიყავი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი და არც არავის მოუკითხავს რატომ დავტოვე თანამდებობა. ამავე პერიოდს უკავშირდება მიწების უცხოელებზე მიყიდვის თაობაზე, შემოდგომში პარლამენტის მიერ მიღებული ყველასთვის საამაყო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც არ არის დახვეწილი ბოლომდე. მახსოვს ლევან იზორიამ, (შსს მინისტრის მოადგილე გახლდათ იმ პერიოდში) გაკვირვებულმა ისიც კი მითხრა: „ასე ღრმად როგორ ჩაწვდით, რამდენი გიმუშავიათ, ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს“.

ის თვითონაც მუშაობდა ამ თემაზე და მარტივად მიხვდა, თუ რას წარმოადგენდა ჩვენი ნაშრომი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი მოხერხდა იმ მცირერიცხოვანი, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუკომპლექტებელი, მაგრამ ნამდვილად პროფესიონალი და კომპეტენტური თანამშრომლების მეშვეობით და გვერდში დგომით, რომელთა უმრავლესობა სამწუხაროდ დღეს სახლში ზის უმუშევარი.

– რა გამოცდილება გაქვთ მიღებული? რა გზა გამოიარეთ დღემდე პროფესიული თვალსაზრისით როგორც სახელმწიფო მოხელემ?

15 წელი გავატარე სახელმწიფო სამსახურში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიკავებდი საკმაოდ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. არავის კაცი (როგორც იტყვიან ხოლმე) მე არ ვყოფილვარ, და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი. დაწყებული შევარდნაძის მმართველობის პერიოდედან დღემდე ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ხალხს. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ არ დავტოვე ჩემი ბოლო თანამდებობა 2015 წლის თებერვალში და როგორც უკვე მოგახსენეთ, სულ სხვა თვალით არ დავაკვირდი მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს. რაც შეეხება ჩემს განათლებას, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოგახსენებთ ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევას. ორჯერ ვიმყოფებოდი გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში, სადაც კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება გეძლევა.

პირველად გავემგზავრე 2008 წელს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის რანგში, ხოლო მეორედ 2009 წელს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის რანგში. მესამედ რომ დავაპირე და გავაკეთე განაცხადი სამეცნიერო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ახლად დანიშნულმა დევნილთა და განსახლების მინისტრმა ქ-ნმა დალი ხომერიკმა 2012 წლის თებერვალში გამათავისუფლა თანამდებობიდან.

იმ პერიოდში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა მეკავა დევნილთა და განსახლების სამინისტროში. მას არავინ ეკითხებოდა, ვინაიდან ვანო მერაბიშვილი წყვეტდა ჩემს საკითხს, ამიტომ მან უბრალოდ აღასრულა დავალება – მითხრა დაწერე განცხადება და წადიო. ამასთან, მახსოვს ალექსანდრე რონდელმა (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დამაარსებელი), როდესაც ნახა და გაეცნო ჩემს ნაშრომს, აღფრთოვანებულმა მითხრა: „შენ აუცილებლად უნდა გაემგზავრო მარშალის ცენტრში და მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო სტაჟირების პროგრამაში, შემდგომში სადოქტორო ხარისხის დაცვის მიზნით. შენი თემა ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ პასუხობს მარშალის ცენტრის მოთხოვნებს. მე ყველანაირად შეგიწყობ ხელს“.

აქვე გეტყვით, რომ ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვექნებიდან შეკრიბოს, საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, საშუალო და უმაღლესი რგოლის სახელმწიფო მოღვაწეები. მათი პროგრამები ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში უნიკალურია თავისი არსით და იქ მოხვედრა ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწისთვის დიდი პატივია. იქ მოსახვედრად შესაბამის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე და რაც ყველაზე მთავარია, შენმა ქვეყანამ უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, როგორც სახელმწიფო მოხელეს, რაც ჩემს შემთხვევაში მანამდე ორჯერ განახორციელა საქართველოს მთავრობამ. სამწუხაროდ, მესამეჯერ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პასუხი არ მქონდა მიღებული მარშალის ცენტრიდან, მე ამის შესაძლებლობა აღარ მომეცა.

როგორც უკვე მოგახსენეთ გამათავისუფლეს თანამდებობიდან და ვეღარ ვაკმაყოფილებდი მთავარ მოთხოვნას – აღარ ვიყავი სახელმწიფო მოხელე. ასე მოიქცა ნაციონალური მოძრაობის მთავრობა, ხოლო თუ რატომ, ეს ცალკე სიკითხია. აღარ ვილაპარაკებ იმ მადლობებზე, რომელიც მიღებული მაქვს მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და მიღწეული დადებითი შედეგებისთვის, იქნებოდა ეს დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის თუ პრეზიდენტის მხრიდან. ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. არცერთი თანამდებობა არ გამომიყენებია მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზოგიერთი კორუმპირებული თანამდებობის პირის მსგავსად. დღესაც იმ სახლში ვხოვრობ, სადაც დავიბადე და გავიზარდე და სხვა არაფერი გამაჩნია ფასეული. თუ ხარ სახელმწიფო მოხელე, კეთილი ინებე და პატიოსნად ემსახურე შენს ქვეყანას.

– ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები და რას პირდებით ამომრჩეველს!

ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ლაზარე ზაქარიაძე, მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი და ანალიტიკოსი. ძალიან სიღრმისეულად მოაზროვნე ადამიანი ყველა მიმართულებით, რომელსაც დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს მიღებული როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე გახლავართ პარტიის გენერალური მდივანი. ჩვენი გუნდი დაკომლექტებულია პროფესიონალებით და რაც მთავარია, კომპეტენტური ადამიანებით ამა თუ იმ მიმართულებით, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვპირდებით ამომრჩეველს, რომ

ქვეყანა აუცილებლად გადავა განვითარების ახალ და უალტერნატივო გზაზე, სადაც პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება ხალხის ინტერესები და კეთილდღეობა. ხოლო თუ როგორ ვაპირებთ ჩვენი დაპირებების აღსრულებას და რას ნიშნავს უალტერნატივო გზა, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით წარვდგებით საზოგადოების წინაშე და წარვადგენთ შესაბამის კონცეფციას. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენ ყველა ვიქნებით ახალი სახე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამიტომაც შევარჩიეთ სახელწოდება „ახალი ძალა“.

პარტიებმა უნდა აღზარდონ თაობები და თაობებს უნდა გადაეცემოდეს ქვეყნის მართვა, იმ საშინაო და საგარეო ვექტორის გათვალისწინებით, რომელსაც ხალხი ირჩევს და არა პოლიტიკური პარტიების ლიდერები. დღემდე ვერ გაითავისეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომ პირველ რიგში ხალხისა და ერის წინაშე არიან ვალდებულნი. დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა დღემდე ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ, რომლებმაც არამცთუ ჩვენს ხალხს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახეს, რომ არ შესწევთ უნარი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვისა, რომ აღარაფერი ვთქვა საგარეოზე. ქვეყანა თუ შიგნიდან არ დალაგდა და ისიც აუცილებლად ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გარე ფაქტორებს ვერასდროს გაუმკლავდება.

– განსხვავდება თუ არა თქვენი საარჩევნო პროგრამა სხვა პარტიებისგან და რითი?

დიახ, ჩვენი საარჩევნო პროგრამა მკვეთრად განსხვავდება სხვებისგან. ჩვენ ვხელმძღვანელობთ დღეის მდგომარეობით არსებული მოცემულობიდან და მხოლოდ შესაბამისი ანალიზის შედეგად ვთავაზობთ ამომრჩეველს პროგრამას. პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ რას წარმოვადგენთ როგორც სახელმწიფო, როგორ მივედით იმ რუბიკონამდე რომელსაც მივადექით, იქნება ეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ამაზე არავინ ფიქრობს. ჩვენს ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებს მხოლოდ ერთი რამ აღელვებთ, როგორ დაიბრუნონ ძალაუფლება და როგორ შეინარჩუნონ პოზიციები პოლიტიკაში. რომელი პარტიიდან რომელში გადასკუპდნენ და სად უფრო მეტი მატერიალური სარგებელი ნახონ.

შედეგად მივიღეთ დაუბალანსებელი და არასტაბილური საშინაო პოლიტიკა, რამაც ერთი მხრივ დაგვაკარგინა ტერიტორიები, ხოლო მეორე მხვრივ, ნატოში შესვლის მოლოდინის რეჟიმში გვამყოფა ამდენი ხანი. ანუ, ერთი მხრივ თვალს ვადევნებთ როგორ ვკარგავთ ტერიტორიებს და მეორე მხრივ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ მივითვისოთ ის თანხები, რომელიც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვისთვის შემოედინება საქართველოში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით. ქვეყნის საშინაო პოლიტიკა მარტო ინსტიტუციების შენება არ გახლავთ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მუდვივად ამაზე რომ აპელირებენ ჩვენი პოლიტიკოსები და გვამადლიან.

ამასობაში ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა ყოველ წელს უარესდება და არავინ იცის, თუ რამდენ ხანს „ვიბალახებთ“ კიდევ და როდის დავემზგავსებით მართლაც რომ „საშოვარს გადაგებულ, გათითოკაცებულ ყოფილ ერს“, რამეთუ აუცილებლად მივადგებით იმ ზღვარს, როდესაც არმცთუ გვიანი იქნება რაიმე მოვიმოქმედოთ, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ამიტომ ჩვენი პარტია „ახალი ძალა“ სულ მალე წარსდგება ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული გეგმით თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ შესძლოს სწორი, დაბალანსებული და სტაბილური საშინაო პოლიტიკის წარმართვა, სადაც პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ხალხის ინტერესები და კეთილდღეობა.

 

წყარო:https://primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები