აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ” კანონპროექტი დააინიცირა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი დააინიცირა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზეზი სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის გამოწვევების დროს, როდესაც გლობალურმა პანდემიამ რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის ინდუსტრია, აუცილებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს სურსათის უსაფრთხოებას და ზოგადად აგრარულ სექტორს.
„წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება დროულია და ის მნიშვნელოვნად შეეხიდება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთა თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის საქმიანობას ეწევა და ისინი ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩართულიც არიან აგროტურიზმის სფეროში. თუმცა ამის შესახებ არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, არ არის სტანდარტები დაწესებული და არ არის კონკრეტული შეღავათები, რაც წაახალისებს აგრარული პროდუქციის წარმოებას და შემდეგ რეალიზებას”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მომხსენებელმა კანონით განსაზღვრულ ყველა იმ კრიტერიუმზე ისაუბრა, რომელსაც აგროტურიზმი უნდა ითვალისწინებდეს. პროექტში განმარტებულია ტერმინები. ასევე, განისაზღვრება სტატუსის მინიჭების წესი, რომელსაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. თუმცა, მომავალში დაგეგმილია, რომ ამ პროცესში გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, რომელსაც სტატუსის მინიჭების უფლება ექნება. გათვალისწინებულია შეღავათები დღგ-ს და საშემოსავლოს ნაწილში.
კანონპროექტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს – გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, გადამზადებას, შესაბამის რეგიონებში ტურისტული ინფარსტრუქტურის და საინფორმაციო ცენტრების მოწყობას და სხვა.
კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც პირველ რიგში დაეხმარება რეგიონებში სიღარიბის შემცირებას. ხოლო ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა მოტივაცია, რომ დაუბრუნდნენ სოფელს და ჩაერთონ სოფლის მეურნეობაში.
კანონპროექტის ინიცირების საკითხი პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურით გაგრძელდება.