„წირვის დაწყების მოლოდინში დავინახე ორგანთან მოახლოებული დიდი მაესტრო“ – რომელი ნაწარმოების შესრულებას სთხოვდა ქართველ ორგანისტს ლეგენდარული ენიო მორიკონე

ვინ არის ქალბატონი, რომელიც იცნობდ ლეგენდარულ ენიო მორიკონეს, და რომელაც კომპოზიტორმა საკუთარი ხელით დაწერილი გალობა გაუგზავნა სამღერად?
ქალბატონი ლაურა გოგიაშვილი 20 წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობიტალიაში,  17 წელია რომის იესოს სახელობის (Chiesa del Gesù) ეკლესიის ორანისტი და მგალობელია.
თბილისში დაამთავრა აქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება, იტალიაში კი  სახელი გაითქვა, როგორც ორგანისტმა და მგლობელმა. 5 წლის წინ ასევე ჩამოაყალიბგუნდი „Coro Polifonico Musica Creator“, რომელიც მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებს ატარებს. აღსანიშნავია, რომ  ქართელი მუსიკოსი  დიდი ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს იტალიაში. – იგი თავად მოგვითხრობს განვლილ გზაზე, მირწევებზე და სამომავლო გეგმებზე.  

 მშობლები, ოჯახი, ბავშვობაში თუ გიყვარდათ მუსიკა?
– ჩემი მშობლები წარმოშობით გორიდან იყვნენ, ოჯახი შექმნეს თბილისში და  4 შვილი გაგვზარდეს. ჩვენს ოჯახში სტუმრიანობის დროს ხმებში გაშლილი სიმღერები გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა ხშირი მოვლენა იყო.
დედმამიშვილებიდან მუსიკალური განათლება მხოლოდ მე მივიღე, მშობლებისგან მსმენია, რომ თურმე 4 წლის ასაკში ფორტეპიანოზე სმენით ვაწყობდი სიმღერებს. 1978 წელს დავამთავრე თბილისის 117-ე საშუალო სკოლა და სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი წითელ ატესტატზე (წითელი ატესტატი სპეციალურად დაიბეჭდა ჩემთვის, რადგან ჩემამდე არავისთვის არ მიუციათ). მოგვიანებით, 117-ე საშუალო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობის პერიოდში, სკოლისთვის დავწერე ჰიმნი, რომელიც, რამდენადაც ვიცი, დღემდე სრულდება.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრეთ...  კარგ მომავალს გიწინასწარმეტყველებდნენ პედაგოგოები, თქვენს ნიჭიერებას ხაზს უსვამდნენ…
– თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელის საგუნდო-სადირიჟორო და თეორიული განყოფილება კონსერვატორიის სადიპლომო ნაწარმოებებით წარჩინებით დავამთავრე 1983 წელს, 4 წლის ნაცვლად 3 წელიწადში (როგორც უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტი  პირდაპირ მეორე კურსზე დამსვეს). სამუსიკო სასწავლებელში მიღებული ცოდნა ჩემთვის ფუნდამენტური იყო პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ მოვხვდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მახსოვს, ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა, რომელიც მასწავლიდა პარტიტურას, როგორ გულთან ახლოს მიიტანა ეს ფაქტი და მითხრა: შენ თუ არ ხარ კონსერვატორიაში, აბა, ვინ უნდა იყოსო.
ასევე გავიხსენებდი ბატონ შალვა დავითაშვილთან შეხვედრას: ერთხელ სასწავლებლის დერეფანში შემაჩერა, შემიყვანა აუდიტორიაში, მიუჯდა ფორტეპიანოს და მეუბნება: შენზე ამბობენ, საოცრად ნიჭიერიაო.
დაიწყო დაკვრა დაბოლოს მითხრა, ჩამომითვალე, აკორდებს რა თანამიმდევრობით ვუკრავო.  როდესაც ჩამოვუთვალე აკორდების თანამიმდევრობა იმდენად დიდი იყო მისი გაოცება, რომ ფორტეპიანოდან გადმოიღო საკუთარი ნაწარმოები „არ გვსურდა ომი“, გარეკანზე ასეთი წარწერა გაუკეთა: „ლაურა, შენ აუცილებლივ უნდა მოხვიდე კონსერვატორიაში”, –  და გადმომცა.
იმდენად დიდი იყო ჩემი სურვილი,  მქონოდა უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, რომ გადავწყვიტე, სწავლის გაგრძელება ლენინგრადში დაუსწრებელ განყოფილებაზე.   როდესაც ლენინგრადში პროფესორებმა მომისმინეს. მითხრეს: „ასეთი მომზადებულები ჩვენთან იშვიათად მოდიან,  სწავლის გაგრძელება მხოლოდ დასწრებულ განყოფილებაზე შეგიძლიაო. იმის გამო, რომ ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა და არც ფინანსური საშუალება იყო, რომ სწავლა დასწრებულ განყოფილებაზე გამეგრძელებინა, აქ დამთავრდა უმაღლესი განათლების მიღებაზე ჩემი ოცნება, მაგრამ ამას, საბედნიეროდ, ხელი არ შეუშლია ჩემს პროფესიონალურ მოღვაწეობაში.
უკვე 20 წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობთ იტალიაში, საგუნდო-სადირიჟორო დაამთავრეთ, მაგრამ ეკლესიაში უკრავთ ორანზე… როგორი იყო პირველად ამ ინსტრუმენტთან შეხება?
– იტალიაში წამოსვლამდე ორი წლით ადრე ჩვენი ოჯახი თბილისიდან საცხოვრებლად გადავედით ჩემი მეუღლის მშობლიურ სოფელ ვალეში, ორგანთან ჩემი პირველი შეხება მოხდა ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკურ ტაძარში (მეუღლე მყავს კათოლიკე), სადაც ვუკრავდი ორგანს. ორგანთან ერთად ვისწავლე გალობა, ლიტურგიის მსვლელობის წესები, მიუხედავად იმისა, რომ ვარ მართლმადიდებელი, პირველი ზიარება მივიღე ამ ეკლესიაში, კათოლიკეებისაგან ვისწავლე უფლისადმი პატივისცემა და სიყვარული.  ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ აქედან დაიწყო უფალმა ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის სავალი გზის გაკვლევა, რადგან სასოწარკვეთამდე მისულები „ხავსსაც ვეღარ ვეჭიდებოდით”.
იტალიაში, რომში, მეუღლესთან ჩამოვედი 2000 წლის იანვარში, რომის არქიტექტურა, განსაკუთრებით მისი ტაძრები სულით ხორცამდე გიპყრობს, როდესაც რეალურად თვალწინ გაქვს გადაშლილი და ხელითაც ეხები.
რომის ერთ-ერთ ეკლესიაში შევედი და იქ დავტოვე ჩემი მობილური ტელეფონის ნომერი, რომ თუ დასჭირდებოდათ ორღანისტი, დამკავშირებოდნენ. ჩემდა გასაკვირვად, დამირეკეს სააღდგომო მესაზე დასაკვრელად, სადაც ასევე გალობდა მომავალი იეზუიტი მამაოების სტუდენტური გუნდი. ამ დღიდან მოყოლებული უვადო სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე უკვე 17 წელია ვმსახურობ, როგორც ორგანისტი და მგალობელი, რომის იესოს სახელობის (Chiesa del Gesù) ეკლესიაში.
შაბათ-კვირაობით წირვებზე უკრავთ. რომელი მუსიკის შესრულება გიყვართ ყველაზე მეტად?
– მსოფლიო პანდემიამდე ყოველ შაბათ – კვირას მიწევდა 6 წირვაზე დაკვრა და ასევე წირვებს შორის პაუზების შევსება ეკლესიაში შემოსული ტურისტებისთვისაც. ასე რომ, რეპერტუარი მუდამ მრავალფეროვანი და იმპროვიზებულია. ძირითადად, ვუკრავ ბახის, ჰენდელის, მონტევერდის, ფრესკობალდის, პეროზის და სხვათა ნაწარმოებებს.
სადაც თქვენ უკრავთ, ამ კონგრეგაციიდანაა პაპფრანცისკე. გვიამბეთ მასთან შეხვედრების შესახებ.

პაპ ფრანცისკესთან

– 2013 წლის 31 ივლისს უდიდესი ბედნიერება მეწვია, როდესაც შემომთავაზეს საზეიმო წირვის წაყვანა, რომელიც ეძღვნება იეზუიტების (Gesuiti – Gesu ნიშნავს იესოს) კონგრეგაციის დამარსებელ წმინდა ეგნატეს. ამ თარიღს ყოველწლიურად დიდი მომზადებით ვხვდებოდით, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად წირვას დაესწრებოდა პაპი ფრანცისკე. გაოგნებული დავრჩი, როცა მითხრეს, რომ მე უნდა დამეკრა და მემღერა წირვაზე. მაშინ მივხვდი, თუ როგორ მენდობოდნენ და მაფასებდნენ. ამას მოჰყვა ამავე წლის სექტემბერში მეორე წირვა პაპ ფრანცისკეს დასწრებით, მაგრამ ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო 2014 წლის 3 იანვარის სადღესასწაულო წირვა. ამ წირვას ესწრებოდა პაპი ფრანცისკე, წირვის დასასრულს, ჩემდა მოულოდნელად, წამიძღვნენ განცალკევებული კაპელისკენ და წარმადგინეს პაპ ფრანცისკესთან.

იხილეთ ვიდეო:        https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214279&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp

5 წლის წინ ჩამოაყალიბეთ პოლიფონიური გუნდი „Coro Polifonico Musica Creator“, რომელიც მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებს ატარებს. მსოფლიოსაოპერო ვარსკვლავმა იანო ალიბეგაშვილმა გუნდთან ერთად პირველმა შეასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის  მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ს მიერ დაწერილი უნიკალური ნაწარმოები „ავე მარია”…

საპატიო სტუმრები – იანო თამარი და ფრანჩესკო გროლო

– 2015 წლის იანვარში, საქველმოქმედო კონცერტების ჩატარების მიზნით, ჩამოვაყალიბე პოლიფონიური გუნდი – “Coro Polifonico Musica Creator“  რომის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია  „Musica”-ს ბაზაზე, სადაც სარეპეტიციოდ ყველანაირი პირობებია (დარბაზი სცენითა და როიალით).  გუნდი დაკომპლექტებულია იტალიელი არაპროფესიონალი მომღერლებით, რომელთა უმეტესმა ნაწილმა არ იცის ნოტების კითხვა. საქველმოქმედო კონცერტებიდან შემოსული მთლიანი შემოწირულება მთლიანად გადაეცემათ კონკრეტული ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებიც თავად ესწრებიან ყუთის გახსნას.

ლაურა-გოგიაშვილი, ანდრეა მორიკონე, იანო-თამარი და თამარ გრძელიძე

გუნდის წევრები  საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზებისათვის ყველა საჭირო ხარჯს უანგაროდ ვფარავთ.  2015 წლის დასასრულს, ქალბატონ თამარ გრძელიძეს, რომელიც იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანში), სამომავლო პროექტებზე საუბრის დროს, შევთავაზე, რომ საელჩოს მონაწილეობა მიეღო წირვაში, რომელიც მიეძღვნებოდა ყველა ქრისტიანის ერთიანობას.
წირვის დასრულების შემდეგ გაიმართებოდა კონცერტი, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული მყავდა მაესტრო ანდრეა მორიკონე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი მაესტრო ენიო მორიკონეს შვილია. სწორედ ამ საუბრის დროს ქალბატონმა ელჩმა შემომთავაზა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად  საპატიო სტუმრის რანგში მოგვეწვია მსოფლიო სოპრანო, ჩვენი თანამემამულე ქალბატონი იანო თამარი – იანო ალიბეგაშვილი.

საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან – თამარ გრძელიძე, რამდენიმე ქვეყნის ელჩები, ბატონიშვილი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, მეუღლესთან ერთად, ყველა ქრისტიანის  ერთიანობისადმი მიძღვნილი წირვის დროს

სწორედ ამ კონცერტზე იტალიაში პირველად შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესის ილია II-ს „ავე მარია”.
ქალბატონი იანო უანგაროდ, დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ჩემ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო.

 

იხილეთ ვიდეო:
https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214283&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp
ეკლესიას, სადაც თქვენ უკრავთ, ცნობილი პიროვნებები არ აკლია. თქვენ იცნობდით ლეგენდარულ ენიო მორიკონეს, რომელმაც საკუთარი ხელით დაწერა გალობა თქვენთვის გადმოსაცემად, რომ გემღერათ. მოგვიყევით, როგორ გაიცანით, რა მუსიკა იყო, რაც დაწერა? რომელი ნაწარმოების შესრულება გთხოვდათ?…
– ჩემთვის უდიდესი შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, როდესაც ერთ დღეს ჩემი ეკლესიის რექტორმა,  ამჟამად რომის ეპისკოპოსმა პადრე დანიელე ლიბანორიმ (Daniele Libanori), შემაჩერა და მითხრა: „თქვენ არ იცით, როგორი საიდუმლო თაყვანისმცემელი გყავთ“, თან დააყოლა,  გუშინ სადილზე გახლდი მაესტრო ენიო მორიკონესთან და თქვენზე ვსაუბრობდით…. როდესაც შეხედა ჩემს უზომოდ გაოცებულ თვალებს, დაამატა: „მაესტრო ჩვენი ეკლესიის ხშირი სტუმარია და ძალიან მოსწონს თქვენი ხმა და ორგანზე დაკვრა”.

ცნობილი მექსიკელი სოპრანო – მართა-ჯულიანა, რომში მისი ერთ-ერთი სოლო-კონვერტის დროს

გავიდა დრო და ერთ დღეს, მორიგი წირვის დაწყების მოლოდინში, დავინახე ორგანთან მოახლოებული დიდი მაესტრო მისი დანახვით განცვიფრებულმა მხოლოდ ამოვილუღლუღე: „მაესტრო, თქვენ ხართ თუ არა“, რაზეც გაღიმებულმა სხარტად მიპასუხა: „მე ვარ, მე ვარ”… შემდეგ კი მთხოვა, თავისი ნაწარმოების „გაბრიელის ჰობოის“ დაკვრა (ეს ნაწარმოები გახლავთ ცნობილი ფილმიდან „მისსიონე”, ფილმში მოთხრობილია იეზუიტი მისიონერი მოძღვრების ტრაგიკულად დაღუპვის ისტორია ამაზონის ტყეში).
მისი თხოვნის დასაკმაყოფილებლად გავუწოდე საორკესტრო პარტიტურა და შევჩივლე, რომ არ მქონდა ორგანისათვის დაწერილი, რაზეც მიპასუხა: „დაუკარით, დაუკარით LEI è BRAVISSIMA“.
ამის შემდეგ კიდევ გავიდა დრო და ისევ მხვდება ჩემი ეკლესიის რექტორი ფურცლით ხელში და მეუბნება, გავყოლოდი ორგანისაკენ, თან დაამატა, მაესტრომ მე გადმომიგზავნა თქვენთვის გადმოსაცემად საკუთარი ხელით თქვენთვის დაწერილი ეს გალობა, რომ იმღეროთო.
ფურცელი გადმომცა და მითხრა, რომ ძალიან მაინტერესებს და მომასმენინეო.    მერწმუნეთ, უზომო სიხარულისგან თურმე ადამიანს ფრენა შესძლებია. ეს იმ დღეს საკუთარ თავზე გამოვცადე.

პოლიფონიური გუნდი – შუაში ფრანჩესკო გროლო და ალბერტო კარუზო

რაც შეეხება ცნობილ პიროვნებებს, მქონდა პატივი, მეთანამშრომლა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორებიც არიან:
მაესტრო ანდრეა მორიკონე, რომლის ორი ნაწარმოების პრემიერა  ერთ-ერთ ჩემ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი იანო თამარის ხმით მოხიბლულმა ერთ-ერთი ნაწარმოები სპეციალურად მისთვის დაწერა, რომელიც ქალბატონმა იანომ შეასრულა, თანხლებას კი უკეთებდა თავად მაესტრო.
დიდი ხანია ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ ცნობილ იტალიელ ტენორთან, ფრანჩესკო გროლოსთან;
ცნობილ მექსიკელ სოპრანოსთან, მართა ჯულიანასთან (Martha Juliana Ayech-Rodriguez), რომელსაც მისი რომში ყოფნის დროს აკომპანიმენტს ვუწევდი კონცერტებზე;
ცნობილ იტალიელ კომპოზიტორთან ალბერტო კარუზოსთან, რომლის „წმინდა არს
ჩვენი გუნდის მიერ პირველად შესრულდა წმინდა პეტრეს ტაძარში.

იხილეთ ვიდეო:   https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214284&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp

იტალიელ ტენორის ფრანჩესკო გროლოს შესრულებით  ვატიკანის წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარში აჟღერდა ნუნუ გაბუნიას „ავე  მარია“, თქვენ გუნდთან ერთად… როგორ შეირჩა იგი ამ საგალობლისთვის?

ლაურა გოგიაშვილი და ფრანჩესკო გროლო ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ

– ცნობილ იტალიელ ტენორ ფრანჩესკო გროლოსთან (Francesco Grollo) 15-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, იგი ყოველთვის უანგაროდ, როგორც საპატიო სტუმარი, დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ფრანჩესკო გროლოს მიერ 2017 წელს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში პირველად შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს „ავე მარია”. ხოლო 2018 წელს, ასევე მისი შესრულებით, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში პირველად გაჟერდა ქალბატონ ნუნუ გაბუნიას „ავე მარია” აღსანიშნავია ისიც, რომ ეს „ავე მარია” შესულია მის რეპერტუარში.                   – რამდენიმე სიტყვა ქალბატონ ნუნუ გაბუნიაზე და მის მიერ მოყოლილი ავე  მარია საინტერესო ისტორიის შესახებ.
–  ქალბატონი ნუნუ გაბუნია პირველად 2011 წელს პირადად გავიცანი, მასთან სახლში სტუმრობის დროს თავად მომიყვა ეს ისტორია: ეს „ავე მარია” ლათინური ტექსტით 1984 წელს დაიწერა  და იმავე წელს საქართველოს მუსიკალურმა ფონდმა დაბეჭდა არა ლათინური ტექსტით, არამედ ქართული და რუსული ტექსტებით, რამაც ძალიან გაანაწყენა.
ეს „ავე მარია” შესულია იმ კრებულის საუკეთესო 18 „ავე მარიას“ შორის, რომელიც გამოიცა 1991 წელს მოსკოვში. ნუნუ გაბუნია არის ერთადერთი ქალი კომპოზიტორი და ასევე ცოცხალი კომპოზიტორი, ვისი „ავე მარიაც“ მოხვდა კრებულში.
მე ჯერ კიდევ საქართველოში, ემიგრაციაში წამოსვლამდე, მქონდა შეხება ამავე „ავე მარიასთან“ (ქალბატონი ნუნუ არის რამდენიმე „ავე მარიას” ავტორი).
ემიგრაციაში ყოფნის დროს სმენით აღვიდგინე, არანჟირება გავუკეთე სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის, ასევე მივუსადაგე იტალიური ტექსტი იტალიელი საეკლესიო მოღვაწე რენატო რიჩონის (Renato Riccioni) დახმარებით, ამავე დროს, პარალელურად ვმუშაობდი ჩემი CD-ის გამოშვებაზე, აღსანიშნავია, რომ CD-ს გამოშვება დაასპონსორა ბატონმა რენატ რიჩონიმ, სადაც შესულია ქალბატონ ნუნუ გაბუნიას „ავე მარია”. CD იყიდება ყოველგვარი საავტორო უფლებების დაცვით.
როდესაც ქალბატონმა ნუნუმ მოისმინა ეს ჩანაწერი. მისთვის სასიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა და აღტაცება არ დაუმალავს. ქალბატონი ნუნუს გადმოცემით, „ავე მარია“ სწორედ იტალიური ტექსტით დღემდე ხშირად სრულდება ვენის სიმფონიური ორკესტრის მიერ. ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქალბატონ მანანა ხვედელიძის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ავტოგრაფი“, რომელიც მიძღვნილი იყო ქალბატონი ნუნუ გაბუნიას საიუბილეო შემოქმედებისადმი.
ქალბატონი მანანა ხვედელიძე არის მუსიკოლოგი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ლექტორი. საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი. ქალბატონი მანანანა ხვედელიძე გავიცანი  რომში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს და ჩვენს შორის თბილი ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

იტალიაში გაფასებენ, რადგან ყოველთვის უანგაროდ აწყობთ სხვადასხვა სახის ღონისძიებ, სადაც იწვევთ სახელგანთქმულ მომღერლებდა ხშირად თანამშრომლობთ იტალიის სამთავრობო პოლიციის სასულე ორკესტრთან – „Fanfara”.  ალბათ სასიამოვნო განცდაა, როცა გენდობიან…

პაპი ფრანცისკე, ფრანჩესკო გროლო და პოლიციის სასულე ორკესტრი-ბანდა

– ჩემთვის მართლაც დიდი ნდობა იყო, როდესაც თხოვნით მომმართა რომის წმინდა ეგნატეს  სახელობის ეკლესიიას იმდროინდელმა რექტორმა, პადრე ვიტალე სავიომ (Vitale Savio), რომ მომემზადებინა ჯოვანი პალატუჩისადმი (Giovanni Palatucci ) მიძღვნილი ღონისძიება და, აი, უკვე მესამე წელია, ყოველი წლის 10 თებერვალს, ჩემი გუნდისა და იტალიის სამთავრობო პოლიციის სასულე ორკესტრ „ფანფარას”  ( La Fanfara della Polizia di Stato) მიერ, მაესტრო სეკონდინო დე პალმას (Secondino De Palma) ხელმძღვანელობით, ვატარებთ ამ ღონისძიებას.
ინფორმაციისათვის: ჯოვანი პალატუჩი იყო იტალიელი ახალგაზრდა პოლიციელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს წამებით მოკლეს გერმანელმა ფაშისტებმა დაუხის საკონცენტრაციო ბანაკში, ვინაიდან საბუთების გაყალბების მეშვეობით, სიკვდილს გადაარჩინა 5000 ებრაელი. ამჟამად მისი წმინდანად აღიარებისთვის ემზადებიან.
ჩემთვის ნდობის დიდი ფაქტორია ის, რომ 2017 წლის 24 -25 დეკემბრის შობის სადღესასწაულო წირვების წაყვანა, როგორც ორგანისტს, მე მომანდეს მაშინ, როდესაც წირვების პირდაპირი ტრანსლაცია მიდიოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იტალიის ერთ-ერთი სამთავრებო არხის „რაიუნოს“ (RAI 1) მეშვეობით.
იხილეთ ვიდეო:
https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214280&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp
პანდემიის დროს, როცა პარალიზებული იყო მთელი მსოფლიო, თქვენც 3 თვე გამოკეტილი იყავით. 8 მარტს დაიკეტა ეკლესიები… რაზე დაფიქრდით კარანტინის დროს? რამდენად გამართლებული იყო ეკლესიების დაკეტვა? (საქართველოში ტაძრები არ დაკეტილა). ამჟამად როგორ, რა რეჟიმში ესწრებით წირვებს, პანდემიის საშიშროება ხომ ისევაა…
– მახსოვს სწორედ ა.წ. 8 მარტს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ჩემს განახევრებულ გუნდთან ერთად ვიგალობეთ წირვაზე (მეოთხედ),  მესას ატარებდა კარდინალი ანჯელო კომასტრი (Angelo Comastri), რომელიც გახლავთ პაპის მოადგილე. სწორედ ჩვენი გუნდი იყო, რომელმაც ბოლოს იგალობა ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში და წირვის დამთავრების შემდეგ დაიკეტა როგორც მთავარი ტაძარი, ასევე იტალიაში მოქმედი ყველა ეკლესია.
ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ერთადერთი და სწორი იყო, რადგან, საქართველოსგან განსხვავებით, იტალიაში მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დღეში 2-5 წირვა ტარდება, სადაც უამრავი მრევლი ესწრება, და ეს იქნებოდა კატასტროფა. იმ დროს, როცა პანდემიის გამო დაიკეტა ეკლესია-ტაძრები, სხვა უამრავი საგუნდო კოლექტივის მაგალითით ჩვენი გუნდის ოფიციალური ფეისბუქგვერდი შევქმენით (https://www.facebook.com/Coro-polifonico-Musica-Creator-1043024489073288/), გამოვაქვეყნეთ ორი კლიპი. ამ ორი კლიპიდან ერთი-ერთი კლიპი  შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი სიმღერის ბაზაზე შეიქმნა, რადგან სიმღერის ტექსტი დღევანდელობასაც მიესადაგება, გადავწყვიტეთ, ამ სიმღერისათვის ასე მიგვეცა მეორე სიცოცხლე. პანდემიამ პირადად მე კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, თუ რამდენად მართალია უფლის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა და განსაკუთრებით: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს“.
მას შემდეგ, როცა გაიხსნა ეკლესია, სადაც მე ვარ, წირვები ტარდება ყოველგვარი რეგულაციების დაცვით. შემცირდა ყოველდღიური წირვების რაოდენობა, წირვებს შორის პაუზის დროს ეკლესიები იწმინდება სპეციალური საშუალებებით და ნიავდება, ეკლესიაში შესვლამდე თითოეულ ადამიანს ეზომება სიცხე, ხელებს იმუშავებენ ხსნარით და  საჭირო მანძილის დაცვით, პირბადეებით ესწრებიან წირვას. ამ რეგულაციებიდან გამომდინარე, ყოველ წირვაზე დასწრება 700 მრევლის ნაცვლად ხოლოდ 150 მრევლს შეუძლია.
თქვენგუნდს, რომელიც, ძირითადად, იტალიელებითა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებით არიდაკომპლექტებული და სადაც არცერთი ქართველი არ არის, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული საგალობლები თუ შეუსრულებია?
– მიუხედავად ჩემი მრავალჯერადი მცდელობისა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გუნდში, დაარსებიდან დღევანდლამდე, არცერთი ქართველი მონაწილე არ მყოლია, რაც ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ქართულ რეპერტუართან დაკავშირებით, გეტყვით, რომ, დიახ, ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში სხვადასხვა დროს შევასრულეთ შემდეგი ქართული მართლმადიდებლური საგალობლები: „წმინდაო ღმერთო”,  „მადლობა უფალს“, „ქრისტე აღსდგა მკვრდეთით”, „მრავალჟამიერი”, „შენ ხარ ვენახის” ორი ვერსია – ხალხური და ოთარ თაქთაქიშვილის „შენ ხარ ვენახი”, ორატორიიდან „შუშანიკის წამება“.

იხილეთ ვიდეო:    https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214282&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp
მეგობრობთ ქართველ ხელოვანთან, ფატი კახნიაშვილთან, რომელიც ყურძნის მტევნების ფორმის სამკაულებს ქმნის. ეს სამკაული, როგორც ვიცი, ენიო მორიკონესაც გაუგზავნეთ…

ფატი კახნიაშვილი სტუმრად ლაურა გოგიაშვილთან

– 2019 წლის ოქტომბერში, ქალბატონ ნენო გაბელიასაგან, რომელიც იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში და რომელიც უდავოდ არის ძალიან ნიჭიერი, საქმის პროფესიონალი, მივიღე მოწვევა ქართული ხელოვანის, ქალბატონ ფატი კახნიაშვილის მიერ შექმნილი სამკაულების პერსონალურ გამოფენაზე. მას წინ უძღოდა ქალბატონი ელჩის მიერ მომზადებული კონფერენცია – „ქართული ქვევრის ღვინის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ“.
ამ ღონისძიებას სხვებთან ერთად ესწრებოდა ჩემი მომღერალთა გუნდის რამდენიმე წევრი, რომლებიც განცვიფრებულები დარჩნენ მოსმენილით და კიდევ უფრო განცვიფრებულები ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაციით.
სწორედ მაშინ გავიცანი ეს საუცხოო პიროვნება, სუფთა შინაგანი ბუნების პატრონი და დიდებული ხელოვანი. სწორედ ამ დღეს, მისი და მისი ვაჟის ჩემს ოჯახში სტუმრობის დროს, ჩაეყარა საფუძველი ჩვენს მეგობრობას,  იმ დღეს მოვილხინეთ და ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ ჩვენი ცხოვრებიდან. ამ საუბრის დროს გავანდე ჩემი სურვილი, რომ მინდოდა მესიამოვნებინა და მეჩუქებინა საუკეთესო ქართული ღვინო ჩემი ეკლესიის ყოფილი რექტორის და ამჟამად რომის ეპისკოპოსის, პადრე დანიელ ელიბანორისათვის, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახის წინსვლისთვის.
დიდი სურვილი მქონდა, რომ მისივე მეშვეობით  (ისინი მეგობრები იყვნენ) მესიამოვნებინა მაესტრო ენიო მორიკონესთვის და მეჩუქებინა ქართული საუკეთესო ღვინო მისადმი უზომო მადლიერების ნიშნად.
ქალბატონმა ფატიმ საქართველოდან გამომიგზავნა ქართული საუკეთესო ღვინოები, რომელებიც შემკობილი იყო მისი ხელთნაკეთი საუცხოო ყურძნის მტევნებით. გამოგზავნილი ღვინოებიდან ერთ-ერთი იყო ჩემთვის განკუთვნილი, ამ საჩუქარს დღემდე სათუთად ვინახავ. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მას და ვუსურო ყოველივე საუკეთესო როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაში. მჯერა მისი ნიჭიერებისა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალი ნამუშევრით გაგვაოცებს.

ლაურა გოგიაშვილის მეუღლე – შოთა ნასყიდაშვილი, ნენო გაბელია, ფატი კახნიაშვილი, გუნდის რამდენიმე წევრი და ლაურა გოგიაშვილი, სამკაულების გამოფენისა და ქართული ღვინის დეგუსტაციის დროს

თქვენი გუნდი მსოფლიო საერთაშორისო ფესტივალ -კონკურსის „WORLD FOLK VISION“-ის ნახევარფინალში გავიდა, 3950 მონაწილეს შორის 200-ს შორის მოხვდა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა?
– 2019 წლის 25 მაისს ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა მისი მეგობარი საერთაშორის ფესტივალ – კონკურსის „WORLD FOLK VISION“-ის იტალიის სექციის ხელმძღვანელი, ბატონი მანფრინ რანიერი (Manfrin Ranieri) და აცნობა, რომ ტარდებოდა ზემოთ მითითებული ფესტივალ-კონკურსი და ჰკითხა, ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას ჩემი გუნდი.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინრეჟიმით რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, გადავწყვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა და გავიარეთ რეგისტრაცია. რამდენიმე დღის შემდეგ მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩემი გუნდი „Coro polifonico Musica Creator” შერჩეულია კონკურსის მეოთხეფინალში მონაწილეობის მისაღებად იმ 200 მონაწილეს შორის, რომელიც შეირჩა 3950 პრეტენდენტისაგან, ასევე მაცნობეს, რომ იტალიის საგუნდო ჯგუფებიდან მხოლოდ ჩემი გუნდი შეირჩა. ნახევარფინალში გასული 200 საკონკურსო ნომრიდან ფინალში  გასასვლელად შეირჩა მხოლოდ 100 საკონკურსო ნომერი, რომელთა შორის ჩემი გუნდი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა.
ყოველ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია. კონკურსის ფინალში გასვლის შემთხვევაში უნდა გვემღერა ჩემ მიერ არანჟირებული „სოლისტისა და გუნდისთვის“, ბატონი ვაჟა აზარაშვილის „ნოქტურნი”,  რომელიც ყოველთვის მსმენელის დიდ მოწონებას იმსახურებს.

იხილეთ ვიდეო:
https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214285&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp
შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნაზე რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, გამართულ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდით. ამ დღისთვის სპეციალურად სიმღერა დაიწერა…

– 2010 წლის დასაწყიში  ბატონ კოტე გაბაშვილთან შეხვედრის დროს, რომელიც იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში,  მან მთხოვა, რომ თუ შეიძლებოდა იტალიურ ენაზე დაწერილიყო სიმღერა, რომელიც გულწრფელ მეგობრობასა და სიყვარულს უმღერებდა.
სწორედ ამ პერიოდში ვწერდი ჩემს CD-ს ბატონი რენატო რიჩიონის (Renato Riccioni) სპონსორობით, სწორედ ბატონი რენატო რიჩიონია იმ სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი (მუსიკის არანჟირება მე მეკუთვნის).
სიმღერის სათაურია „უფრო დიდი სიყვარულისთვის“ (per un amore più grande), რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველს. 2010 წლის 9 აპრილს რომში, ვილა ბორგეზეს (Villa Borghese) პარკში, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონიის დროს, პირველად შესრულდა სიმღერის ავტორის, ჩემი და მომღერალთა პატარა ჯგუფის მონაწილეობით.

იხილეთ ვიდეო:
https://onedrive.live.com/?authkey=%21ADJOOrGoWs6Vj38&cid=925D2ECD7E44D756&id=925D2ECD7E44D756%214287&parId=925D2ECD7E44D756%214278&o=OneUp   

შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნას საქართველოდან ესწრებოდა ოფიციალური დელეგაცია, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ბატონ ნიკა რურუას ხელმძღვანელობით.                                                                                                                 აღსანიშნავია, რომ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდმა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის იყო ამაღელვებელი, სიამაყით აღსავსე და დაუვიწყარი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში
საქართველოსთვის ბევრს აკეთებთ თქვენი მოღვაწეობით…

პოლიფონიური გუნდის Coro polifonico Musica Creator -ის სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტოკოლაჟი

– ვიტყვი, რომ ჯერჯერობით განსაკუთრებული არაფერი არ გამიკეთებია საქართველოსთვის.
ჩემი მოკრძალებული წვლილი შემოიფარგლება იმით, რომ ჩემ მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებზე ჟღერდება ქართული კლასიკური, პოლიფონიური მუსიკა და ქართული მართლმადიდებლური საგალობლები.
ვმონაწილეობ იტალიაში საქართველოს საელჩოსა  და წმიდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
ჩემი მონაწილეობით უფასოდ დაეთმოთ ჩემი ეკლესია კონცერტის ჩასატარებლად ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდს. ასევე, ჩემი დახმარებით, მოიძებნა სპონსორი, რომელიც დააფინანსებდა ანსამბლის წევრთა სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
ჩემი დახმარებით აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, რომელსაც ხელმძღვანელობდა აწ გარდაცვლილი უნიჭიერესი გურამ ყურაშვილი, უფასოდ დაეთმო კონცერტის ჩასატარებლად რომის ორი დიდი ეკლესია.
კონცერტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ჩემს მომღერლებთან ერთად მონაწილეობა მივიღე რომში, ვილა ბორგეზეს (Villa Borghese) პარკში, შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონიაში.
2019  წელს,  საქართველოში ჩემი ყოფნის დროს, პირადად გავიცანი ბერი ანდრეას საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი – დედა თინათინი. მასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ  2020 წელს რომში ჩამეტარებინა საქველმოქმედო კონცერტი ფონდის დასახმარებლად.
რომში დაგეგმილი იყო ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიების მუსიკალურად მე უნდა გამეფორმებინა.
ასევე რომში დაგეგმილი იყო თბილისელი ხატმწერის, ბატონი დავით ლუაშვილის ხელთქმნილი ხატების გამოფენა, რომელზეც უნდა გაჟღერებულიყო ჩემი გუნდის მიერ შესრულებული სიმღერები.
სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიის გამო,  2020 წლის გეგმებმა დროში გადაიწია. იმედს ვიტოვებ, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და  გაუქმებული ღონისძიებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა.
ჰობი…
– იყო დრო, ვხატავდი, ერთი პერიოდი კედლის ხალიჩების მოქსოვაც დავიწყე და არცთუ ურიგოდ, სამხატვრო აკადემიიდანაც მოდიოდნენ ჩემი ნამუშევარის სანახავად. სამწუხაროდ, ეს გატაცებაც ხანმოკლე გამოდგა, რადგან მალე მომიწია საქართველოს დატოვება.
   ოჯახი…
– მყავს მეუღლე – შოთა ნასყიდაშვილი და 2 შვილი – ვერიკო და ვახტანგ ნასყიდაშვილები. მეუღლე პრფესიით ქორეოგრაფია ბოლო ათწლეულია დაკავებულია ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციით იტალიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წარმატებით თანამშრომლობს იტალიისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ორგანიზატორებთან. ვერიკომ წარჩინებით დაამთავრა L’Università degli Studi di Roma “La Sapienza” –  უცხო ენების ფაკულტეტი. ვახტანგი არის ინფორმატიკის სპეციალისტი.
დღესდღეობით ორივენი ცხოვრობენ და მუშაობენ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის მსხვილ ტექნოლოგიური კომპანიებში.
სამომავლო გეგმები… ხომ არ აპირებთ მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში?
– ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო, ჯერჯერობით ჩემს უახლეს გეგმებში არ შედის საქართველოში დაბრუნება, აქ გავაგრძელებ მოღვაწეობას იმ იმედით, რომ ღმერთის წყალობით ოდესმე დავბრუნდები ჩემს სათაყვანებელ სამშობლოში.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები