,,ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა – როგორ აფასებენ სიის შემადგენლობას საზოგადოების ცნობილი სახეები

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება“ 10 სექტემბერს პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. თუ  მმართველი პარტიის ოცეულის პირველი ხუთეული, მათ შორის პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატები,  ქართველი ამომრჩევლისთვის მოქმედი და კარგად ნაცნობი სახეები იყვნენ, სიურპრიზი აღმოჩნდა ,,ქართული ოცნების“ ახალი სახეები, რომელთა უმრავლესობაც სახელისუფლო პარტიას  ძირითადად 2014-2018 წლებში შეუერთდა. ახალი სახეების აბსოლუტური უმრავლესობა იურისტი, ან ეკონომისტია, რომლებმაც განათლება უცხოეთის ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს.

“კვირამ“ ,,ქართული ოცნების“ პროპორიული სია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებსა და პოლიტიკოსებს შეაფასებინა:

ია მეტრეველი:

-,,ქართული ოცნების“ სიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ ნომრად გახარიას ხილვა იყო. ის რჩება ქვეყანაში პირველ პირად, ეს კი სახელმწიფოს სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიაში ვიხილე ნაცნობი პოლიტიკოსებიც მთავრობის შემადგენობიდან. იყო ბევრი ახალი სახე, რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ მათი ბიოგრაფიები საინტერესო და იმედისმომცემია. ვნახავ აგრეთვე ოცეულის შემდეგ სიით დეპუტატებსაც და მექნება სრული წარმოდგენა მმართველი გუნდის შემადგენლობაზე. დიდი სურვილი მაქვს, მომავალ პარლამენტში ვიხილო ,,პატრიოტთა ალიანსი“ მძლავრ ოპოზიცირ ძალად. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების“ პირველ ოცეულს – ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები შემადგენლობა იყო.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

-,,ქართული ოცნების“ პირველი ოცეულის წარდგენამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. გარდა გახარიას, წულუკიანის, კობახიძის, თალაკვაძისა, რომლებიც პოლიტიკაში დამკვირდნენ და აქვთ გარკვეული გამოცილება, სიაში არსად ჩანდნენ პოლიტიკოსები, რომლებმაც რაღაც მაინც გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. კარგია კალათბურთელი და მორაგბე, მაგრამ რა შუაში არიან კანონშემომედებით მუშაობასთან? პროფესორები აუდიტორიებში უნდა ისხდნენ და არა  – პარლამენტში. რას ნიშნავს ქართული განათლების სისტემისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება? ოღონდ უმაღლესი სადმე დაამთავრე და ქართულ პოლიტიკაში ადგილი გარანტირებული გაქვს? ვაჟამ, ილიამ, ვეკუამ, მუსხელიშვილმა საქართველოს მიყრუებულ სოფლებში ისწავლეს, ნუ დაგვავიწყდებათ ეს. სააკაშვილის მიდგომებიც ზუსტად ასეთივე იყო. მეჩვენება, რომ ,,ოცნება“ თანდათან იმ ძალას ემსგავსება, რომელიც შოლტით გავყარეთ პოლიტიკიდან. მთავარი კითხვა მაინც რჩება: ჰგავს მმართველი პარტიის სია იმ ქვეყნის პარლამენტის სიას, რომლის 20% ოკუპირებულია და მისი მილიონ-ნახევარი მოსახლე ღატაკია? მოწვეულ სტუმართა შორის დავინახე ყმაწვილი, რომელსაც ფიგურალურად ,,ჩემმა მზემ“ უწოდა ტელემაყურებელმა. არ მგონია, შემთვევით მოხვედრილიყო მმართველი გუნდის შეკრებაზე, ამ დროს დაპატიჟებულთა სიაში ვერ აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა კავშირისა და იმ 9-წლიანი რეჟიმის დანგრევაში, რომელთა ძალისხმევამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა, მაგალითად – თამარ ჩხეიძე? მეჩვენება, რომ მომავალი პარლამენტი ყველაზე არაკვალიფიცირებული იქნება.

მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, ,,სოციალ-დემოკრატიული პარტია“:

,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ოცკაციან სიაში თითქმის ყველა ერთი თაობისაა, უმეტესობა ან იურისტი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ახალი და ახალგაზრდა სახეები, როგორც ჩანს, პოლიტიკის განახლებაზე უნდა მიანიშნებდნენ საზოგადოებას – ასეთი იყო, უნდა ვივარაუდოდ, ივანიშვილის ჩანაფიქრი.
მაგრამ, პარადოქსულად, ეს არის სწორედ ის თაობა და ის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის მზად ცვლილებებისთვის. მათ არ ენდომებათ და არ შეეძლებათ, შეცვალონ განვითარების ის მიმართულება, რომელსაც იცნობენ და რომელშიაც წარმატებას მიაღწიეს.
არადა, საქართველოსა და მსოფლიოში ცვლილებების დრო დგება. დღეს ქვეყანას სჭირდება არა ტექნოკრატები, არამედ  – პოლიტიკური ლიდერები, ვინც იტყვის – დიახ, უნდა გავბედოთ და ახალ გზას დავადგეთ; დიახ, სხვა პერსპექტივებიც არსებობს, სხვა საქართველო შესაძლებელია!
პოლიტიკის განახლება აუცილებლია, მაგრამ ის მოხდება არა თაობების ცვლით, არამედ – ახალი იდეებისა და ხედვების გამარჯვებით. მხოლოდ ასე დამთავრდება საზოგადოებისთვის მიუღებელი ის ვითარება, რომელშიაც დღეს ვიმყოფებით.

მალხაზ თოფურია, ,,პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწინდაზე:

-ნახევარლიბერალიზმი! ,,ოცნების“ სია ასეთ შთაბეჭილებას ტოვებს. თუმცა, ეს ვიქტორ სანიკიძესა და კაჭარავს არ ეხებათ. ძალიან მაგარია, გუნდშიც 13 რომ ხარ და – პარლამენტშიც! გული დამწყდა, როდესაც ღარიბაშვილი ვერ აღმოვაჩინე ვერსად. ლიბერალობა არ ეხებათ ჯანსაღად მოაზროვნე გახარიას, ღარიბაშვილს, წულუკიანს. არ ველი, რომ ეს პარამენტი იმსჯელებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, სამაგიეროდ, ხელს მოაწერენ იმას, რომ საქართველო არასოდეს შექმნის ატომურ ბომბს, რამდენიმე ნაბიჯით კიდევ დაუახლოვდება ნატო-ს, გააკეთებს სხვა მეორეხარისხოვან განცხადებებს, ყველაფერს – გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისა.

თამარ ჩეხიძე:

-საკმაოდ უემოციოდ ვუყურე ,,ქართული ოცნების“ სიის წარდგენას. ჩვენს ქვეყანაში ასეა ისტორიულად: თუ ფულის შოვნა გინდა, ხელისუფლებასთან უნდა იყო. ასეთი სურათია დღესაც, ახალი არაფერია. ივანიშვილი და მისი გუნდი დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში, საამისოდ მძლავრ ბერკეტებსაც ფლობენ და ვერ ხედავენ ვერანაირ წინააღმდეგობას. ამას მოსალეობის განწყობა და შინაგანი ფაქტორებიც განაპირობებს. ოპოზიცია კი, წინასაარჩევნოდ, სერიოზულ შეცდომებს უშვებს. ისინი დაიქსაქსნენ და ვერ შეძლეს გაერთიანება, რაც ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. არჩევნების ბედი არჩევნებამდე წყდება. თუ იქამდე რამე სიურპრიზი არ შემოგვთავაზა პოზიციამ ან ოპოზიციამ, მომავალი პარლამენტი იქნება საკმაოდ უინტერესო და ერთფეროვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები