გორში დაიბადა და ბავშვობის წლებიც იქ გაატარა. ტყუპ ძმასთან ერთად მღეროდა გორის ვაჟთა გუნდში, სიმღერა მათი განუყრელი თანამგზავრი იყო. ძმების მიერ შესრულებული სიმღერა – „ბერიკაცი ვარ“ მე-20 საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში შეიტანეს.
ბავშვობიდან სიმღერასთან ერთად ხატავდა, მაგრამ ბოლოს მაინც ხატვა აირჩია პროფესიად, თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დაამთავრა, თუმცა ბოლოს ფერწერაში განაგრძო მუშაობა.
ამბობს, რომ პანდემიის დროს ნაყოფიერად იმუშავა და ყველაზე მეტი ნახატი გაყიდა როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, და სამი ქვეყნიდან შეთავაზებაც მიიღო სხვადასხვა პროექტით.
თბილისში პირველი გამოფენისთვის ემზადება – „სამყარო ხელისგულზე“, რომელიც სექტემბერში გაიმართება. – მხატვარ დავით მურაჩაშვილის პერსონა.
– დავიბადე გორში, მყავს ჩემზე 5 წლით უფროსი და და ტყუპისცალი ძმა, დედა პედაგოგი იყო, თუმცა კარგა ხანია პედაგოგად აღარ მუშაობს. მამა დიზაინერია, ძალიან ხანგრძლივი სამუშაო სტაჟით და, მე ვიტყოდი, უნიჭიერესი ადამიანი თავის პროფესიაში. რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში მუდმივად იყო სამუშაო პროცესი, ფანქრები, საღებავები, ტილოები, სახაზავები და… მამაჩემის ხელოვანი მეგობრები. ეს ძალიან კარგი დრო იყო. ბავშვები ყველაფერს ინტერესით აკვირდებიან და მეც სულ მაინტერისენდა, როგორ ოსტატურად გამოჰყავდა მამაჩემს ხელით ასოები, ლოგოები, ნახაზები. ჩემთვის ეს ძალიან საინტერისო პროცესი იყო.
დედაჩემი მკაცრი, მაგრამ ამავე დროს კეთილი და სამართლიანი ადამიანია, რომ არა მისი შეუვალი სიმკაცრე სწავლა-განათლების მიმართ, ჩვენ სიმღერა და ხატვა კი არა, ეზოდან ვერ ამოგვიყვანდა ადამიანი… ერთთავად ბურთს დავდევდით.
– ხალხური სიმღერის ვაჟთა კაპელა „ქართლში“ მღეროდით, ყველაზე პატარა წევრები თქვენ და ტყუპი ძმა თემური იყავით. სწორედ თქვენი შესრულებით სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ მე-20 საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში შეიტანეს. ..
– 90-ინ წლებში გორის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ჩამოყალიბდა ვაჟთა გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც იყო გიორგი საძაგლიშვილი – უნიჭიერესი და უკარგესი ადამიანი. გამოცხადდა კონკურსი 6-დან 14 წლამდე ვაჟებისთვის და შეიკრა ძალიან კარგი გუნდი. ყველაზე უმცროსები – 6 წლის ასაკის, ვიყავით მე და ჩემი ძმა.
ყველას გახსოვთ, ეს რა დრო იყო, არ იყო შუქი, გაზი, იყო ტალონები, მაგრამ ვიყავით ჩვენ – მომღერალი ბიჭები, ვმღეროდით სხვადასხვა ქალაქში, გამოვდიოდით კონცერტებით, კონცერტებს ვმართავდით თბილისში, ჩაწერები გვქონდა ტელევიზიაში, ახლა მიკვირს, ჩვენი გიორგი საძაგლიშვილი ამდენ რამეს როგორ ახერხებდა – პლუს 40 „არანორმალური“ ბავშვი…
მე და ჩემს ძმას სიმღერა ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაგვექცა, ვმღეროდით ყველგან. როცა ჩვენი სახლიდან ჩვენი სიმღერის ხმა გადიოდა, ფანჯრებთან ხალხი ჩერდებოდა და გვისმენდა. მერე ან ჩვენ, ან ოჯახის რომელიმე წევრს ეტყოდნენ, რომ ჩუმად გვისმენდნენ.
ასეთი იყო ჩვენი ბავშვობა, არეულობა ქვეყანაში, სიბნელე, სიცივე, მაგრამ ბევრი სიმღერა. მერე მოგვისმინა ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და ასე ჩაიწერა ხალხური სიმღერის ოქროს ფონდისთვის ჩემი და ჩემი ძმის მიერ შესრულებული სიმღერა – „ბერიკაცი ვარ“.
მაშინ 12 წლისანი ვიყავით, რომ გითხრათ, რამე ემოცია გვქონდა-მეთქი, მოგატყუებთ, არანაირი ემოცია არ გვქონდა, გაგვიხარდა, სულ ეგ იყო, საერთოდ, როცა უცნობი და ნაცნობი ადამიანები ქუჩაში გვხვდებოდნენ, გვაქებდნენ და გვეფერებოდნენ, მეც და ჩემი ძმაც ყოველთვის უხეხულობას ვგრძნობდით. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ როცა ვინმე მაქებს, ახლაც ასე ვარ.
– ბავშვობიდან სიმღერასთან ერთად ხატავდით, მაგრამ ბოლოს მაინც ხატვა აირჩიეთ პროფესიად, თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დაამთავრეთ, თუმცა ბოლოს ფერწერაში განაგრძეთ მუშაობა. პირველი ნახატები…
– ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდა, როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა და სამხატვრო აკადემია ავირჩიეთ, მანამდე უკვე დამთავრებული გვაქვს სამხატვრო სკოლა და ვსწავლობთ მუსიკალურ სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განხრით. არჩევანია გასაკეთებელი და ვირჩევთ ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტს, ყოველგვარი მომზადებისა და რეპეტიტორების გარეშე, სპონტანურად. მამაჩემმა ჩაგვიტარა ორივეს 2 თუ 3 გაკვეთილი, სულ ეგ იყო. ორივე ძმა ვხდებით სტუდენტები, პარალელურად ვიწყებთ სიმღერას ანსამბლ „ერისიონში“ . ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა სიხარულით მიგვიღო, მაგრამ ამ ანსამბლს თავისი სამუშაო განაკვეთი ჰქონდა 12-დან 5 საათამდე, ჩვენ კი სტუდენტები ვიყავით და არანაირად არ გვიხერხდებოდა, ორივეს გავწვდენოდით და გარკვეული პერიოდის მერე ანსამბლისთვის თავის დანებებამ მოგვიწია. ასე შემოვრჩით ხატვას და დიზაინს.
დედაჩემს ახლაც შენახული აქვს ჩემი პირველი ნახატები, რომელიც ფანქარში შევასრულე, რაც შეეხება საღებავით ხატვას, ერთი საინტერისო ამბავი მოხდა – 12 თუ 13 წლის ასაკში ავად გავხდი და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. 40 დღე უნდა ვწოლილიყავი, ლოგინში რომ გავეჩერებინე, დედაჩემმა წიგნები, მუყაოსმაგვარი რაღაც მასალა (მამაჩემის მასალებიდან) და ზეთის საღებავები მომცა და მითხრა, რომ 3 წიგნი მაინც უნდა წამეკითხა და რამდენიც გამიხარდებოდა, იმდენი ნახატი დამეხატა, 3 წიგნიც წავიკითხე და 3 ნახატი დავხატე პირველად ზეთში, ეს სამივე ნახატი ახლაც დედაჩემთან ინახება, ხოლო თეთრეული, რაშიც ვიწექი, ისე იყო საღებავებით დასვრილი, რა თქმა უნდა, გადასაყრელი გახდა,.
– სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, ხელოვანი მანდ უფრო დაფასებულია?
– ხშირად ამბობენ, რომ ხელოვანი საქართველოში არ არის დაფასებულიო. მე ასე არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ, რომ ქართველები უნიჭიერესი ერი ვართ და შეფასების კრიტერიუმიც მაღალი გვაქვს, თუ დაფასება ხელოვანის ნაშრომის შეფასებაში გამოიხატება, ეს სხვა საქმეა.
რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მეტს გიხდიან, ვიდრე აქ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ მეტად გაფასებენ. აქ მეტად გაფასებენ, მეტს გთხოვენ, მაგრამ იქ მეტს გიხდიან.
მე, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს არ ვგულისხმობ, საკუთარი ადგილი რომ ვერ უპოვიათ და სხვისი ნიჭის ბოღმა ახრჩობს, სამწუხაროდ, ასეთებიც არსებობენ. მე კარგი ადამიანები მიყვარს, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ცუდ ადამიანებთან ურთერთობას ყოველთვის გავურბივარ.
– მუსიკის ფონზე ხატავთ… მხატვრობაშიც სხვადასხვა მიმდინარეობა გაინტერესებთ. და მაინც, რომელს ანიჭებთ უპირატესობას შემოქმედებაში?
– ვინც ჩემს ნახატებს გადაავლებს თვალს, მიხვდება, რომ თითქმის ყველა მიმდინარეობა მოვსინჯე, ვერ გეტყვით, როგორ, ან რა დროს რა მიმდინარეობას ვირჩევ, წინასწარ არასოდეს არ ვაკეთებ ჩანახატს, ესკიზს, არ ვმუშაობ ფანქარში, არაფერს ვგეგმავ, მომინდა ხატვა? ვდგები, ვიღებ ტილოს, საღებავს, ფუნჯს, ვრთავ მუსიკას, ძირითადად, ქართულ ხალხურს, ან იტალიურს და მერე რა ხდება, ვერ გეტყვით, ჩემი ფუნჯი თვითონ „არჩევს „მიმდინარეობას“, თვითონ „ხატავს“, ფერებსაც თვითონ „ადებს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს. გიკვირთ? გარწმუნებთ, ასეა, შეიძლება ერთ დღეში სამი ნახატი დავხატო, შეიძლება ერთი კვირა, ან სულაც ერთი თვე – გავჩერდე.
– პანდემიის დროს ყველაზე მეტი ნახატი გაყიდეთ. რა შეცვალა თქვენში, შემოქმედში პანდემიამ და კარანტინმა?
– ყველაზე მეტი ნახატი პანდემიის დროს გავყიდე როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, პანდემია და კარანტინი, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ჩემთვის დეპრესიის საბაბი არ მოუცია.
ნაყოფიერად ვიმუშავე, სამი ქვეყნიდან შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა პროექტით და რაც მთავარია, ჩემთვის ყველაზე მეტად სასიხარულო მოვლენა იყო – ჩემი ტყუპი ვაჟის შეძენა.
– „სამყარო ხელისგულზე“ – სექტემბერში გამოფენისთვის ემზადებით. რით იქნება ეს გამოფენა სხვა გამოფენებისგან განსხვავებული?
– ეს იქნება ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ეს გამოფენა სწორედაც რომ ჩემი სამყარო იქნება, ძალიან დიდი და, ამავე დროს, ისე პატარა, რომ ხელისგულზე დავტევ და ჩემი შემოქმედების დამფასებლებს და შემფასებლებს მივუძღვნი.
– მუშაობდით ტიხრულ მინანაქარზე, ასევე შექმენით რამდენიმე ნამუშევარი უცნობი ტექნიკით, რომელსაც მამა იყენებდა დიზაინზე მუშაობის დროს… რატომ აღარ გააგრძელეთ მინანქარზე და ხსენებულ მხატვრულ კომპოზიციებზე მუშაობა?
– ამ გამოფენაზე მინდა ასევე ერთი კუთხე მივუძღვნა აპლიკაციით შესრულებულ ნამუშევრებს, ეს ტექნოლოგია მამაჩემის მიბაძვით ვისწავლე, მასალად ვიყენებ ფერად წებვად ქაღალდს (ორაკალს), ფერად ორგმინას და იარაღად საკანცელარიო დანას. ასეთი ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ალბათ დრო მოვა და ისევ გავაგრძელებ აპლიკაციაზე მუშაობას, ახლა ფერწერით ვარ დაკავებული.
მიმუშავია მინანქარზე, საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ჩარჩოები არ მიყვარს, თუ მინანაქარზე შაბლონურად ჩამოსხმული ვერცხლით, ე.წ. ლიწიოთი არ მუშაობ, ნამუშევარი ძვირდება, ჩვენი ბაზრისთვის კი ფასებია ძირითადი მამოძრავებელი.
თუმცა როცა მინანქარზე აქტიურად ვმუშაობდი, საფრანგეთიდან მქონდა კარგი შეკვეთა ექსკლუზიურად გულსაბნევებზე და ბეჭდებზე, ჩემი ნამუშევარი მინანქრიანი სამკაული რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვინმეს რომ დავუნახო, აუცილებლად ვიცნობ, რადგან ერთი და იგივეს არასოდეს ავიმეორებდი.
მართალი რომ გითხრათ, კარგა ხანია არ მიმუშავია, თუმცა იარაღები და ქურა ისევ მწყობრში მაქვს, თუ ხასიათზე დავდექი, ისევ გავახურებ ქურას და ახალ სამკაულებს შევქმნი. მხოლოდ რამდენიმე ცალი შემომრჩა და დედაჩემს აქვს სათუთად შენახული.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ცხოველები, ბუნება, ფეხბურთი, ბავშვობაში მახსოვს დედაჩემის მეგობარი საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო და ყელგამოწვდილი დასდევდა დედაჩემს, ეს ბიჭები ფეხბურთისთვის არიან გაჩენილები და რა სიმღერა და ხატვა აგიტყდა, ვერა ხედავ, რა მონაცემენი აქვთო? აბა, დედაჩემს მაგას ვინ დააჯერებდა, ყველაფერს ხედავდა ჩვენში ფეხბურთელის გარდა. მიყვარს თევზაობა, როცა ჩვენ სამივე, მამაჩემი, ჩემი ძმა და მე სათევზაოდ მივდივართ, ეგ არის ჩვენთვის დღესასწაული, ახლა ჩვენს სამეულს ჩემი 10 წლის ძმისშვილიც შემოუერთდა, საერთოდ, ჩვენი ოჯახის ყველა მამაკაცს გამორჩეულად უყვარს ფეხბურთი და თევზაობა, ეს უდავო ფაქტია.
– ოჯახი…
– როცა ახალ ნახატს დავხატავ, პირველ რიგში ჩემს დასთან ვაგზავნი, რომ შემიფასოს. უცნაური ის არის, რომ ჩვენს ოჯახში მხოლოდ ორი ადამიანი არ არის ხელოვანი, ჩემი და და დედაჩემი, მაგრამ ჩვენთვის, ყველასთვის, მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია და თქვენ წარმოიდგინეთ, არასოდეს არ ცდებიან, არც ხატავენ, არც მღერიან, მაგრამ მაინც ყველაფერი იციან….
დიდი ოჯახი მაქვს და ეს დიდი ბედნიერებაა, ერთის სიხარული ყველას სიხარულია და ერთის გაჭირვება, ყველას გაჭირვება. დედაჩემი მუდმივად გვიმეორებდა ყოველთვის, რომ ოჯახი ადამიანისთვის ყველაზე დიდი ნავსაყუდელია. და ადამიანი მაშინ არის ძლიერი, თუ ოჯახი ერთიანი და მჭიდროა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ არის და ეს ბუნებრივია, მაგრამ მთავარია, ყველა პრობლემას ერთობლივად ვჭრით.
– სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე ავღნიშნე, რომ სამი ქვეყნიდან მაქვს შემოთავაზება, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და დუბაიდან სხვადასხვა პროექტზე, ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვარ, ვისვენებ და გამოფენისთვის ვემზადები. ჩემი ტყუპების სახლში „მობრძანებისთვის“ ვემზადები, ჯერ ისევ სამშობიაროში არიან.
ახალი გეგმები და პროექტები მაქვს კიდევ და ჯერ არ გავამხელ. საერთოდ ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენს პლანეტაზეც, ჩვენს ქვეყანაშიც და ჩვენს სახლებშიც. გადაივლის ეს პანდემია, გაიხსნება საზღვრები, ისევ დაპატარავდება მსოფლიო, ისევ ვნახავთ ქუჩაში მომღიმარე ადამიანებს პირბადის გარეშე და პანდემიით გამოწვეული ეს უხერხული და შოკი სმომგვრელი ცხოვრება მხოლოდ ცუდი სიზმარივით გაგვახსნდება.
თამარ შაიშმელაშვილი
10 წლის წინ შესრულებული სიმღერა – დავით და თემურ მურაჩაშვილები და ანსამბლი „კერია“.
დავით მურაჩაშვილის ნამუშევრები