ნათია თურნავა: სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება – დღეიდან იწყება კონკურსი, რომელიც სამშენებლო ფართების გაყიდვის ოფციას შეეხება
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება – უკვე დღეიდან იწყება კონკურსი, რომელიც სამშენებლო ფართების გაყიდვის ოფციას შეეხება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებული საცხოვრებელი ფართების სახელმწიფოს მიერ გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკეთებს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის წარმოქმნის პრევენციას – ზოგადად, როგორც გვახსოვს, უახლოეს წარსულში საქართველოში კრიზისებს თან ახლდა პრობლემები სამშენებლო სექტორში და გროვდებოდა დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიდა, ძალიან ბევრმა ოჯახმა ამით იზარალა. ჩვენ გვინდა, რომ ამის პრევენცია გავაკეთოთ, როგორც ეს ადრე იყო გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილოება შეუძლია ყველა მენაშენეს, ვისაც საცხოვრებელი ფართების მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა აქვს მიღებული.
„ისინი იქნებიან გარანტირებულები, რომ სურვილის შემთხვევაში მათი ფართის 30% სახელმწიფოს მიერ იქნება შეძენილი, ეს ნიშნავს, რომ მათი რისკები მინიმალური იქნება და რაც მთავარია, მინიმალური იქნება იმ მოსახლეობის რისკები, ვინც ბინების აშენებას ელოდება და ამისთვის გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს აკეთებს. ჩვენ პერიოდულად მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს კონკურსი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საკონკურსო ბიუჯეტი 100 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები შესაძლებელია მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. კონკურსს ორგანიზებას უწევს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკონკურსო წინადადებების მიღების ვადა 2020 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება, საკონკურსო წინადადებების განხილვა კი 2020 წლის 11 ოქტომბერს.