„აქ ვიღაც ქალმა ჩაიარა სოფოკლეს ძეგლთან“ – ქართველი პოეტი ათენში, პეტრე მოციქულის ცრემლი და მინიმა კვირის წირვიდან

დაამთავრა ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა. ამბობს, რომ ყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები.. ჯერ კიდევ სკოლაში  წერდ ჩანახატებს, ლექსებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2016 წელს, ჩააბარა მაგისტრატურაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე.
მოგვიანებით სწავლობდა ასევე თბილისის სასულიერო აკადემიაში მაგისტრატურაშითეოლოგიის მიმართულებით.
2018 წელს დაიწყო ახალი ბერძნული ენის შესწავლა ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წლის ოქტომბრიდან  ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია.
ამბობს, რომ პოეზია არის სიცოცხლე! მშვენიერება! მელოდია! ის, რის გარეშეც სამყარო ვერ იარსებებდა. კრებულის გამოცემაზეც ფიქრობს.
ათენში სწავლის დასრულების შემდეგ კი,  აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში, რომ ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. – ალექსანდრე ჯინჭარაძის პერსონა.

– როგორც, ალბათ, ყველა ბავშვი, უბრალო გარემოში გავიზარდე. მრავალწევრიანი ოჯახი ვიყავით. მერე ნელ-ნელა შევცოტავდით, როგორც მარკესის „მარტოობის ას წელიწადშია“.
ვსწავლობდი ჩემთვის დღემდე საყვარელ სკოლაში, მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები. დამრიგებელმა, ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა – განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს ჩემს შინაგან სამყაროზე. ჯერ კიდევ სკოლაში ვწერდით ჩანახატებს, ლექსებს – ვისაც როგორ შეგვეძლო.
იმთავითვე განსაკუთრებით მიმიზიდა პოეზიამ. მახსოვს, დედა როგორ მასწავლიდა  ტიციან ტაბიძის „მაშ, გამარჯვებას“.
ლექსში სხვა სამყაროს აღმოვაჩენდი ხოლმე, თუმცა, უშუალოდ ლექსის წერა, გვიან, სადღაც 16 – 17 წლისამ დავიწყე…
მახსოვს, დედამ როგორ მაჩუქა ჩემი პირველი წიგნი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი”… მამამ კი –  „ძმები გრიმები”. მოკლედ, საბავშვო ლიტერატურა იყო ჩემი პირველი ინტერესის სფერო, ჩემი პირველი სიყვარული!
ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა დაამთავრეთ...
– რამდენიმე პედაგოგი გასაკუთრებით მიყვარს. მახსოვს მათი გაკვეთილები. მახსოვს ჩემი დიდი კლასი. დილის ლოცვები. გემრიელობები ბუფეტში, რომელსაც კარლსონივით ვესხმოდით ხოლმე თავს.
მახსოვს ჩვენი ექსკურსიები… დღემდე, როგორც ადრე, გავდივარ ხოლმე იგივე გზას შინიდან ჩემს სკოლამდე… თუმცა, მეგობრები არ მხვდებიან გზად… ეს კადრები დღემდე თვალწინ მიდგას, როგორც უძვირფასესი ფირი ჩემი სიცოცხლისა… იგი რომ ვინმემ ამოჭრას ჩემი ცხოვრებიდან, გავღატაკდები… ჰო, ჩვენმა კლასმა სკოლა 8 წლის წინ დაამთავრა, თუმცა, მე ახლაც შევნატრი იმ წლებს! ზოგჯერ შევდივარ რომელიმე გაკვეთილზე და ლექსებს ვკითხულობთ. ბავშვებთან განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება. ისინი ყველაზე წრფელი მკითხველები და მსმენლები არიან.
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შემდეგ მაგისტრატურაშიც ჩააბარეთთბილისის სასულიერო აკადემიაში თეოლოგიის მიმართულებაზე სწავლობდით (მანამდე შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაზეც)….  რას გაიხსენებთ?
– აი, ეგ ყველაზე რთული პერიოდია, მგონი, ანუ ჩემი ცხოვრების ბოლო 8 წელი.
თსუ და იქაური პირველგამოცდილება იყო საუცხოო, საუკეთესო, დაუვიწყარი! ვსწავლობდი სოციოლოგიას, ფილოსოფიას, რამაც მერე გზა გამიხსნა – თეოლოგიისკენ. მივხვდი, რომ საკუთრივ ფილოსოფიურ მეცნიერებას რაღაც ისეთი აკლდა, რაც შემეძლო სხვაგან მეპოვა. შუალედში, ლიტმცოდნეობაც ვცადე, მაგრამ რაღაც სხვას ველოდი და იქ სხვა გარემო დამხვდა… და რახან დიპლომის გამო იქ არ ჩამიბარებია, მივატოვე…
სასულიერო აკადემიაში საუკეთესო მეგობრები შევიძინე. განსაკუთრებით შემიყვარდა რამდენიმე პედაგოგი. საერთოდ, გულის სიღრმეში, მე უფრო ქართული ფილოლოგია მაინტერესებს. ოდესმე, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს რომელიმე სოფელში ქართულის მასწავლებელი ვიყო… ეს ჩემი ფარული ოცნებაა…
პირველი ლექსები
– ალბათ ყველას, ვინც წერს, ეკითხებიან ამას. მე კონკრეტულს ვერაფერს გავიხსენებ. თუმცა, უკლებლივ ყველაფრის ხელნაწერი მაქვს შინ. ზოგან თარიღები არ მიწერია და…
თუ ასე შეიძლება, ბოლო ლექსს გეტყვით. ათვლა პირუკუ იყოს. მინიმაა კვირის წირვიდან:

***
ერთი ნატეხი პური,
ერთი ყლუპი ღვინო
და ერთი ლუკმა ღმერთი – გამიყავი რა!

შთაგონებაროგორ მუშაობთ, როგორც შემოქმედი?
– ყველა შემოქმედი, თუ მისი მიზანი მშვენიერის და ამაღლებულის ძიებაა – ჩემთვის მშვენიერია. ზოგჯერ ვწერ რაღაცას, რომელიც უფრო მეტად სოციალურ თემატიკას ეხება და ნაკლებად მეჩვენება ამაღლებულად. ასეც ხდება. პოსტმოდერნული ეპოქაა. საზოგადოდ მწერალი, მართალია თავის ეპოქას პასუხობს, მაგრამ იგი, რაღაც კუთხით, განზეც უნდა იდგეს. არ შეიძლება კარგი მწერალი ეპოქამ ამოწუროს.
ტკივილიც აწერინებს ადამიანს, მაგრამ – სიხარულიც. აი, გრანელის პოეზია რა ცრემლნარევია?! ჭილაძესთან უფრო ფარული სიხარულია. მე ასე ვხედავ მათს ქართულ სინამდვილეს.
ზოგჯერ, სადმე მატარებელში ან ავტობუსში, მოვა რაღაც აზრი, გონებაში რჩება, ვიდრე ფურცელზე გადავიტან. ეს ჩვეულებრივი ექსტაზის მდგომარეობაა. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ეწვევა ხოლმე იგი. საოცარია სიტყვის დაბადება. როცა სიტყვას კვლავ სიტყვა მოსდევს და ადამიანი ქმნის ტექსტს, თითქოს ქსოვდეს უხილავი ძაფებით… ეს განცდაც კი, ეს განწყობაც – უკვე შინაგანი პოეზიაა. ქარის ქროლა, ნელი გათენება, ფერადი ყვავილი ძველისძველ ქოთანში, ღია სარკმელი, ხის იატაკის ჭრაჭუნი – ამ ყველაფერზე შემიძლია სულ ვწერდე. ეს ხომ ყოვლადწმინდა შეგრძნებებია!
ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობთ. როდის გადაწყვიტეთ, რომ საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარებდით? იპოვეთ თქვენი მოწოდება?
– რთული შეკითხვაა. ფარულ სურვილზე ზემოთ ვახსენე და… ალბათ ეს არის მოწოდებაც. თუმცა ათენური გამოცდილება, გარემო, პედაგოგები – ძალიან დამეხმარა პიროვნულ ზრდაში. 2016 წელს გადაწყდა ჩემი წასვლა, რაშიც გულწრფელად ვმადლობ ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა. ეს იყო საუცხოო შანსი, მაგრამ პასუხისმგებლობაც. ჩვენ ხომ საქართველოს წარვადგენთ, სადაც არ უნდა მივდიოდეთ?!
უცხო ქვეყნის ენასთან და კულტურასთან ზიარებამ სხვა შრეები გახსნა ჩემს გონებაში, თუმცა, ჩემი გული მუდამ ჩემს სამშობლო ეკუთვნის.
 ათენი და მანდაური პირველი შთაბეჭდილებები
– ენის ყოფიერებაში შესვლა – ეს იყო ნამდვილი ხელოვნება. ვეცადე, ამ საქმეს შემოქმედებითად მივდგომოდი. ვწერდი ბევრს, რომ მესწავლა. მე ასე უფრო ვმუშაობ. არიან უფრო გონებაგამჭრიახი ადამიანები – რომელთაც სულ რამდენიმე წაკითხვა ჰყოფნით სიტყვის სასწავლად. თუმცა, ენას ბოლომდე ვერასდროს ისწავლი, ეს დაუსრულებელი პროცესია.
ვეცადე, ჩემი ენაც გამეზიარებინა სხვათათვის. ერთხელ, მახსოვს, დაფაზე დავწერე ქართულად სახელები… სტუდენტები უცქერდნენ და მოსწონდათ, მთხოვდნენ, ყველას სახელი დამეწერა – ცალ-ცალკე… ჩემმა ფრანგული ენის ლექტორმა – ყვავილებს ჰგვანანო, – ასე მითხრა. მეამა. თან, როცა გაიგეს, რომ სამი დამწერლობა გვაქვს, ხომ წარმოგიდგენიათ მათი რეაქცია?!
მახსოვს კუნძული ეგინა. იქაური სილამაზე… საოცარია ელადის (მიყვარს, როცა ამ ქვეყნის სახელს არ ვთარგმნი) ზღვა, მისი მზე… ადამიანები – რომელთა წინაპრებს ჩვენს წინაპრებთან უამრავი საერთო ჰქონიათ… პირველივე დღიდან ვაკეთებ ჩანაწერებს, აქაურ გარემოზე, ჩემს შთაბეჭდილებებზე… ერთ-ერთმა ნოველამ „ლურჯი ფერის ქრისტეები” რაღაც მცირე კონკურსშიც გაიმარჯვა… ნოველაში ვყვები კვირის წირვებზე მოსულ ბავშვებზე, რომელთაც ჩემთან თამაში განსაკუთრებით უყვართ!
მიყვარს სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შეკრებილ ახალგაზრდებს სიამოვნებით და უანგაროდ გვმასპინძლობენ ჩვენი ბერძენი მახლობლები. ერთ-ერთ მონასტერში წავაწყდი ქართულ ბროშურას, სადაც წმინდა ნინოზე და ქეთევან წამებულზე იყო მოთხრობილი. იქაურ მკვიდრებს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მოვუყევი ამ ადამიანებზე… ეს იყო ნამდვილი ბედნიერება!
საქართველოს ძალიან ცუდად იცნობენ, და ეს პირველ რიგში ჩვენთვის არის გამოწვევა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. თუმცა, რასაკვირველია, პიროვნული წინსვლის გარეშე ეს ვერ მოხდება.
არ დამავიწყდება ქართველ სტუდენტთა მხარდაჭერა ჩვენი ჩასვლის (იმ წელს ჩემთან ერთად სხვა ქართველმა სტუდენტებმაც დაიწყეს სწავლა) პირველივე დღეებიდან და ჩემი რამდენიმე ქართველი მეგობრისა, რომლებიც უკვე წლებია ელადაში ცხოვრობენ…
რა შეიცვალა თქვენს განწყობაში, როცა უცხოეთში განაგრძობთ ლექსების წერას?
– ერთხელ სოფოკლეს ძეგლთან ჩავიარე, თან გუნებაში რაღაც მეტაფორას ვქსოვდი… ერთმა ბერძენმა ქალმა ჩაიარა ზუსტას იმ წამს ძეგლთან და დამებადა :
„აქ ვიღაც ქალმა ჩაიარა სოფოკლეს ძეგლთან
და უნებურად ააყოლა სიმაღლეს თვალი”.
ეს ლექსი, საბოლოოდ კუნძულ ეგინაზე დასრულდა და ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ნიშნად, ნიშნად ამ ურთიერთობის პატივისცემისა, შევა ჩემს პაწია წიგნში, თუ ოდესმე მეღირსა ამ ოცნების ხორცშესხმა.
საინტერესო ამბავი, ლექსის წერას რომ უკავშირდებოდეს, თუნდაც ერთი ლექსის დაწერის ისტორია
– ისევ მინიმაზე შევჩერდები. ლექსის ყველა ფორმა მიცდია. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ფორმასა და შინაარსს შორის მიმართება პირობითია. ვგულისხმობ იმას, რომ კონვენციური ლექსი, რომელიც ისე თუ ასე დომინირებდა მთელი მე-20 საუკუნე, არ არის სავალდებულო უკვე დღეს პოსტმოდერნულ ეპოქაში. შინაარსს რა ფორმაც გინდა – მიეცი. მაგრამ არც ის ივარგებს, მხოლოდ აზრი გამოთქვა და სალექსო ფორმა სულ უკუაგდო. აქ რაღაც „ოქროს შუალედია“ საპოვნელი. ჩემთვის რაღაცნაირად თავისთავადი და ცხადია ყველაფერი.
როცა წერას ვიწყებ, ვგრძნობ, რომელი სიტყვა მჭირდება და რომელი სიტყვა დაარღვევს მელოდიის ქსოვილს. თუმცა, საშინელი სმენა მაქვს, მაინც… პოეზიაში სხვა გახსნაა!
ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ მინიმები, თეთრი ლექსები, შევუზავოთ იგი ქართულ კულტურას, ქართულ სიტყვას, მეტაფორას, ექსპრესიონიზმს.
ეს ლექსი დაიბადა მაშინ, როცა ბებომ მთხოვა სათავსოდან მურაბა მომეტანა. მივედი მესამე თაროსთან, რომელსაც ადრე ფეხის წვერებზე აწეული თუ მივწვდებოდი და ახლა უკვე დავიხარე. გესმით?! დავიხარე. კი არ ავწვდი?! დავწვდი… აქ არის უკვე შინაარსი – გარდასული ბავშვობა. ახლა უკვე პროზად მოგიყევით.
ამ შემთხევაში ფორმა მინიმაა. შეიძლებოდა სხვაგვარადაც მომხდარიყო.
***
ლეღვის მურაბად
შემოუდგამს ბებოს თაროზე
ფეხის წვერებზე აწეული
ბავშვობის სევდა…

ვინ იყო ბიძა, რომელსაც ხშირად ახსენებთ?
– მამას ძმა. ჩემი მოურჩენელი იარა. გულგაგლეჯილად მიყვარდა, მანაც ასეთი სიყვარული იცოდა. ჩვენ პირველ რიგში საუკეთესო მეგობრები ვიყავით! წერილებს ვწერ ხშირად… იცოდით, რომ უფალი ყოველთვის აკითხებს იქაურ შვილებს აქაური შვილების გაგზავნილ წერილებს?!
რა არის თქვენთვის პოეზია?
– სიცოცხლე! მშვენიერება! მელოდია! ის, რის გარეშეც სამყარო ვერ იარსებებდა, არათუ მოსაწყენი იქნებოდა მასში სიცოცხლე. წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს არ ჰყავდეს – შექსპირი. ან არ ვიცოდეთ, როგორ გააქვს წკაპაწკუპი გაზაფხულის პირველ წვიმას ჩვენი სახლის სახურავებზე?! აქ ყველგან პოეზიაა. პოეზიაა ცვრით მირონცხება გათენებისას. პოეზიაა ბგერა, რომელიც იბადება, და ბგერა, რომელიც უკან დარჩა, და ვეღარასდროს დააბრუნებ.  და თვით ის ბგერაც კი – რომელიც ეს-ესაა უნდა დაიბადოს!
შორიდან დანახული საქართველო?
– თვითმფრინავიდან რომ გადმოვხედე – ისეთი პატარა მეჩვენა. როცა სახლში ვარ – უკიდეგანო მგონია. ერთგან ვწერ, რომ სამშობლო ორი ხელით საჭმელი მიწაა. ასე მწამს – შორიდანაც და ახლოდანც. ის პეშვზე ეტევა.
მისით ვარ, ვინც ვარ. არ არსებობს სხვა ეროვნების ალექსანდრე – და მადლობა ღმერთს, რომ კონკრეტულ კულტურაში, ეთნოსში, დროსა და სივრცეში გამომგზავნა.
ღვთისმეტყველი წმინდა მამები, რომელი დგას თქვენთან ახლოს?
– მოციქულთა შორის – პეტრე. მისი ცრემლი ყველაზე ცხელია. სხვა წმინდანთა შორის – წმინდა ნინო. 15 წლის ბავშვი, რომელიც საქართველოს მოაქცევს. როგორ შეიძლება გულმა ამას გაუძლოს?!
გრიგოლ ნოსელი მიყვარს კიდევ რაღაცნაირად. მისი „შესაქმესათვის კაცისა” ნამდვილი სამაგიდო ენციკლოპედიაა ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში და არა მარტო. და ნეტარი ავგუსტინე, თავისი საუცხოო „აღსარებანით”.
ჰობი
– არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიტყვა ჰობი მიწასთან მუშაობას. მაგრამ ეს ისაა, რის გარეშეც ნამდვილად არ შემიძლია. მიყვარს ყვავილები! საოცრად! კიდევ – ფრანგული ფილმები – ამ ბოლოს უფრო მეტად. მიყვარს მუსიკა – განსაკუთრებით ლისტისა და შოპენის კომპოზიციები. მიყვარს ჰამლეტ გონაშვილის „მრავალჟამიერი” და „ჩაკრულო”.
ვთამაშობ და ვუყურებ ფეხბურთს. მიყვარს მხატვრები: გოგენი, ბუგერო, პიკასოს – ლურჯი ფერის ეპოქა მხოლოდ. ლურჯი, იისფერი და მწვანე – საყვარელი ფერებია ჩემი. ისე საყვარელი ფერის ქონაც საქმეა რა! ხომ გახსოვთ, „პატარა უფლისწული” როგორ ამბობს ამაზე…
ერთი ლექსი

***
აქ ყვავილები ლოცულობენ ცის მოიმედე.
თითქო მათ გულზე გაუვლია ფეხით მაცხოვარს.
შეუცნობელი სიჩუმისთვის რად გაიმეტეს?!
ჰგვანან ისინი მიმოფანტულს ველ-მინდვრად ცხოვარს!

ხელში მიჭირავს ცხელი ტანი ახლა ქაშვეთის
და მიტოვებულ სოფლებისკენ ბზის ტოტი მიმაქვს.
ქვაფენილებზე დაფენილი იები მშვენის
და თავშლებიდან მომღიმარი თვალების მირქმა!

როს ამორძალნი კოლხეთიდან მერნებით მოვლენ.
მიწა ყვავილებს მათ გაუფენს ნაზ საქმროებად.
ვით ესალბუნოს ამოშანთულ ძუძუებს თოვლი
და ჰერმოდონტის კუნძულების ამზეურება?!

შორს, კბოდეებში, თავს დაიხრჩობს ღამის არაკი
და ალიონზე მოვუყვებით გამდინარე წყალს,
თუ როგორ გვიყვარს ჩვენ მეგრულად კვლავ ლაპარაკი
და აფხაზეთის მიწა გვტკივა სისხლით ნარეცხი!

ნაფრესკალებში ვინ ჩაღვენთა სიწმინდე სანთლის?!
ბავშვის გულივით წრფელი არის ჩიტების დილა.
მოვა ქალწული, ქართულ ვენახს რტოებს აათლის,
სპილენძის კერპი ვაზის ჯვარით დაიჩრდილება!..

მე სასაფლაოდ ლურჯ იების სიჩუმეც მყოფნის.
სული ვერ ითმენს, დაიღუპოს თუნდ ერთი ჩიტი…
და ტყის ტაძარში ერთი ხე რომ მეორეს ჰკოცნის,
ჩვენ ერთმანეთის სიყვარული რად გვეშინია?!

სამომავლო გეგმები
– მსურს, დავასრულო სწავლა ათენში და მერე აუცილებლად დავბრუნდე ჩემს სამშობლოში, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვა ადამიანებს, როგორც ახლა მიზიარებენ თავად მე…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები