თელავში – დიდი თეატრალური ტრადიციების ქალაქში დაიბადა. ოჯახიდან დაიწყო ხელოვნების სიყვარული. მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში.
1992 წელს დაამთავრა თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი.
1993 წლიდან კი 23 წლის ახალგაზრდა უკვე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 27 წელია დევნილი თეატრის სცენაზე თამაშობს.
10 წლის მანძილზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის“ მსახიობი იყო.
მისი სცენური გმირების სამყარო მრავალფეროვანია, ტრაგიკული და კომედიური სახასიათო როლებით.
წარმატებით მოღვაწეობს ესტრადაზეც. 2003 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და საესტრადო კონკურსების ლაურეატი.
მღერის, წერს, შესანიშნავად კითხულობს ლექსებს…
22 იანვარს მისი 50 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო გაიმართა დოდო ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე. იმ დღეს უამრავი მილოცვა და ლამაზი სურვილები მიიღო.
ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი ნატვრაა, სოხუმსა და ცხინვალში სპექტაკლების თამაში, მისი ცხოვრების მთავარი და საყვარელი როლი კი მამის მოსახელე შვილია. – მამუკა პავლიაშვილის პერსონა.
– თელავში დაიბადეთ და გაიზარდეთ. დედამ შეგაყვარათ ლიტერატურა…
– დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ყველაზე ლამაზ ქალაქში, თელავის უძველეს უბანში. ბავშვობის უდარდელი წლები გავატერე იქ და ჩემი მშობლიური მეექვსე სკოლაც წარჩინებით დავამთავრე.
ჩემს მშობლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ხელოვნებასთან, მაგრამ არასდროს გაუწევიათ წინააღმდეგობა, საარტისტოზე ჩაბარება რომ გადავწყვიტე. თუმცა დედას, ზურიკელას ბებიასავით, უნდოდა, „დოხტური“ გამოვსულიყავი და ბავშვობაში ფონენდოსკოპიც მიყიდა, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ? მერე თვითონვე მოუწია წნევის გაზომვისთვის გამოყენება.
დედამ მიმიყვანა გიტრის წრეზეც და აქედან დაიწყო ჩემი გზა ხელოვნებისკენ. ისე, როგორ დიდ კვალს ტოვებს ის წლები ადამიანში, რომ ვფიქრობ, სიკვდილის წინ მხოლოდ ბავშვობას იხსენებს გულიც და გონებაც.
– თქვენი მასწავლებლების მოგონებით, სკოლაში ლიტერატურული, მუსიკალური თუ თეატრალური საღამოები თქვენი ინიციატივით ტარდებოდა… პირველი როლებიც ალბათ სკოლიდან იწყება…
– სკოლაში ბევრს ვთამაშობდი, ვკითხულობდი ლექსებს, მაგრამ ძირითადად სიმღერით ვიყავი დაკავებული. დღემდე სანატრელი ლუარსაბის როლიც, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, სკოლაში ვითამაშე.
– 1992 წელს დაამთავრეთ თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. რა იყო საინტერესო სტუდენტობიდან?
– შემდეგ იყო სტუდენტობის ულამაზესი წლები და ახალი მეგობრები, რომლებიც დღემდე ვაგრძელებთ ურთიერთობას. წელსაც, ჩემს საიუბილეო საღამოზე, იმ დროის მთელი საესტრადო სასწავლებელი იყო მოსული.
– თქვენი პედაგოგის, ირინე გუდაძის რეკომენდაციით მოხვდით ცხინვალის თეატრში. თქვენს ბიოგრაფიაში არის კურიოზი, „ბახტრიონში“ ავად გამხდარი მსახიობის ნაცვლად მეომრის როლი ითამაშეთ და ფატობრივად ამით დაიწყო თქვენი დიდი გზა თეატრში…
– კი, ასე უცნაურად დაიწყო და აგერ უკვე თითქმის სამი ათეული წელია გრძელდება.
– საინტერესოა, რომ თელავში დაბადებული კაცი მოხვდით ცხინვალისა და სოხუმის თეატრებში, ისე რომ ეს ქალაქები არ გინახავთ… რა განცდა იყო დევნილი თეატრების სცენაზე გამოსვლა?
– ყველაზე დიდი განცდა, იმედია, წინ მელოდება, როდესაც ცხინვალში და სოხუმში ვითამაშებ სპექტაკლებს! ღმერთო, ამისრულე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნატვრა!
სახლიც ავაშენე და ხეც დამირგავს,
კაციც გავუზარდე მამულს,
დიდ სიყვარულშიც გამმართლებია,
ერთი ნატვრაღა აქვს ამ გულს!
თითო სპექტაკლი რომ ვუთამაშო
ჩემს ცხინვალსა და სოხუმს!
– ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსახიობმა უამრავი სახასიათო როლი შეასრულეთ, დრამატულიც და კომედიურიც. ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რომ თქვენს თამაშს ხელოვნურობა და სიყალბე არ ურევია. რაზეა დამოკიდებული გულწრფელობა სცენაზე?
– ნიჭზე! მთელი ცხოვრება, უპირველესად უფალს ვმადლი იმ ნიჭისთვის, რომელმაც ქართული თეატრის პატარა ნაწილად მაქცია. იცით, პროფესია შეიძლება ისწავლო, მაგრამ არის ის სხივი, რომელსაც ხიბლს უწოდებენ, რომელიც ძალიან საჭიროა სცენაზე და ის არ ისწავლება.
უამრავი მსახიობი ვიცი, თუნდაც ქართულ თეატრში, პროფესიულად მუშაობს სცენაზე, დიახ, მუშაობს და არა – თამაშობს! მე მიყვარს მოთამაშე არტისტები!
– 27 წელია ცხინვალის თეატრში ხართ. „ბერიკონი“, „კომბლე“, საახალწლო ზღაპარი“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „მესამე სიტყვა“, „ოტელო და ევა“, „დარისპანის გასაჭირი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“… თუ გითამაშიათ ისეთი სცენები, რაც ცხოვრებაშიც გადაგხდენიათ თავს?
– არ ვიქნები განსხვავებული და, როგორც ყველა არტისტს, ამ შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვს, მეც ყველა ჩემი როლი მიყვარს, რადგან, როგორც მწერლები თქვენს წიგნს შვილს უწოდებთ, ასე ვართ ჩვენც. ჯერჯერობით არ მითამაშია ჩემს პიროვნებასთან ახლოს მყოფი როლი.
– თქვენ მიერ შესრულებული საყვარელი როლი….
– ჩემი ცხოვრების მთავარი და საყვარელი როლი ჩემი შვილია!
– მსახიობის ცხოვრება?..
– მსახიობის ცხოვრება ერთი დიდი საინტერესო ზღაპარია და ალბათ ეს იზიდავთ ახალგაზრდების უმრავლესობას, როდესაც მსახიობობაზე ოცნებობენ.
– დრამატურგია თეატრის განუყრელი ნაწილია. რატომაა, რომ ამ მხრივ სიმწირეა და კლასიკური პიესები ნაკლებად იწერება?
– განუყრელი და მე ვიტყოდი – მთავარიც, რადგან სცენაზე, მნიშვნელოვანია ამბავი, რომელსაც ვთამაშობთ! კლასიკოსი და კლასიკურობა დრომ უნდა გამოსცადოს და აღიაროს! დღეს ამ მხრივ აშკარად ცუდადაა საქმე ჩვენთან… დაიწერება ალბათ!
– სიმღერა და თეატრი – სიმღერით დაიწყეთ, დაბოლოს, თეატრში დარჩით. ანუ ღალატი გამოგივიდათ?
– სცენისთვის ხომ არ მიღალატია და… ღალატი იქნებოდა სცენიდან კოსმონავტიკაში რომ წავსულიყავი..
– ლექსებსაც წერთ… სევდიანია „თელავის დამასველოს წვიმამ“… თელავი ალბათ სულ გენატრებათ… რას შეცვლიდით, ახლიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას?
– ლექსი ხმამაღალი ნათქვამია, მე მათ ლექსუკებს ვეძახი. კიი, სულ მენატრება და თან – ჩემი ბავშვობის თელავი… თოვლიანი, ციგაობით ახმაურებული უბნებით, ცოცხალი მშობლებით… ვიცი, ცხოვრებას ვერ დავიწყებ თავიდან, ამიტომ…
– ჰობი…
– ჩემს საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ ჰობისთვის არ მცალია.
ისე, ბავშვობაში მარკებს, სიგარეტებს და საპნებს ვაგროვებდი. საპნების ეს კოლექცია კი გამოგვადგა 90-იანებში გაჭირვების დროს.
– ოჯახი…
– ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება, ჩემი ოჯახია! მაია შაშვიაშვილი, ჩემი უკანასკნელი სიყვარულიც კახელია და ასე ლამაზად და შეხმატკბილებულად ვზრდით 23 წლის, უმცროს მამუკა პავლიაშვილს.
შვილმა დედის პროფესია აირჩია (რამაც უზომოდ გამახარა) და ფსიქოლოგიის დიდ გზას დაადგა
– ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმები.
– სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის გამო, სამომავლო გეგმებს სხვა (რეჟისორი) გვიგეგმავს და ამას, ახლა კორონაც დაემატა…
– თქვენი 50 წლის აღსანიშნავი საიუბილეო საღამო გაიმართა დოდო ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე…
– წლევანდელი 22 იანვარი სამუდამოდ დარჩება ჩემი ცხოვრების უბედნიერეს დღედ! ესაა განცდა, რომელსაც ვეღარ გავიმეორებ, ამიტომაც სცენაზეც ვთქვი, ესაა პირველი და უკანასკნელი საიუბილეო საღამო! მხოლოდ 100 წლის თუ შევსრულდი, მაშინ…
იმედია, მალე შევხვდებით თეატრში!
თამარ შაიშმელაშვილი