პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელმაც 2 ტრანსგენდერ ქალზე იძალადა

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები