თბილისში დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნულ–ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა – დაწყებითების მასწავლებლად, ტურისტულ სააგენტოშიც… 6 წელი ჟურნალ „დიალოგის“ ჟურნალისტი იყო. შემდეგ ჟურნალ „ცნობის ფურცელში“ – ფოტოგრაფი. ამბობს, რომ ფოტოგრაფია აგერ უკვე 20 წელია ძალიან უყვარს.
სულ 4 წელია, როგორც თვითონ უწოდებს, ჩხირკედელაობა დაიწყო. სადღესასწაულო ცენტრის მენეჯერია, თან ხელსაქმესაც არ ღალატობს.
„იმ წელს დასასველებლად ვერსად წავედი ზაფხურში, ამდენი თავისუფალი დრო არასდროს მქონია, ჰოდა, სწორად თავისუფალმა დრომ გადამაწყვეტინა, რაღაც გამეკეთებინა და დავიწყე ბოთლების გაფორმება. აქედან დაიწყო და დაიწყო“… – ნინო ოშხერელის პერსონა.
– მყავს დედა და მამა, საუკეთესოები და მოსიყვარულენი. ყველაფერი კარგად მახსენდება. ჩემს მშობლებს ალბათ, პირიქით, „ცუდად“ ახსენდებათ ჩემი ბავშვობა. ძალიან ხიფათიანი ვიყავი, შუბლი, მუხლები, ხელი გაკერილი, ფეხი მოტეხილი… მაგრამ… ბავშვობა ძალიან ხალისიანი მქონდა – ცელქი, მოუსვენარი, ფერადი, ლამაზი, არ ვიცი, რაც კი დადებითი სიტყვა არსებობს, ყველაფერი მემეტება.
უპრობლემო ბავშვი ვიყავი, ყველაფერზე კმაყოფილი, ფეხები არასდროს გამიფიჩინებია, ოქროს თევზები მინდა-მეთქი. ერთადერთი ოცნება მქონდა, ძაღლი მინდოდა მყოლოდა, დღემდე ვერ ავიხდინე. დედა აპროტესტებს სახლში ძაღლს.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნულ–ქართული ფილოლოგიური დაამთავრეთ. ხელსაქმე მაშინაც გიყვარდათ?
– ჯგუფში სულ გოგოები ვიყავით, ლექციების მერე დღე არ გავიდოდა, რომ სადმე არ წავსულიყავით. კარგი იყო და საინტერესო, თუმცა სკოლა უფრო კარგად მახსოვს და მახსენდება, ვიდრე სტუდენტობა…
მაშინ არ მიყვარდა ხელსაქმე, ღილის დაკერებაც არ ვიცოდი. უფრო ფოტოგრაფია მიტაცებდა. დღემდე მომყვება ფოტოგრაფიის სიყვარული.
– სხვადასხვა სამსახური გქონდათ. მუშაობდით მასწავლებლადაც, ჟურნალისტადაც…
– დაწყებითების მასწავლებლად 4 თვე ვიმუშავე, ძალიან მიყვარს ბავშვები და ეს ჩემი პაწაწუნები ისე მავსებდნენ და მახალისებდნენ, სახლში წამოსვლა არ მინდოდა. სკოლიდან რომ წამოვედი, ერთად ვტიროდით მეც და ჩემი ბავშვებიც.
ჟურნალ „დიალოგში“ დიდხანს, დაახლოებით 7 წელი, ვიმუშავე,.. ამ ხნის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და უამრავ საინტერესო და გამოჩენილ ადამიანს შევხვდი.
– გიყვართ ფოტოგრაფია, თითქმის 20 წელიო, ამბობთ. ერთხანს ფოტოხელოვანადაც მუშაობდით…
– რასაც თვალი დაიჭერს, ყველაფერს ვიღებ, არ ვარ ჩაფრენილი რომელიმე ჟანრს. არ მესმის ბოლომდე, რას ნიშნავს პეიზაჟისტი, პორტრეტისტი, მაკროისტი…
ყველა ჩემი გადაღებული ფოტო მიყვარს. ყოველი ფოტოს გადაღებისას ენერგიის რაღაც ნაწილი ხომ იხარჯება? ეს ენერგია ჩემი ნაწილია და ე.ი. ჩემს ნაწილს ვდებ თითოეულ კადრში. ამიტომაც მიყვარს.
გამოფენას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვგეგმავ. აი, ასეთი წრე გამოდის – არის დრო, არ არის ფული. არის ფული – არ არის დრო.
– 4 წელია ხელსაქმემ გაგიტაცათ და უკვე საინტერესო ნამუშევრები შექმენით.…
– ჩემი ბავშვობის მეგობარს ვეხმარებოდი თოჯინების გაკეთებაში. ოღონდ სულ მეზარებოდა, ძალით ვაკეთებდი, უფრო სწორად – ხათრით… მერე ნელ-ნელა მომეწონა ეს საქმიანობა და. ასე ვთქვათ, ჩამითრია.
– ულამაზესებია ჩაის ფერის შესანახი ხის სახლუკები, ხელნაკეთი ბლოკნოტები, გაფორმებული ბოთლები… ალბათ კარანტინის დროს უფრო ინტენსიურად იმუშავეთ…
– კარანტინის დროს „ტუზი დამეცა“, ძალიან ბევრი დრო მქონდა და ბევრი რამეც გავაკეთე. დიდი დრო უნდა ამ ყველაფერს. შრომატევადია. მარტო ვმუშაობ, დამხმარეს გარეშე. ამიტომ ბევრს ვერ ვაკეთებ. როცა ვმუშაობ, აუცილებლად უნდა ვუყურებდე ფილმს… დრო ისე გადის ვერ ვიგებ, 6-7 საათი შემიძლია საერთოდ არ ავდგე სკამიდან, ყველა ნივთს, სადღაც მაინც მაქმანი ურევია. საკუთარ ტანისამოსსაც მაქმანებს ვუკეთებ ხოლმე.
რამე კონკრეტული არც ფილმი მაქვს ამოჩემებული და არც ჟანრი. მთავარია კარგი მოსასმენი იყოს.
– ხელნაკეთი უბის წიგნაკები…
– ეს, ხელნაკეთი უბის წიგნაკები „სავიზიტო ბარათივით“ არის ჩემთვის. ყველაზე მეტად ამის კეთება მომწონს. საერთოდ, ძალიან მიყვარს ვინტაჟური სტილი, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ „მაქმანომანია“ მჭირს. როგორც ფოტოგრაფიაში, აქაც არ მაქვს ერთი მიმართულება, თმის სამაგრებსაც ვაკეთებ, სამაჯურებსაც, საახალწლო სათამაშოებსაც,… ბევრ რამეს ვარ მიდებ-მოდებული.
– თქვენს ნამუშევრებს ალბათ იძენენ, გვერდიც გაქვთ?
– კი, გვერდი მაქვს: Nino’s Art – Handmade / ნინოს არტი, საკმაოდ კარგი გამოხმაურებით.
დიდი სიამოვნებაა, როცა შენს შექმნილ ნივთს იძენს ადამიანი და თან შექებასაც არ იშურებს. მადლობა თითოეულ მათგანს.
– ამჟამად?
– ამჟამად ჩაის ფერის სახლუკებზე მაქვს შეკვეთები და ამაზე ვმუშაობ.
არავის და არაფერს ვაბრალებ ფანტაზიის მოსვლას, ისე მოდის, თავისით, როცა მოეპრიანება, მთავარია, თავისუფალი დრო გამოჩნდეს და იმ წამს მობრძანდება ხოლმე
– სადღესასწაულო ცენტრის მენეჯერი ხართ… როგორ უთავსებთ ხელსაქმეს და სამსახურს?
– ძალიან ძნელად. მოვდივარ სამსახურიდან დაღლილი და მაინც მივუჯდები ხოლმე, შუაღამემდე. დიდი დრო უნდა ყველა დეტალს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებ.
– ოჯახი, შვილები…
– დედა-მამა და ერთი და, დაოჯახებული. მე – ჩიტივით თავისუფალი.
– სამომავლო გეგმები…
– პატარა, მაღაზიის გახსნა მინდა, სადაც ჩემი ნივთები გამოიფინება, სასიამოვნო მუსიკით, ბევრი ყვავილებით, ორი პატარა მაგიდა თავისი სკამებით და ჩაი … მაგრამ ეს, უბრალოდ – მინდა!
თამარ შაიშმელაშვილი