“ადამიანი თურმე წავიდა ღამურის დასაჭერად, რომ მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ამ ზღაპარს არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს”

“ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს”, – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ლუგარის ცენტრში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ღამურებზე მუშაობს და ამაში დასამალი არაფერია.

„ღამურები მთელი რიგი მიმართულებებით არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის. ჩვენ საქართველოში ღამურებში ​ვეძებდით, ხომ არ იყო ცოფის ან ზოგიერთი სხვა დაავადების გადამტანი. ღამურა არ აღმოჩნდა ცოფის გადამტანი. ახალ კორონავირუსებსაც ვეძებდით, მაგრამ – არა. მანამდე ოთხი სხვა კორონავირუსი, რომლის დიაგნოზსაც ჩვენ ვსვამდით, იყო. რასაც ახლა მედიასაშუალებები ავრცელებენ, რაღაც მოგონილი და თითიდან გამოწოვილია. არ ვიცი, რის გამო, ადამიანს ათქმევინეს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამაზე კომენტარიც არ შეიძლება, გაკეთდეს. ადამიანი თურმე წავიდა, რათა იქ ღამურა დაეჭირა და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა, ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისათვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში – არცევსა და ღრომში იმისთვის გადავიდა, რომ ღამურები დაეჭირა და თითოეული 5000 დოლარად გაეყიდა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები