ირაკლი კობახიძე: დავით ჭაკუა რეჟიმის დავალებების შემსრულებელი იყო და არა – თვითონ რეჟიმის ლიდერი
“დავით ჭაკუას უფროსები იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აღარ აქვთ მეხსიერება ამ ადამიანთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დავით ჭაკუა იყო რეჟიმის დავალებების შემსრულებელი და არა – ლიდერი.
„მე მახსოვს, დავით ჭაკუას უფროსები მაშინ იყვნენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აღარ აქვთ მეხსიერება ამ ადამიანთან დაკავშირებით. ჭაკუას ხელმძღვანლები და დავალებების მიმცემები იყვნენ სააკაშვილი, ბოკერია, ახალაია, ადეიშვილი და სხვები. ის იყო რეჟიმის დავალებების შემსრულებელი და არა – თვითონ რეჟიმის ლიდერი. მთავარი დამნაშავე, რაშიც არის მხილებული ჭაკუა, არის სწორედ სააკაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი, რომლებიც იყვნენ იმ სისტემის შემქმნელები, რომლის შედეგიც იყო ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და ყველა ის უბედურება, რაც გვახსოვს ჩვენ 2012 წლამდე პერიოდიდან. შესაბამისად, გასაგებია, რომ მათ არ აწყობთ იმის გახსენება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა დავით ჭაკუამ სწორედ მათივე დაკვეთით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა 3 ივლისს განახორციელეს.