“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე სქესი თანაბრად იყოს წარმოდგენილი, ორივე ხმა თანაბრად ისმოდეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძემ განმარტება გენდერული კვოტირების საკითხითან დაკავშირებით გააკეთა, რომელსაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. პოლიტიკურ სუბიექტები ვალდებულები იქნებიან, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითონ.
„რაც შეეხება გენდერულ კვოტირებას, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ პროცესში. საქართველოს პარლამენტს 3 წლის წინ ჰქონდა მცდელობა, მიეღო გენდერული კვოტირება, მაშინ, სამწუხაროდ, „ევროპული საქართველოსა“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან გამომდინარე ვერ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარლამენტი იღებს ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაყწვეტილებას, რომელიც გულისხმობს ქალთა პოლიტიკური მექანიზმების წახალისებას, ქალთა ჩართულობას.
სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეების 50 %-ზე მეტი ქალია, სასამართლო სისტემაში სხვაგვარად ხდება კარიერის დაგეგმვა და პროცედურები, რომ გახდე მოსამართლე და შემდეგ დაწინაურდე. ეს არ არის დამოკიდებული კაცებზე, რაღაცა პოლიტიკურ, თუ სხვა გადაწყვეტილებაზე. თუ ქალები ახერხებენ, სასამართლო სისტემაში იყვნენ ასეთი წარმატებულები, რატომ გვაქვს პრობლემა პარლამენტში, საკრებულოში? პარლამენტში ახლა ქალთა ჩართულობა 15 %-ია, 13 % კი – თვითმართველობაში. გენდერული კვოტირება დროებითი მექანიზმია. ბევრ ქვეყანაში არსებობს გენდერული კვოტირების ნაწილი როგორც საკანონმდებლო ნაწილში, ასევე, პარტიულში“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში სამი მოწვევის პარლამენტზეა საუბარი. მისივე თქმით, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება ქალებს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს.
„იგულისხმება 2020 -ის, 2024-ისა და 2028 -ის პარლამენტი. ჩვენ პროპორციულ ნაწილში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესი გვეყოლება. რა თქმა უნდა, აქ, პირველ ყოვლისა, ქალი იგულისხმება, რადგან ქალებს სჭირდებათ უპირველესად წახალისება და მხარდაჭერა. ეს არ ვრცელდება მაჟორიტარულ ნაწილზე. 2024-ში 150-ივე მანდატი ამ პრინციპით უნდა განაწილდეს, 2028 წლის მოწვევის პარლამენტში ყოველი მესამე უნდა იყოს. მერე უკვე დარწმუნებული ვარ, არანაირი პარტიული, თუ საკანონმდებლო კვოტების საჭიროება აღარ იქნება, იმდენად კმაყოფილი იქნება ქალი პოლიტიკოსების საქმიანობით ჩვენი ამომრჩეველი.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კანონპროექტზე, მანამდე სხვა კანონპროექტებზეც, როგორც სააარჩევნო სპეციალისტს მიწევდა მუშაობა და მიხარია, რომ გუშინ პირველი მოსმენით იქნა მიღებული და დარწმუნებული ვარ, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ.
პოლიტიკოს კაცებს, როცა საქმე საქმეზე მიდგება და სია უნდა დაიწეროს, ფაქტია, რომ ენანებათ ადგილები ქალებისთვის. არაერთხელ ვეცადეთ, რომ ეს პროცესი ბუნებრივად, თავისით დარეგულირებულიყო. იცით, გვქონდა წამახალისებელი მექნიზმები, დაფინანსების გაზრდა და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, ვცადოთ მეორე გზა, ე.წ. იძულებითი გზა. მხოლოდ 3 მოწვევის პარლამენტსა და საკრებულოზეა საუბარი, დანარჩენს, ალბათ, ქალები თავად გაართმევენ თავს. ახლა საქართველო, მისი კანონმდებლობა ვეღარ იქნება პოლიტიკოსი მამაკაცების წყალობის იმედზე, გარანტირებულად, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სია ვერ გაივლის რეგისტრაციას. პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება ამავდროულად ქალებს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს. სერიოზული პრობლემები გვაქვს ოჯახური ძალადობის კუთხით, ასევე, სხვა ბევრი მძიმე თემაა, რომელშიც პირველი მოგვარების გასაღები სწორედ ეს იქნება. ბევრი ქალი პოლიტიკაში, პარლამენტში, საკრებულოში – ეს ბევრად უკეთეს კანონმდებლობას, გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორივე სქესი თანაბრად იყოს წარმოდგენილი, ორივე ხმა თანაბრად ისმოდეს, ორივეს ინტერესი თანაბრად იყოს გათვალისწინებული. არ შეიძლება, ამომრჩევლების, მოსახლეობოს ნახევარზე მეტი , 52 %-ზე ემტი, მხოლოდ 15 %-ით იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ბოჟაძემ.
თამუნა შეყილაძე