იაგო ხვიჩია: ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავზებას არ ვიზიარებთ, არ გვინდა გატკეპნილი გზით სიარული, რომელიც ოპოზიციის დამარცხებით მთავრდება

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის იდეას „გირჩი“ არ ეთანხმება. ამის შესახებ ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ – ისე, როგორც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არ ვიზიარებთ სააკაშვილის ამ შეთავზებას იქედან გამომდინარე, რომ მექანიკურ გაერთიანებაში, ერთფერონებაში არ მგონია გამოსავალი.
საერთოდ, გვგონია, რომ თუ საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ბრძოლა იქნა ბიძინა ივანიშვილი vs მიხეილ სააკაშვილი. თუ ადამიანების თავში ჩაიჭედა, რომ ახლა არჩევანს ვაკეთებთ მიხელ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ჩვენ ეს ბრძოლაც აქამდე არაერთხელ გვინახავს და ვიცით მისი შედეგებიც.
ამიტომ, ჩვენ პირიქით ვფიქრობთ. ჩვენ გვგონია, რომ ნაკლებად უნდა დაემსგავსოს ეს ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან, ეს უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიციის, ყველასი ერთად ბრძოლა იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მათ არ მოსწონთ და იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც გაკეთილშობილების ნაცვლად ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველაფერი გააუარესა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა წარსული, გატკეპნილი გზით სიარული, რომელიც ვიცით, რომ ოპოზიციის დამარცხებით მთავრდება.

ჩვენ გვინდა, გვქონდეს საერთო მიზნები და იდეები, ოპოზიცია შეთანხმდეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში, თუ როგორ იქნება ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და ამ იდეებით გავიდეთ არჩევნებზე. შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს არაფერში ვეთანხმებით ახლა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ის გადაკვეთის წერტილები, რომლებიც განხორციელდება ოპოზიციის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ამომრჩევლებს ეცოდინებათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლება.

მიხეილ სააკაშვილს რა უნდა, მე არ ვიცი. ადამიანები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდანაც მეუბნებიან, რომ მას მხედართმთავრობა უნდა. მაგრამ,ლ ახლა არ არის მხედართმთავრობის დრო, რომ ჯარი მას ექვემდებარებოდეს და მის ბრძანებებზე დადიოდეს. ახლა არის დრო ლაპარაკის, ერთად დახსდომის და იმის წარმოდგენის, რანაირ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. თუ ამაზე შევთანხმდებით, იქ ყველა იპოვის თავის ადგილს – მიშაც, ბიძინაც, მეც და სხვებიც.

იმის გამო, რომ მაჟორიტარულ ამბებზე იყო რაღაც კონფლიქტები და ჭირდა შეთანხმების მიღწევა, „გირჩმა“ უარი თქვა თავის მაჟორიტარულ კანდიდატზე. ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას ამ კამათში, ამ მსჯელობაში, ოპოზიცია თუ შეთანხმდება, მხარს დაუჭერს ოპოზიციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ „გირჩი“ ყველა კანდიდატს დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ველოდებით ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ კანდიდატებს თბილისში. შემდეგ მე ვაპირებ, ყველა კანდიდატთან მივიდე პირადად და ვკითხო, მათ როგორი ქვეყანა უნდათ. მინდა, დაველაპარაკო ყველა კანდიდატს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციონერები არიან, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები