ალექსანდრე ბარამიძე: ოპოზიციის ერთიან სიაზე საუბარი მიზანშეწონილი არაა, მაჟორიტარულ ნაწილში კი ჯობს, ოპოზიციამ საერთო კანიდატები წარმოადგინოს

პარტია “თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციის მიერ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნის იდეას არ ეთანხმება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქართული საზოგადოებრივი აზრი ერთიანია იმ იდეის გარშემო, რომ ახალი პარლამენტი უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრის მიერ. იქ უნდა მოხვდნეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განვითარების საკითხებზე თავისი ხედვა აქვს.
8 მარტის შეთანხმების ორი ძირითადი პუნქტი იყოს ის, რომ არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული წესით 120 მანდატზე და მაჟორიტარული წესით 30 მანდატზე. მეორე ნაწილი კი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს შეეხებოდა. არჩევნების ნაწილში მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ეს სისტემა არ არის მთლად პროპორციული, მაგრამ ძალზე მიახლოებულია პორპორციულ სისტემასთან. შესაბამისად, ჩვენი იდეა არის ის, რომ ისევ და ისევ პარლამენტის დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, 4/5 დაკომპლექტდეს სწორედ პრორპორციული წესით, პარლამენტში პოლიტიკური სპექტრი რაც შეიძლება ფართოდ იყოს წარმოდგენილი. ამ იდეის მომხრე ვართ დღესაც და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ პროპორციულ ნაწილში 120 მანდატის ნაწილში ერთიან სიაზე საუბარი მიზანშეუწონელია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებში 30 მანდატს – იქ უპრიანია, რომ ოპოზიციამ წარმოადგინოს საერთო კანიდატები, რათა ეს საერთო კანდიდატები ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს და დაამარცხონ ისინი“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები