ამირან გამყრელიძე: ვიმოგზაუროთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ
„ტურიზმის გახსნა აუცილებელია, ჩვენ, თითოეულმა თქვენგანმა ზაფხულში უნდა დაისვენოთ, წახვიდეთ, იმოგზაუროთ. ძალიან კარგი სლოგანია – უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირბადის გამოყენება რიგ შემთხვევებში დახურულ სივრცეებშიც რეკომენდირებულია.
„ტურიზმის გახსნა აუცილებელია, ჩვენ, თითოეულმა თქვენგანმა ზაფხულში უნდა დაისვენოთ, წახვიდეთ, იმოგზაუროთ. ძალიან კარგი სლოგანია – უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. წელს შიდა ტურიზმს უნდა მიეცეს მეტი სტიმული, რათა მეტმა ქართველმა იმოგზაუროს და დაისვენოს, მაგრამ, ამასთან ერთად, ყველამ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით.
იგივე, ეს ეხება შიდა ტურიზმსაც, სადაც, ვთქვათ, საკვები სივრცეებია, სადაც მოგზაურობის სივრცეებია, რომ დისტანცირება, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა იყოს დაცული და მოგზაურობის პერიოდში თუ გაგიჩნდათ პირველივე სიმპტომი – ტემპერატურა, ხველა, მიმართეთ ექიმს, დარეკეთ 112-ზე, დავურეკოთ ჩვენს ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების მიხედვით.
რა თქმა უნდა, კვების დროს პირბადეს ვერ გამოიყენებთ, მაგრამ დახურულ სივრცეებში, თუ თქვენ სხვა მაგიდასთან მიბრძანდებით ან გადიხართ საპირფარეშოში, მაშინ პირბადე უნდა გეკეთოთ. ისე, რა თქმა უნდა, ჭამის დროს არ გამოიყენოთ პირბადე, თუმცა სადღაც ვნახე, ასეთი პირბადეებიც გამოდის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება.