ნეპალის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლიმ, მასობრივი საპროტესტო ტალღის ფონზე, თანამდებობა დატოვა.
პროტესტი თავდაპირველად მთავრობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმების დროებით აკრძალვას და ანტიკორუფციული გამოძიებების შეზღუდვას უკავშირდებოდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრაციები სწრაფად გადაიზარდა უფრო ფართო ანტისამთავრობო მოძრაობაში, რომლის მონაწილეები ოლის, კორუფციაში ადანაშაულებდნენ.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მისი გარემოცვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ოლიმ პარლამენტს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ „ქვეყნის სტაბილურობის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“ გადადგომას ერთადერთ გამოსავლად თვლის.
ნეპალის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები დაიწყება.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, შესაძლოა, გართულდეს, რადგან ოპოზიციური პარტიები ახალ არჩევნებს ითხოვენ.
ოლი, რომელიც ნეპალის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე თანამდებობას უკვე მესამედ იკავებდა.