“თუ დავუშვებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და საქართველოში დესტაბილიზაციას ახორციელებს, მაშინ სადაა ამ დესტაბილიზაციის ფაქტი?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანჯაფარიძე 13 ამერიკელი “რესპუბლიკელი” კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
„ეს განცხადება, რომელიც გაკეთდა რესპუბლიკური შემსწავლელი კომიტეტის მიერ,
არის მორიგი დოკუმენტი, რომელიც აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ამერიკის მიმართ არსებულ საფრთხეებს ზოგადად. იქ მიმოხილულია ამ საფრთხეების ყველა ასპექტი. ერთ-ერთ ფრაგმენტად მოხვდა საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტარტეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. არ დავიწყებ ამ ანგარიშის დეტალურად განხილვას. ვიტყვი იმას, რომ ამ დოკუმენტის მნიშვნელობის არც დაკნინება ივარგებს და არც – მისი გადაჭარბებულად შეფასება. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ეს ჯგუფი უგზავნის ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად – სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ მან ყურადღება მიაქციოს იქ წამოჭრილ საკითხებს.
ეს არის რესპუბლიკური კონგრესმენების ერთი ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა. ეს არის ძალიან კონსერვატორულად განწყობილი ჯგუფი, რომელიც ხისტი პოზიციებიდან აფასებს იმას, რაც ხდება, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ვფიქრობ, არ იქნებოდა რთული, დავუშვათ, რომ იქ ლობისტურმა კომპანიებმა იმუშავეს. არ იქნებოდა რთული, მათთვის ასეთი ნარატივი მიეწოდებინათ.
ტექსტში, ჩემი სუბიექტური აზრით, აშკარად არის აცილებები. თითქოს, ივანიშვილი რუსეთის სახელით საქართველოში დესტაბილიზაციას ახორციელებს. იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო აშშ-ის დემოკრატიული პარტნიორია და ა.შ. ანუ, თუკი იმას დავუშვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის მოკავშირე და საქართველოში ახორციელებს დესტაბილიზაციას, მაშინ სადაა ამ დესტაბილიზაციის ფაქტი? რადგანაც სწორედ მეტ-ნაკლები სტაბილურობაა ის კოზირი, რასაც მმართველი გუნდი მთელი ამ 8 წლის მანძილზე იყენებს, როგორც თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
თამუნა შეყილაძე