გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი: შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჯერჯერობით, ჰაერის ცუდი ხარისხი არ დაფიქსირებულა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროს მარინა არაბიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, ჯერჯერობით, ჰაერის ცუდი ხარისხი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ არაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში დედაქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა.
„დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ აზოტის დიოქსიდის მონაცემები, რადგან აზოტის დიოქსიდის მომატებული კონცენტრაცია დაკავშირებულია მანქანების გამონაბოლქვთან და სწორედ ამ კუთხით დაფიქსირდა მნიშვნელოვანი კლება. მაგალითისთვის, 2019 წელს 1 წლის აზოტის დიოქსიდის საშუალო წლიური კონცენტრაცია წერეთლის გამზირზე შეადგენდა 59 მიკროგრამ მეტრკუბს, მაისში – 60 მიკროგრამ მეტრკუბს და ეს ნორმას აღემატებოდა 1,5-ჯერ. 2020 წლის მარტის თვეში კი ამავე სადგურზე იყო 30 მიკროგრამ მეტრკუბი. ეს ნორმის ფარგლებშია, რადგან ნორმაა 40 მიკროგრამ მეტრკუბი და შარშანდელთან შედარებით განახევრებულია. ეს კლება გაგრძელდა აპრილშიც და იყო 26 მიკროგრამ მეტრკუბი, ხოლო მაისის თვეში 23 მიკროგრამ მეტრკუბზე ჩამოვიდა ეს მონაცემი. ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებამ მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა აზოტის დიოქსიდის კუთხით. ჩვენ სულ ვმსჯელობდით, რომ მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში იყო ტრანსპორტი და ამ მონაცემებმა დაადასტურა ეს მსჯელობა. მიმდინარე თვეებში ჰაერის კარგი ხარისხი ფიქსირდებოდა. ჯერჯერობით, ჰაერის ცუდი ხარისხი არ დაფიქსირებულა, რაც შეზღუდვები მოიხსნა. ველოდებით ივნისის თვის მონაცემებს“, – განაცხადა მარინა არაბიძემ.
თამუნა შეყილაძე