სანდრო თვალჭრელიძე: პანდემიის პირველ ტალღას კარგად დავხვდით, ვნახოთ, იქნება თუ არა მეორე ტალღა, მე, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს უცხოელებისთვის ტურისტული სეზონის გახსნა

“არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, უპირობოდ, დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ ეს ვითარება შეცვალოს, თუმცა ჩვენს ოპოზიციაში ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყანამ პანდემიის პირველ ტალღას თავი კარგად გაართვა და რომ არა ლუგარის ლაბორატორია და პროფესიონალები, ქვეყანაში რთული მდგომარეობა შეიქმნებოდა.

“საქმიან დისკუსიასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ – წვრილმან კინკლაობასთან – ხელისუფლება ოპოზიციას მუდმივად აყვედრის 9-წლიან მმართველობას, ოპოზიცია კი ხშირად მეათეხარისხოვან საკითხებს აყენებს წინა პლანზე. ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა. ვინმეს სჯერა, რომ ამომრჩეველი იჯდა და უსმენდა ამ პოლემიკას? მოსახლეობა ახლა სულ სხვა ინტერესებით ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსები ამას დაინახავენ… გახარიას დამსახურება არის ის, რომ მან, ყველა სხვა ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, უპირობოდ დაუჭირა მხარი პროფესიონალებს და მათი მითითებებით იმოქმედა. რომ არა ეს პროფესიონალები და ლუგარის ლაბორატორია, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. პანდემიის პირველ ტალღას კარგად დავხვდით. ვნახოთ, იქნება თუ არა მეორე ტალღა. მე, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს უცხოელებისთვის ტურისტული სეზონის გახსნა… რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად წარმოდგენილ გეგმას, ამ ყველაფერში მე დადებითად ვაფასებ ზოგად სტრატეგიას – ეროვნულ წარმოებაზე ორიენტაციას.

არაერთხელ მითქვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება; არაერთხელ მომიყვანია თურქეთის მაგალითიც – ამ ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მრეწველობა შესაშურად განავითარა, ჩვენ კი ეს 20 წელი დავკარგეთ, რადგან იოლი გზით გადავწყვიტეთ სიარული – გავხდით იმპორტზე დამოკიდებული. “იყიდე, გაყიდე, ჩაიდე ფული ჯიბეში” – ეს გახდა ქართული ბიზნესის კრედო, არადა, თუ მოვინდომებთ და ამას სახელმწიფოც ხელს შეუწყობს, თურმე შეგვძლებია საქმის კეთება -უმოკლეს დროში შევძელით და პირბადეებისა და დამცავი სამედიცინო საშუალებების ექსპორტი დავიწყეთ. ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ძალიან კარგი ინიციატივა იყო “აწარმოე საქართველოში”, მაგრამ მის ფარგლებში უფრო პატარ-პატარა პროექტებს ეხმარებოდნენ, ახლა საჭიროა ქვეყანაში მრეწველობა აღორძინდეს, ამისთვის კი აუცილებელია ბევრი მიმართულების განვითარება. არ შეიძლება ადგილობრივი წარმოების განვითარება მხოლოდ შემოტანილ რესურსებზე დაყრდნობით, ადგილობრივი დარგებია განსავითარებელი. ბოლოს და ბოლოს, მაღაზიაში რომ შეხვიდეთ, ქართული წარმოების ერთჯერად თეფშს ვერ ნახავთ. ვიდრე ჩვენ არ მივხვდებით, რომ ამ საქმის ხელშეწყობაა საჭირო, მანამდე არაფერი იქნება. დღეს უკვე გვესმის ამაზე ლაპარაკი, გვაქვს ხელისუფლების ხელშეწყობის რამდენიმე მაგალითიც, მაგრამ მეტია საჭირო და ეს უნდა გაგრძელდეს პანდემიის შემდეგაც… მრეწველობის განსავითარებლად აუცილებელია: პირველი – სახელმწიფოს ხელშეწყობა, მეორე – იაფი ფული და აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში. მაგალითად, ქვეყანაში ჩამოდის უცხოელი ინვესტორი და ამბობს, რომ ამა თუ იმ დარგის განვითარებაში დებს 100 მილიონ დოლარს. თქვენ გგონიათ, ამ ფულს საკუთარი საბრუნავი საშუალებიდან აიღებს? არა! ის წავა ბანკში, აიღებს იაფ კრედიტს 30 წლით და განახორციელებს ინვესტიციას, ჩვენ კი ასეთ ფულზე ხელი არ მიგვიწვდება, არადა, ეს რომ შეგვეძლოს, ბევრ რამეს თვითონ გავაკეთებდით და ინვესტორები უცხოეთში არ გვეყოლებოდა საძებნი… პრობლემაა, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაც, რომელშიც თანამედროვე ინსტრუმენტები არ არის გათვალისწინებული; ასევე – საბითუმო, კაპიტალური ბაზრის არარსებობა, რაც ასევე განსავითარებელია.

სამშენებლო ბიზნესი ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის გაჩერებაც არაერთი სხვა დარგის გაჩერებას გამოიწვევს და მისი ხელშეწყობაც ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ. ასევე უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და დასრულება. რაც შეეხება კორუფციის საფრთხეს, ასეთი საფრთხე ყველგან და ყოველთვის შეიძლება, არსებობდეს. აქ საჭიროა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების სიფხიზლე და კონტროლი. სამშენებლო მიმართულება კარგია, მაგრამ ვიმეორებ – უმნიშვნელოვანესია მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა. არ არის საკმარისი, რომ საქართველოში “ლაზიკა” და “დიდგორი” ეწყობა და უახლოეს მომავალში ელექტრომობილების წარმოებას ვიწყებთ. არ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სოფლის მეურნეობისთვის ტრაქტორებს ჩინეთში ყიდულობდეს. ლოზუნგი “აწარმოე საქართველოში” კარგია, მაგრამ ამ ლოზუნგს არ ახლავს გამართული სტრატეგია. ასე მგონია, მთავრობას არ ჰყავს მცოდნე ხალხი, რომლებიც არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ, არამედ მიკროეკონომიკურ დონეზეც მოახერხებენ სტრატეგიის დაგეგმვას. ჩემი აზრით, მთავრობის ეკონომიკური მრჩევლები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.

არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, უპირობოდ, დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებდა “ქართული ოცნება”, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ ეს ვითარება შეცვალოს, თუმცა ჩვენს ოპოზიციაში ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. არა და არ გამოჩნდა მესამე ძალა, რომელსაც წარმატების მიღწევის მეტი შანსი ექნებოდა. ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა მამუკა ხაზარაძემ. მან შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა გადაწყვიტა ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირება და დაიწყო “ქართული ოცნების” ლანძღვა, არადა, მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნელად; ელაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებდა და როგორ… იმედი მაქვს, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და რამდენიმე პატარა პარტიაც მოხვდება პარლამენტში. იქნებ მოხერხდეს და კოალიციური მთავრობაც შეიქმნას. ეს იქნებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი… გარდა ამისა, უკვე მოსაბეზრებელია პოლიტიკაში – “ქართულ ოცნებაშიც” და ოპოზიციაშიც – ერთი და იმავე, გაცვეთილი, არაფრის მთქმელი სახეების ყურება. ახალი იდეები, შინაარსი, საინტერესო პოზიცია არსად ჩანს.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიასა და რუსეთს, მათ ეს თემაა გაააქტიურეს სწორედ იმიტომ, რომ პრობლემების გადაფარვა უნდათ. ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება საკუთარი უსუსურობიდან სხვა თემებზე გადაიტანონ. რუსეთის განცხადებები ცინიკური და პოპულისტურია… ჩემი აზრით, რუსეთს ახლა სამხედრო აგრესიისა და ომისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს. მეტიც – თუ ცნობილ ამერიკელ თუ რუს პოლიტოლოგებს დავუჯერებთ, რუსეთის შეუქცევადი დაშლა უკვე დაწყებულია, რასაც მარტო თქვენ კი არა, მეც მოვესწრები…”, – განმარტავს თვალჭრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები