ნათია თურნავა: ეკონომიკის ვარდნა მოსალოდნელი იყო, მაისიც მძიმე იქნება და ივნისიც

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, აპრილში ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება მოსალოდნელი იყო. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ყველა მონაცემია იმისთვის, რომ საქართველოში 2021 ეკონომიკის ზრდის წელი იყოს.
„აპრილში 16.6 პროცენტიანი ვარდნა ეს იყო მოსალოდნელი. ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და ივნისიც მძიმე იქნება. ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში, მაგრამ ყველა მონაცემი გვაქვს იმისთვის, რომ 2021 წელი უკვე იყოს ზრდის წელი. ასეთი კონკრეტული საწარმოები, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს ესტუმრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები