მაია ბუწაშვილი: მაღალი ალბათობით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი უკან იხევს, თუმცა ეს მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია აჩვენებს, რომ, მაღალი ალბათობით, კორონავირუსი უკან იხევს. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, ეს მოდუნების შესაძლებლობას არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან კარგია, თუ შევადარებთ სხვა, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს. შეიძლება, ჩვენზე ცოტა უკეთესი ვითარება იყოს აზიის ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოში ბოლო დროს შემთხვევათა რაოდენობა ერთეულია დღე-ღამის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან იმედისმომცემია იმიტომ, რომ, მაღალი ალბათობით, ჩვენს ქვეყანაში უკან იხევს კორონავირუსი. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას.
ჯანდაცვის სისტემაც, სახელმწიფოც და თითოეული ადამიანიც მაინც უნდა იყოს მზადყოფნასა და სიფხიზლის რეჟიმში, რომ შეიძლება, მკვეთრად, უცებ დაიწყოს ისევ შემთხვევების აღმავლობა. ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა კარანტინის შერბილებასთან ერთად, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს იმას, რომ კარანტინის შერბილებას მაქსიმალურად ვეცადოთ. ამის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უნდა მოისინჯოს კარანტინის შერბილების მეთოდები და შემდეგ ძალიან ყურადღებით უნდა იქნას დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე. საჭიროების შემთხვევაში, ისევ გამკაცრება უნდა მოხდეს, თუმცა ეს, იმედია, საჭირო არ გახდება.

რაც შეეხება ცალკეულ მოქალაქეებს – სოციალური დისტანცირების პრინციპები მაინც ყველას უნდა ახსოვდეს და არ უნდა მოდუნდნენ. ბოლო დროს, თითქოს, შეიმჩნევა ის, რომ ადამიანებმა შედარებით ნაკლებად დაიწყეს სიფრთხილის ზომების გამოჩენა“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 23 – ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 647, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 372, გარდაცვლილია 11 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4461 ადამიანი იმყოფება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები