გიორგი ცუცქირიძე: გვეძლევა კარგი შანსი, მთავრობის მიერ დაანონსებული “უსაფრთხო ტურიზმის” კონცეფციაზე გადასვლით ერთდროულად რამდენიმე პოზიცია გავიმყაროთ

ანალიტიკოსი, ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე მთავრობის მიერ წარდგენილ ტურისტული ინდუსტრიის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

„ტურისტული ინდუსტრიის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, პირველ ყოვლისა, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში უკვე 15 ივნისიდან გაიხსნება, ხოლო უცხოელი ტურისტების მიღებას შევძლებთ 1-ელი ივლისიდან.
ჩვენ თუ ტურისტულ ინდუსტრიას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით განვიხილავთ, გვეძლევა კარგი შანსი, მთავრობის მიერ დღეს დაანონსებური “უსაფრთხო ტურიზმის” კონცეფციაზე გადასვლით ერთდროულად რამდენიმე პოზიცია გავიმყაროთ.
პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი, ეს არის პოსკრიზისული პერიოდის სასტარტო პოზიცია, რომელიც გვაქვს ნამდვილად კარგი და მთლიანად გამართლებული იყო სამთავრობო სტრატეგია მთელი რიგი საგადასახადო და ფინანსურ შეღავათების, დაწესებაზე, როგორც მცირე, ისე – საშუალო და შედარებით მსხვილი სიდიდის ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედი სასტუმროების თუ მომიჯნავე დარგების კომპანიებისათვის.
მეორე, ეს არის დროის ფაქტორი, ჩვენ დღეს ვართ არა უბრალოდ ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, არამედ გამოცდილებაც გვაქვს, რაც სასტუმრო ქსელების ნაწილის საკარანტინე სივრცეში ინტეგრირებამ მოგვცა და მომავალშიც დიდი მარკეტინგული დატვირთვა ექნება.
მესამე ფაქტორად უნდა გამოვყოთ შიდა ტურიზმის საკმაოდ კარგი პერსპექტივა, რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით მოკლე დროის ინტერვალში მოხდეს ამ მნიშვნელოვანი და ბოლო წლებში თავისებური გერის როლში მყოფი ტურისტული მიმართულების გაძლიერება, რაც ეკონომიკისათვის მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანს, განსაკუთრებით რეგიონალური ტყურისტული ქსელების გაფართოების თვალსაზრისით;
მეოთხე, თავად ტურისტული ინფრასტრუქტურაც ტურისტული პროდუქტებიც და ქვეყნის პოზიციონირებაც უნდა შეიცვალოს ისეთი მიმართულებების განვითარებით, რომლებიც შედარებით მაღალ დამატებულ ღირებულებას გამოიმუშავებს. მაგალითად, ამ უსაფრთხოების კონცეფციაში მთლიანად ჯდება რეკრეაციული ტურიზმი და თუ მას მწვანე ეკონომიკის კონცეფციაშიც ჩავსვამთ, რასაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ნიადაგი იძლევა, შევძლებთ მაღალხარჯვიან საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე გასვლასაც.
მეხუთე ფაქტორი იქნება თავად ეკონომიკის ტრანსფორმაცია ანუ ეკონომიკის სექტორალური გადაწყობა აგროსექტორისა და დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, ასევე ცოდნაზე დამყარებული სერვისების მიმართულებით, რომელიც გაცილებით მაღალ დამატებულ ღირებულებას ქმნის, საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს ტურიზმის მომსახურებაზე უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინება, რაც საკმაოდ დიდ 35-40 %-იან მაჩვენებელში იყო ასახული. ეს ფაქტორი საგარეო მოწყვლადობის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ტურიზმის ინდისტრია უნდა განვიხიოლოთ ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის შემადგენელ ნაწილად,რაც არა მხოლოდ გაზრდის დამატებულ ღირებულებას, გაზრდის დასაქმებასაც და, რაც მთავარია, გადავალთ უფრო სწრაფ ზრდაზე, ვიდრე აქამდე გვქონდა“, – წერს ცუცქირიძე „ფეისბუქში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები