ეკატერინე ტიკარაძე: დაბებში მდებარე სამედიცინო ობიექტებზე, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 13 000-ს ვერ აღწევს, პირველადი ჯანდაცვის საბჭო დღეს იმსჯელებს

“სამედიცინო ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 13 000-ს ვერ აღწევს, დღეს, 18:00 საათზე პირველადი ჯანდაცვის საბჭო იმსჯელებს”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას – “პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13,000-ზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ, რა ბედი ელით ამ კლინიკებსა და ამბულატორიებში დასაქმებულ პერსონალს და გადაწყვეტილების მიღების მიზანი რა იყო”.

„ჩვენ მივყვებით დადგენილებას. დღეს, საღამოს 6 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობს დაბებში და, მოსახლეობის დაფარვიდან და ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 000-ს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებულები, ისეთი დაწესებულებები დარჩებიან, როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტწილად წარმოადგენენ არასამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს, რომლებიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს განხორციელდება. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას – ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების მიმართ, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ,   იქნება დეტალური და პერსონალური განხილვები და შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები