გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები, ამ დროის მონაცემებით, არ ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი “მწვანე” სტატუსს ინარჩუნებს.
როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, ოზურგეთში ზოგადი ეპიდმდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, კარანტინში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფება.
მსგავსი მდგომარეობაა ლანჩხუთშიც. როგორც “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კარანტინში 8 ადამიანი იმყოფება, რომელიც საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების მძღოლები არიან.
“ამჟამად 8 ადამიანია კარანტინში, ისინი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები არიან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან, ზოგი სახლში იმყოფება, ვისაც სახლის პირობა არ ქონდა, ისინი გადაყვანილი არიან სასტუმროებში”, – თქვა მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება ჩოხატაურს – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანლის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, აქ თვითიზოლაციაში 11 ადამიანი იმყოფება. ჯიბუტის განმარტებით, სხვა საეჭვო შემთხვევა მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 95, გარდაცვლილია 4 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4816 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 571 პირი.
ფოტო: https://georgiantravelguide.com