გენადი არველაძე: ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს, შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მოზიდვას საქართველოს ბაზარზე
„დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მათ მოზიდვას საქართველოს ბაზარზე”, აღნიშნა ჩინეთში გამართული შეხვედრების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
როგორც გადაცემა Business Insider Georgia-ში მინისტრის მოადგილემ განმარტა, ჩინეთში კერძო სექტორის მიმართულებით გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავტოინდუსტრიას.
„კერძო სექტორთან შეხვედრებზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომლებიც ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებთან გავმართეთ. ჩინური ელექტრომობილები დღეს მოწინავე პოზიციებს იკავებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ ბაზარზეც. ამ კონტექსტში შეხვედრები გაიმართა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Xiaomi და BAIC. ორივე მათგანი ინდუსტრიის ფლაგმანია და მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ელექტრომობილების განვითარებისა და წარმოების საქმეში”, – აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ მათ კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთა.
„ამ მიმართულებით ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული შეთავაზებები იმის შესახებ, თუ რამდენად მიმზიდველია საქართველო წარმოების გადმოსატანად. ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ინვესტორებს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას უადვილებს. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის საგადასახადო წნეხს მნიშვნელოვნად ამცირებს. ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს. მათ გამოხატეს ინტერესი, რომლის საფუძველზეც საკითხის დეტალურ შესწავლას გააგრძელებენ. ბუნებრივია, მსგავსი მასშტაბური გადაწყვეტილებები ერთ დღეში არ მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები გავეცით. თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოში ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების მოსაზიდად დიდ ინტერესს შევქმნით”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.