ნათია თურნავა: 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60-დან 70 თეთრამდე ჯდება (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბირფინგზე საქართველოში დამზადებულ პირბადეების თვითღირებულებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ნედლეულის მოძიებასა და შეძენას კომერციულ ფასად ახერხებს, ხოლო 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60-დან 70 თეთრამდე ჯდება.
„დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდა მისი გარეთ გატანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ნედლეულის მოძიებასა და შეძენას კომერციულ ფასად.
სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, 1 პირბადის მხოლოდ კერვის ღირებულება 60-დან 70 თეთრამდე ჯდება, დღგ-ს ჩათვლით. მისასალმებელია, რომ პირბადეების საწყისი პარტიები სამკერვალოებმა უფასოდ დაგვიმზადეს და მოგვაწოდეს.
ჩვენ ყველა სამკერვალოს თანამშრომლობის თანაბარ პირობებს ვთავაზობთ. ვისაც აქვს სურვილი, პირბადეების გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის უწყვეტი მიწოდებისთვის ჩვენ სამკერვალოებს გაწეულ ხარჯებს ვუნაზღაურებთ. ჩვენ ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს ამ პირბადეებს. ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ბაზარი არ გაჯერდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.