ლარმა გამყარება დაიწყო – რით ხსნიან ამ ფაქტს ექსპერტები
ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარი 3.1 ლარად ივაჭრება. თითქმის 21%-იანი გაუფასურების შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო.
როგორც ეკონომისტი და საბანკო საქმის სპეციალისტი, გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, გაუფასურების ის ტრენდი, რომელიც ლარს მარტის დასაწყისში დაეწყო, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით არ იყო განპირობებული. ცუცქირიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ტურისტული ინდუსტრია თითქმის გაჩერდა და ქვეყანაში შემოსავლებმა იკლო, ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული.
„ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური ფაქტორი, რომელიც პანიკაში გადაიზარდა. იმის გამო, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა აჟიოტაჟმა დოლარზე მოთხოვნა გაზარდა“, – აცხადებს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი სწორი გამოსავალი ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებლი ინტერვენცია იყო, რაც გაკეთდა კიდეც. როგორც ცუცქირიძე აცხადებს, ლარის გამყარების მიზეზი სწორედ ეროვნული ბანკის მიერ 100 მილიონის გაყიდვა გახდა. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ მომავალში ეროვნული ბანკი მსგავს სიტუაციაში უფრო აქტიური იქნება და ჩარევას არ დააყოვნებს.