ირაკლი ჩიქოვანი: ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით სრულ მზაობას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით სრულ მზაობას გამოთქვამს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფი ტესტის მარაგების შექმნასთან დაკავშირებითაც მუშაობს.
„ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა, ასევე, არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, 48 საათის განმავლობაში კიდევ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცინო სექტორმა. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს, დღის განმავლობაში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს ანუ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების, რაც მოგვცემს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც არიან კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და შემდეგ, რა თქმა უნდა ყველა, იმ ადამიანის, ვინც ჩვენი მოქალაქეა და ჩვენს ქვეყანაშია. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას მარაგები სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.