ნათია თურნავა: ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ
“პრემიერმინისტრის დავალებითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, „აჭარა ტექსტილია”. ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ თავად ჩავა ფოთში, „აჭარა ტექსტილის” საწარმოში და პირბადეების პირველი პარტიის წარმოებას დაათვალიერებს.
მისივე თქმით, დღეისთვის პროგრამაში უკვე ჩართულია ათამდე სამკერვალო საწარმო და რამდენიმე კომპანია, რომელიც პირბადეების დამზადებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტს ახორციელებს.
„ადგილზე გვაქვს ნედლეულის საკმარისი მარაგი, რომ პირბადეების პირველი პარტიის წარმოება მოხდეს. პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტსა და ადამიანებზე, ვისაც დღეს პირბადეები ყველაზე მეტად სჭირდება და, სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, უფრო ხშირი შეხება აქვს სხვა ადამიანებთან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საუბარია მრავალჯერად პირბადეებზე, რომელსაც გამოყენების სპეციალური ინსტრუქცია ექნება. აღნიშნული ინსტრუქცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობა.
„ზოგადად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ პროგრამაში ერთვება. ბევრი კომპანია პროგრამაში უანგაროდ მონაწილეობს. იგივე „აჭარა ტექსტილმაც” გამოთქვა მზაობა, რომ გარკვეული რაოდენობა უსასყიდლოდ შეკეროს. ასევე, გარკვეულ მოცულობას უსასყიდლოდ მოგვაწვდის კომპანია, რომელიც ნედლეულის იმპორტს ახორციელებს. ეს არის სწორედ იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნებისა და პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებასა და თითოეულ ჩვენგანს ახასიათებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.