ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

“ამ ეტაპისთვის, სტაბილურია იმ ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენი ორი კი – ინფექციურ საავადმყოფოში.

„დღეისთვის, როგორც იცით, დაფიქსირდა დამატებით კიდევ 4 შემთხვევა. ამ ფაქტს ერთი დადებითი მხარე აქვს – ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან პაციენტები. ორი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი კორონავირუსის მატარებლები არიან. პირველი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი, ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას  და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შედარებით საყურადღებოა, სტაბილურია და ამ შემთხვევაშიც, ჩვენ დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები