კრისტინ ლაგარდი: თუ კორონავირუსთან ბრძოლის საჭირო ზომები დროულად არ იქნა მიღებული, 2008 წლის ფინანსური კრიზისი განმეორდება
“იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საჭირო ზომები არ იქნა მიღებული, ევროპაში ისეთი სცენარის განმეორების რისკი არსებობს, რომელიც 2008 წელს გვქონდა”, – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო კონფერენციის დროს განაცხადა, იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით.
ლაგარდმა აღნიშნა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მზად არის, უკვე მიმდინარე კვირას თავის მხრიდან გარკვეული ზომები მიიღოს.
“უარეს შემთხვევაში ეკონომიკური შოკი ხანმოკლე იქნება, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფოები მათზე სწორად და დროულად მოახდენენ რეაგირებას”, – აღნიშნა ლაგარდმა.
ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ელოდება ისეთი ზომების გატარებას, რომლებიც კორონავირუსით დაზარალებული რეგიონების ბიზნესის კრედიტირებას გულისხმობს.
მისივე თქმით, ფინანსური პრობლემები, რომლებსაც იტალია აწყდება, შესაძლოა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.