27-28 თებერვალს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 27 თებერვლის 10:00 საათიდან 28 თებერვლის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) 293-კმ-ში, სენაკი-ქვალონის სარკინიგზო გადასარბენის კმ5 პკ2-ში მდებარე ე.წ. „თეკლათის“ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის ქვეშ არსებული ლიანდაგის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტობეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოება.
სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) – სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის გზებზე.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.