კობა გვენეტაძე: ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით საქართველო 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა
„Doing Business Indicator” – ბიზნესის კეთების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ 2006 წელს 112-ე ადგილიდან 2019 წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
“კორუფციის აღქმის ინდექსის” კვლევის თანახმად, საქართველო დღეს 44-ე პოზიციაზე იმყოფება მაშინ, როდესაც 2004 წელს ის 133-ე ადგილზე იყო. ფისკალური გამჭვირვალობის პოლიტიკის შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს ბიუჯეტის ღიაობის ინდექსიც, რის შედეგადაც საქართველო ამჟამად შეფასებულ 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა“, – ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე -“უკეთესი ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობა და კორუფციის აღმოფხვრის მცდელობები შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში” – სიტყვით გამოსვლილას გააკეთა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ცენტრალურ ბანკში გატარებულ იმ რეფორმებზეც, რომლებიც მისი თქმით, აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადობისთვის.
“გამჭვირვალობასთან ერთად, მიუკერძოებელი ზედამხედველობა და საფინანსო სექტორის კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა მხარეებს შორის ურთიერთკავშირი შეიძლება მორალური რისკის წყარო გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეგულაციები სრულ შესაბამისობაშია ბაზელ III-ის პრინციპებთან. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერების, საბოლოო ბენეფიციარი მფლობელებისა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირების შესაფერისობას. ჩვენ, ასევე, არ გვაქვს არც ერთი ბანკი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კორუფციის თავიდან არიდებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ შუამავლობას ეხება. ბანკები, რომლებიც ფულის განაწილების ძირითადი წყარო არიან, დაცულები უნდა იყვნენ როგორც ინტერესთა კონფლიქტის, ისე მორალური რისკისგან, რაც, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რთულია სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.