„მე, დეპუტატი ვერ ვაღწევ სამართალს“ – ემზარ კვიციანი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს
მე, დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ვერ ვაღწევ სამართალს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა განცხადა.
კვიციანი ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
„უკვე რამდენი წელია ვიბრძვი სასამართლოებით. ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს, რომ სასამართლო თავისუფალია, მაგრამ ვერანაირად მივაღწიე სამართალს. მე, დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ვერ ვაღწევ სამართალს. ის რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო ჩემი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დღესაც გრძელდება. არავის ქონება არ უბრუნდება. დაუბრუნეს ვიღაცეებს დაჟანგული, განადგურებული მანქანები და იმით იწონებენ თავს. არაფერი კეთდება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
მე და ჩემთან დაახლოებულ პირებს, ყველას წაგვართვეს ქონება. ჩამორთმეულია ბინა, მიწები. ყველაფერი რაც მქონდა, იპოთეკით ნაყიდი მქონდა. არაფერი დამიტოვეს, რაც გამაჩნდა, ეს გააკეთა ვანო მერაბიშვილმა. ამას საფუძვლად დაუდეს სისხლის სამართლის აღძრული საქმე. შემდეგ მე ამ საქმეზე გავმართლდი. ბრალდება მომეხსნა და ქონება დღესაც წართმეულია. ვერანაირად ვერ ახერხებენ, რომ დამიბრუნონ. როგორი სიტუაციაა: სასამართლო ეუბნება პროკურატურას, არ ხართ მართლები და მოურიგდითო. სასამართლომ წესით, უნდა გააბათილოს ეს გადაწყვეტილება.
მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა არ აღმდგარა, ვისაც ქონება ჩამოართვეს, ერთ დღეს შევიკრიბოთ და ეს გავაპროტესტოთ პროკურატურასთან. იქნებ, რამე ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა კვიციანმა.