არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ჰყოფს ადამიანებს

„ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს – ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას”,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

„საქართველო ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე – გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაპატიმრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ; საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს – ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას! მინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს – თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შევქმენით ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით, შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა პარლამენტის მიერ საგარეო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული სამუშაო ემსახურებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და პარლამენტის გაძლიერებას. მისივე თქმით, საპარლამენტო დიპლომატიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, მეგობრობის ჯგუფები, საპარლამენტო დელეგაციები და პარლამენტის აპარატი. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დამტკიცდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, შეთანხმება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ”.

„საგარეო ურთიერთობების მხრივ პარლამენტის ძალისხმევა აისახა არაერთ დოკუმენტში, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სამართლებრივი ან კონკრეტული ფინანსური შედეგები. მათგან ცალკე მინდა გამოვყო 2019 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელიც წარმოადგენს აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადასტურებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები