არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

„ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი”,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საარჩევნო სისტემის, მმართველი გუნდის კომპრომისული შეთავაზებისა და ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ჩანს, ოპოზიციის ეს ნაწილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, რომ მიუხედავად დაბალი მხარდაჭერისა და უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიისა – ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ისევ შევიდნენ პარლამენტში და შეინარჩუნონ ადგილები”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ჩანს ოპონენტების სუბიექტური და ზოგჯერ დესტრუქციული დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის 2017 წელს მიცემული დაპირება მმართველმა გუნდმა შეასრულა და დღეს ქვეყანას აქვს ეროვნულ ინტერესებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა ასახული.

„კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ” გააკეთა. აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ რეფორმას. ახლა, ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც ან აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით, ან პოლიტიკური ფარისევლობით. გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას – მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი – ის ცუდია და უნდა დაიხუროს – არადემოკრატიული და არათანმიმდევრულია. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გზით შეთანხმებას 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან კომპრომისული შეთავაზება არის გაკეთებული: 100/50 თანაფარდობა ერთხელ, გარდამავალი სახით, 2020 წელს, რომელიც არსებულთან – 73/77-თან შედარებით მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის. ეს განსხვავება მეტია, ვიდრე პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის დღეს წარმოდგენილი. ოპონენტები აცხადებენ, რომ „ნებისმიერი მოდელით მოიგებენ არჩევნებს”. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია რატომ არ თანხმდებიან უკეთეს შეთავაზებას ვიდრე დღევანდელი სისტემაა.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათ პარტიებს აქვთ მაღალი მხარდაჭერა, ხოლო მათ ლიდერებს ხალხი ენდობა. ეს განცხადებებიც თქვენ არაერთხელ მოისმინეთ. მაშინ გაუგებარია რატომ არ სურთ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში. იმედია, განსხვავებული არგუმენტების შეჯერება მოხდება საბოლოოდ და შეთანხმება შესაძლებელი იქნება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დიალოგის ფასილიტატორებს – აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას და გერმანიის საელჩოს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები