ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 89 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

დიდი მეცნიერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ტექნიკური უნვერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა, ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ოთარ კვესიტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის სანჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ოთარ კვესიტაძემ ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სამეცნიერო ღვაწლსა და პიროვნულ თვისებებზე.

„ის იყო არა მხოლოდ უდიდესი მეცნიერი, არამედ დიდი ადამიანი, არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი. დღემდე მეამაყება მასთან მეგობრობა და სიხარულით მავსებს ის ფაქტი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი სახელი და ხსოვნა ცოცხალია, ასე დაფასებულია მისი ღვაწლი. რაოდენ დასანანია, რომ ასეთი მძლავრი კავშირი საქართველოს ეროვნულ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, როგორიც ქალბატონი ნანა იყო, დღეს აღარ გვყავს. ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, დაახლოებით, ერთი მესამედი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო სკოლის – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურაა. სწორედ ამიტომ, აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის კავშირების მეტად გაძლიერებაა საჭირო. დიდი სურვილი მაქვს შემოგთავაზოთ, და იმედი მაქვს ბატონი რექტორი მიიღებს ჩემს წინადადებას, დავაფუძნოთ ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია ინოვაციურ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მიმართულებით, რათა დავანახოთ საზოგადოებას და მთავრობას ჩვენი შესაძლებლობები, ის, თუ რამდენი რამ შეგვიძლია შევძინოთ ქვეყანას მეცნიერებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია”, – განაცხადა ოთარ კვესიტაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ მეცნიერებს, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ოჯახის წევრებს, ხოლო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის წინადადებას, ახალი საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნების თაობაზე, აქტუალური უწოდა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ამ იდეის გაჟღერება აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე შემთხვევით არ მომხდარა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით მომავალი საერთაშორისო კონფერენცია დიდი მეცნიერის, ნანა ხაზარაძის სახელს დაუკავშირდება.

„მადლობას მოგახსენებთ არა აქ მობრძანებისათვის, არამედ იმ შრომატევადი საქმიანობისთვის, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა გასწიეთ. შეძელით გეთქვათ სიტყვა, რომელიც საყოველთაოდ იქნა აღიარებული ისევე, როგორც ქალბატონმა ნანა ხაზარაძემ შეძლო ეს. ბატონო პრეზიდენტო, სიხარულით ვიღებთ თქვენს წინადადებას, ერთობლივად დავაფუძნოთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქალბატონი ნანა ხაზარაძის ხსოვნასა და სამეცნიერო ღვაწლს მიეძღვნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნანა ხაზარაძის ბოლოდროინდელი მრავალმხრივი და მოცულობითი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიურ ასპექტების კვლევას ეხება. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის აკადემიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იმისთვის, რომ 1990 წელს სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ისტორიის კათედრა, იმისთვის, რომ მან პირნათლად მოიხადა ვალი და აღზარდა შესანიშნავი თაობები, იმისთვის, რომ იყო ულამაზესი, უნატიფესი ქალბატონი, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებდა. როგორ შეგვიძლია უკვდავვყოთ მისი სახელი ჩვენს უნივერსიტეტში, თუ არა ამ საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნებით და მისივე სახელობის კაბინეტის გახსნით, რომელიც უახლესი ტექნიკით აღიჭურვება და სამეცნიერო კვლევების ჩატარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა პრფესორმა დავით გურგენიძემ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. უახლოეს მომავალში ეს სივრცე სტუდენტებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება სამუშაოდ და კვლევების ჩასატარებლად.

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს. 2012 წელს ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) იქნა არჩეული. ეკუთვნის 200-ზემეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია, მათგან 4 თანაავტორობით, 3 სახელმძღვანელო. მისი სტატიები დაბეჭდილია ქართულ, რუსულ და უცხოურ კრებულებში. მონაწილეობდა 128 სამეცნიერო კონფერენციასა თუ ფორუმში.

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, ნანა ხაზარაძე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი თაოსნობით, 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, შემდგომ კი არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, აქტიურად კითხულობდა ლექციებს, ამზადებდა ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს. იყო დისერტაციების ხელმძღვანელი და ოპონენტი. კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: საქართველოს ისტორია, ქართული და უცხოური წყაროები საქართველოს ისტორიის შესახებ, ძველი მსოფლიოს ისტორია (საბერძნეთი, რომი) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, გენდერი და კონფლიქტი, თეორიული კონფლიქტოლოგია, პოლიტიკური კონფლიქტები, კონფლიქტის ფსიქოლოგია.

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 2019 წლის 3 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები