ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ხელისუფლება საინიციატივო ჯგუფს ხვდება
ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს უკავშირდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, პრობლემა, რომელიც ფოთს 13 წელიწადია აწუხებს, მშვიდობიანი ფორმით და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
გუბერნატორის თქმითვე, დღეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი წევრი თავად იქნება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელი ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი მოკნიაშვილი, სურსათის ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილე ბასილ ბასილაძე, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთში თევზის მწარმოებელი ქარხნის დირექტორები, მოქალაქეები და სამოქალქო აქტივისტები ესწრებიან.
შეგახსენებთ, 24 დეკემბერს ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. ისინი ხელისუფლებისგან სათანადო ზომების გატარებას მოითხოვდნენ.
ცნობისთვის, ფოთში თევზის გადადმამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს.
ქარხნების ხელმძღვამელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.
ოთხივე კომპანია თევზჭერის ლიცენზიას ფლობს, რომელთა მოქმედების ვადა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდეა.