შეხვედრა ბულგარეთის პრეზიდენტთან

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილსა და როსენ პლევნელიევს შორის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მზაობა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ბულგარულმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ამასთან, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით, ბულგარულმა მხარემ აღნიშნა, რომ პრიორიტეტული იქნება BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები