ანკარა ვაშინგტონს „ინჯირლიკის“ ავიაბაზის დახურვით დაემუქრა
იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ანკარას რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების S-400-ის ყიდვისთვის სანქციებს დაუწესებს, თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ყველაზე ცუდ სცენარს გადავხედავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. იმ შემთხვევაში თუ აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს, დღის წესრიგზე, შესაძლოა, „ინჯირლიკის“ და „ქიურეჯიკის“ ბაზების საკითხი დადგეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეარხის A haber-ის ეთერში.
მისი თქმით, ამერიკელმა კონგრესმენებმა უნდა გაიგონ, რომ „ანკარას სხვის ნებას თავს ვერ მოახვევ“.
მოსკოვმა და ანკარამ S-400-ის მიწოდებასთან დაკავშირებით 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმეს.
თურქეთისთვის სისტემების მიწოდება ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, რამაც აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსული კომპლექსები ქვეყნის შეიარაღებაში უკვე 2020 წლის აპრილიდან იქნება აქტიურად გამოყენებადი.
ვაშინგტონი ანკარასგან გარიგებაზე უარის თქმას და ამერიკული Patriot-ების ყიდვისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის ახალი თაობის გამანადგურებლების F-35-ის მიწოდებას შეაჩერებდა, ან სანქციებს დაუწესებდა.
როგორც Anadolu-სთვის, 11 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, ანკარა რუსულ კომპლექსებზე უარის თქმას არ აპირებს.
მისი თქმით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ერთი დივიზიონი უკვე თურქეთშია და ამჟამად მისი განთავსების პროცესი მიმდინარეობს, რაც ბაზირების ადგილის განსაზღვრას და ტესტირებას გულისხმობს.
„პერსონალის სწავლების პროცესი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ამჟამად, თურქი სპეციალისტები რუსეთში იმყოფებიან. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ისინი დამატებით მომზადებას გაივლიან“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მეორე დივიზიონის მიწოდებაზე მუშაობა გრძელდება.